სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალი მეცნიერების გაძლიერებისთვის

STEM მიმართულებებში ქალთა მცირედი ჩართულობა გლობალური პრობლემაა, რომელიც ლოკალურ კონტექსტში უფრო მძაფრ სურათს ქმნის. OECD, თავის კვლევებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ გოგონებს ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერის დაგეგმვაში საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები უშლის ხელს.

დღეს საქართველოში გოგონები ნაკლებად ირჩევენ ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების, მათემატიკისა და მეცნიერების სფეროს, ვიდრე ბიჭები. ეს არჩევანი ცოტათი უცნაურიც კია, იმ ფონზე, როდესაც სასკოლო ტექნიკურ საგნებში გოგონებისა და ბიჭების აკადემიური მიღწევები ძირითადად თანაბარია (PISA 2018).

2015 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში პირველი სტუდენტები მიიღო. დაფუძნების დღიდან მოყოლებული უნივერსიტეტის საზოგადოებამ მიზნად დაისახა STEM კარიერისთვის მეტი პროფესიონალი ქალი მოემზადებინა.

გასულ თვეს SDSU საქართველო კიდევ 160-მა ახალგაზრდამ დაასრულა, მათი 45% პროცენტი ქალია. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ყველაზე მაღალი (4.0 GPA) აკადემიური მიღწევების მქონე 6 სტუდენტს შორის 4 ასევე ქალია.

Forbes Woman-ი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ონლაინ შეხვდა – გოგონები ინტერვიუზე საერთაშორისო კონფერენციიდან, სამეცნიერო ლაბორატორიებიდან და ტექნოლოგიური კომპანიის ოფისიდან ჩაგვერთნენ.

ანა თორია კომაროველია და მისი პროფესიული არჩევანი ალბათ ბევრს არც გააკვირვებს. მან 2018 წელს სდსუ-ს კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩააბარა, დღეს კი საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია და ახალი ციფრული პროდუქტების განვითარებაშია ჩართული.

„ყოველთვის მიტაცებდა მათემატიკა და ფიზიკა. პროგრამირებასთან კი პირველი შეხება მეშვიდე კლასში მქონდა. იმდენად მოვიხიბლე, რომ ძალიან მინდოდა მომავალში სამივე სფეროსთან დაკავშირებული პროფესია მიმეღო. სწორედ კომპიუტერულ ინჟინერიაში ვიპოვე ეს ერთიანობა. ყოველდღიურად ახალი ტექნოლოგიური გამოგონების შესახებ ვიგებთ, ისე სწრაფად ვითარდება სფერო, ვფიქრობ, არასდროს მექნება მოწყენის საშუალება –  მუდმივად ახალი გზების ძიება, პრობლემების გადაჭრა, ხელახლა ცდა – ეს არის ის, რაც ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მხიბლავს.“

კითხვაზე, რატომ ერიდებიან მისი თანატოლი გოგონები კარიერა და პროფესიული არჩევანი დაუკავშირონ STEM-ს, ანას პირდაპირი პასუხი აქვს. მიაჩნია, რომ ჩვენთან STEM-პროფესიები ჯერ კიდევ სიახლეა და ახალგაზრდებს უჭირთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. თუმცა მიუთითებს კიდევ ერთ პრობლემაზე – დაბალ ინფორმირებას თან ახლავს საზოგადოებრივი სტერეოტიპები, რომელიც ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროს ქალებისთვის არატრადიციულ კარიერულ გზად წარმოაჩენს.

„მართალია, მათემატიკა და ფიზიკა რთული სფეროებია, თუმცა, მცდარია მოსაზრება, რომ მათ დასწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება. STEM მრავალფეროვანი და მრავალშრიანია, და სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, ჩვენს ადგილს ყოველთვის ვიპოვით სხვა წარმატებული ქალების გვერდით.“

სდსუ-ზე არჩევანის შეჩერებისას ანასთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკული ხარისხის განათლება ხელმისაწვდომ ფასად და საქართველოში მიეღო. უნივერსიტეტისგან მიღებული სასწავლო სტიპენდია კი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა. მისი შეფასებით, სან დიეგოს უნივერსიტეტს საქართველოში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება და უნივერსიტეტის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერაც გამოარჩევდა.

„კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა მოითხოვს ვრცელი თეორიული ცოდნისა და კომპლექსური პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, რაც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა – სწავლის პროცესში მრავალ დაბრკოლებას აწყდები, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი დახმარება და რჩევები მიიღო – მე კი არ მახსენდება, უკანასკნელ ოთხ წელიწადში სათანადო მხარდაჭერა არ მიმეღო, როგორც ლექტორებისა და თანატოლებისგან, ისე უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან.“

ანასთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაც. იხსენებს, რომ მისი და თანატოლების მრავალფეროვანი ინტერესები უნივერსიტეტში ყოველთვის გათვალისწინებული იყო.  სდსუ-ს მზაობა ამ მიმართულებით ყველაზე კარგად სტუდენტური კლუბებისა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაში გამოიხატებოდა.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო სტუდენტურ საბჭოში მუშაობა და ის შედეგები, რაც ჩვენს ინიციატივებს მოჰყვებოდა. აქტიურად ვიყავით ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მხარს ვუჭერდით სტუდენტებს და აქტიურად ვუწევდით ადვოკატირებას მათ ინტერესებსა და საჭიროებებს. ასევე განსაკუთრებულია ჩემთვის ტუტორად მუშაობის გამოცდილება – ჩვენ გვქონდა შანსი იმ კურსებში, რომელშიც მაღალი აკადემიური მიღწევები გვექნებოდა, სხვა სტუდენტებისთვის  მომდევნო სემესტრებში დამხმარე გაკვეთილები ჩაგვეტარებინა, რაც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა იყო.“

ანამ უნივერსიტეტი მიმდინარე წლის მაისში დაასრულა და ამ ეტაპზე მთლიანად სამუშაო და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზეა ორიენტირებული. მათემატიკასთან, ფიზიკასა და პროგრამირებასთან ერთად მის ფოკუსში უკვე ხელოვნური ინტელექტიც მოექცა – სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს ის სწავლისა და კვლევის გაგრძელებას.

ნინო მაკასარაშვილის არჩევანი, STEM-თან დაეკავშირებინა მომავალი პროფესია, ასევე სკოლაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება. საჩხერის N2 საჯარო სკოლაში სწავლისას, ის აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. XI კლასში სწავლისას თანატოლებსა და მასწავლებელთან ერთად მომზადებულმა მინი-კვლევამ სკოლას გრანტი და ქიმიის ლაბორატორია მოუტანა. მომდევნო ერთი წელი ნინომ ლაბორატორიაში იმუშავა და განახლებული კვლევა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩიში“ გამარჯვებად იქცა. შემდეგ იყო აშშ, ფენიქსში გამართული ინტელის სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა და მისი პროფესიული არჩევანიც, ბიოქიმიის საბაკალავრო პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„სკოლაში სწავლისას ძალიან მომწონდა ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა, ამიტომ, არჩევანი მედიცინაზე შევაჩერე. თუმცა, როგორც კი გავიგე, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროგრამაზე ქიმიის გარდა ფიზიკასა და მათემატიკასაც ვისწავლიდი, გადაწყვეტილება, თუ სად გავაგრძელებდი სწავლას, მარტივად მივიღე.“

გოგონების STEM-ში ჩართულობაზე ნინოსაც ვკითხეთ. ამ გამოწვევას მთავარ წყაროდ ის გარემოს ასახელებს – გვიყვება, რომ იმ გოგონებს, ვინც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს კარგად სწავლობენ, ხშირად ეუბნებიან, რომ მათ „ბიჭის ტვინი“ აქვთ ან მათი წარმატება ნიჭს კი არა, მათ მუყაით მუშაობას უკავშირდება. ნინოს აზრით, ამგვარი დამოკიდებულებები გავლენას ახდენს ახალგაზრდების არჩევანზე და უბიძგებს მათ, საზოგადოების მხრიდან გოგონებისთვის ნორმად მიჩნეულ მიმართულებაზე წავიდნენ.

„გამოსავალი მარტივია – მეტი ცოდნა და მეტი ძიება. უნდა ეცადო, იპოვო ზუსტი ინფორმაცია, სფეროს წამყვანი და გამოცდილი პროფესიონალები, ესაუბრო მათ და გაიზიარო მათი გამოცდილება. ამ შემთხვევაში, ბევრად ინფორმირებულები ვიქნებით ჩვენს კარიერულ არჩევანთან დაკავშირებით. იქნება ეს STEM თუ ნებისმიერი სხვა სფერო.“

მოულოდნელი სულაც არ იქნება, თუკი გეტყვით, რომ ნინო უნივერსიტეტში სწავლისას ქალთა გაძლიერების კლუბს ხელმძღვანელობდა და აქტიურად მუშაობდა, რათა STEM-ში ქალების როლზე ცნობიერება გაზრდილიყო. ამ მიზნით თანაკლუბელებთან ერთად  და უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარებდა კონკურსებს, სხვადასხვა ღონისძიებებსა და შეხვედრებს. ნინო თვლის, რომ STEM-ში ქალთა დაბალი ჩართულობის გამოსწორება სათანადო აქტივობებითა და კომუნიკაციითაა შესაძლებელი.

