ეკატერინე კიკნაძე Gloria Artis-ის მედლით დაჯილდოვდა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ყოფილ დირექტორს, ეკატერინე კიკნაძეს პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის Gloria Artis-ის მედალი გადაეცა. ის პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალმა მალგოჟატა გოშევსკამ ქვეყნის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, პროფესორ პიოტრ გლინსკის სახელით დააჯილდოვა.

ფოტო: პოლონური ინსტიტუტი თბილისში

„პოლონეთის რესპუბლიკა დღეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიმბოლო მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ერთგული მეგობარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ევროინტეგრაციის პროცესში.

ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.

უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალის, ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკასა და საქართველოში პოლონეთის ელჩის, ბატონ მარიუშ მაშკევიჩის მიმართ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა და დიდი პატივისცემა დავუდასტურო პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ ლეხ კონჩაკს“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეკატერინე კიკნაძემ.

Gloria Artis-ის ჯილდო პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენია, რომელიც კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ეს ჯილდო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ ნანა შარიქაძეს გადაეცა. ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელმაც Gloria Artis-ის მედალი მიიღო.