„ქალთა გაძლიერების კლუბის მიზანია წაახალისოს გოგონები, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დარგებს. ბევრ ჩვენგანს დაბრკოლებების გადალახვა გვიწვეს, რათა ავირჩიოთ STEM, როგორც პროფესია. ამ გამოწვევასთან წარმატებით გამკლავებისთვის აუცილებელია სხვების გამოცდილების გაზიარება, მაღალი ინფორმირებულობა და მეტი დისკუსია. წელს ვასრულებ სწავლას, თუმცა დარწმუნებული ვარ, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ტრადიციას და მცირე ნაბიჯებით ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერებთან და  ინჟინრებთან ერთად, იქნებიან ცვლილებების წყარო საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ.“

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების მიღმა, ნინო პროფესიული გამოცდილების გაღრმავებაზეც აქტიურად მუშაობდა. ამაში კი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმები და თავად უნივერსიტეტის რეპუტაცია ეხმარებოდა. სწავლის პერიოდშივე გაიარე სტაჟირება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ იყო ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამა EFES Georgia-ს ლაბორატორიაში.

მართალია ნინომ სწავლა გასულ თვეს დაასრულა, თუმცა დღემდე უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მის პროფესორებთან ერთად მუშაობს. ქიმიის უფრო სიღრმისეულად შესწავლას ნინო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში შეძლებს – მან უკვე მიიღო უნივერსიტეტისგან შეთავაზება, ასისტენტ-მკვლევრის პოზიციაზე გააგრძელოს საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა ანნა პავლიაშვილი, როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე მოხვდა და კარიერული არჩევანი სამშენებლო ინჟინერიაზე შეაჩერა. კომაროვში სწავლისას ანნას ინტერესები მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებას უკავშირდებოდა, თუმცა კარიერული არჩევანის გაკეთება მაინც რთული აღმოჩნდა.

„აბიტურიენტობისას ჩამოუყალიბებელი ვიყავი – ერთი მხრივ არქიტექტურა მიზიდავდა, მეორე მხრივ კი მინდოდა ფიზიკა და მათემატიკა კვლავ ყოფილიყო ჩემი საქმიანობის ნაწილი. ვფიქრობდი ბიოქიმიაზეც, თუმცა ბოლომდე ამ სფეროს ჩემს მომავალს ვერ ვუკავშირებდი. სან დიეგოში ღია კარის დღეზე ყოფნისას გავიგე, რომ სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით დაემატა ახალი პროგრამები – სამშენებლო ინჟინერია აღმოჩნდა იდეალური სფერო, რომელმაც ჩემი ცოდნისა და ინტერესების გაერთიანება შეძლო, ამასთან, შემეძლო ამერიკული ხარისხის განათლება ინგლისურ ენაზე საქართველოშივე მიმეღო – სწორედ ეს იყო საუკეთესო კომბინაცია, რამაც ამ გადაწყვეტილებისგან მიბიძგა.“

ანნა თავის პირად გამოცდილებას იხსენებს და გვეუბნება, რომ STEM პროფესიები საქართველოსთვის სიახლეა. მას მიაჩნია, რომ სასკოლო ასაკში ახალგაზრდებს ვიწრო ცნობადი სფეროები აქვთ და უკეთესი და ინფორმირებული კარიერული არჩევანისთვის მნიშვნელოვანია, ინტერესების, მიზნებისა და შესაძლებლობების შესაბამისი პროფესიები მოვიძიოთ – დღეს საქართველოში არჩევანი STEM მიმართულებებით ფართოვდება და ანნა თვლის, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

სკოლისგან განსხვავებულ სივრცეში სწავლა, დიდი მოცულობის თეორიული მასალის დამუშავება და შემდგომში მისი პრაქტიკასთან დაკავშირება ის გამოწვევებია, რასაც ანნა თავდაპირველად უნივერსიტეტში გადააწყდა.

„სწავლის პერიოდში ეს სირთულეები ნელ-ნელა მარტივდება, ამაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს პრაქტიკოს ლექტორებსა და თანატოლებს მიუძღვით. უნივერსიტეტი მოტივირებულია, სწავლის პერიოდშივე ჩაგვრთოს ჩვენი პროფესიის შესაბამის პრაქტიკულ საქმიანობაში, დაგვეხმაროს კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პრიორიტეტია ჩვენი სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერა – სწორედ უნივერსიტეტის დახმარებით ვერთვებით სამეცნიერო კონფერენციებში, მათი ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით მოხერხდა ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების დაფუძნებაც.“

ანნასთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საუნივერსიტეტო კულტურის ღირებული კომპონენტი – გამჭვირვალობა, ეს გამოიხატებოდა უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებთან ურთიერთობისას, მათი ფინანსური მხარდაჭერისა თუ სტუდენტური ინიციატივების წახალისებისას. ანნას შეფასებით, ინდივიდუალური მიდგომა, მხარდაჭერა და  სტუდენტური გამოცდილება მრავალფეროვანი იყო და წლიდან წლამდე ვითარდებოდა. ამგვარი ინიციატივის შედეგი იყო სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნებაც, რომლის თანაპრეზიდენტები ანნა და ანა ტომაში არიან.

„ძალიან ვამაყობ კურსდამთავრებულთა ასოციაციით, რომელიც ამერიკული მაგალითით შექმნილი საზოგადოებაა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ფოკუსი სტუდენტებისა და სხვა კურსდამთავრებულებისთვის ალუმნების გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგის შესაძლებლობაა. ამ დროს, ერთი მხრივ იღებ მრავალფეროვან გამოცდილებას და სხვებისთვის ამ გამოცდილების გაზიარების შანსი გეძლევა და მეორე მხრივ, მჭიდრო კავშირებს ამყარებ სფეროს სხვა პროფესიონალებთან.“

ანნა სექტემბრიდან სწავლას შვედეთში გააგრძელებს, უძრავი ქონებისა და მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს კი სრულად ფარავს შვედური მხარე. ანნა გვპირდება, რომ საქართველოში დაბრუნდება და დარგისთვის მნიშვნელოვან ევროპული გამოცდილებასაც ჩამოიტანს.

ანა ტომაშს STEM მიმართულებებით ინტერესი სკოლაში მასწავლებლებმა გაუღვივეს, განსაკუთრებით კი მათემატიკა, ფიზიკა და ბიოლოგია უყვარდა. იხსენებს, რომ ქუთაისში სწავლისას STEM მიმართულებებს ფართოდ არ იცნობდა, განსაკუთრებით კი ინჟინერიის სფეროს. თუმცა, როდესაც ჯერი პროფესიული არჩევანზე მიდგა, ანა სან დიეგოს უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის სტუდენტი გახდა.

„თავდაპირველად პროფესიამ მიმიზიდა. მიმაჩნია, რომ ელექტრული ინჟინერია ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი დარგის, ფიზიკისა და მათემატიკის პრაქტიკული რეალიზებაა. ამასთან, ძალიან მიმზიდველი იყო თავად ამერიკული საუნივერსიტეტო კულტურა და სწავლების ხარისხი, რომელსაც სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში გვთავაზობდა.“

საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები ანასთვის უცხო არ ყოფილა – ბავშვობაში ხშირად მოუსმენია, რომ „ბიჭის ტვინი ჰქონდა“. მაშინ, ეგონა, რომ ამის გამო მართლაც განსხვავებული და გამონაკლისი იყო. თუმცა დღეს იაზრებს, რომ ეს მისთვის სტრესული გამოცდილება იყო.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია ბევრი პროფესია გავიცნოთ და მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ. მარტივი ნამდვილად არ არის კარიერული არჩევანის გაკეთება. თუმცა მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვაინტერესებს ყველაზე მეტად. არავითარ შემთხვევაში დაუშვათ თვითდისკრიმინაცია – მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ საზოგადოების მიერ თავს მოხვეული ნორმები საკუთარი მომავლისთვის დაწესებულ ლიმიტებად არ აქციოთ. არაფერია შეუძლებელი, მთავარია, რის უფლებას მივცემთ ჩვენს თავს.“

საუნივერსიტეტო ცხოვრებით კმაყოფილებას, ჩვენი სხვა რესპონდენტების მსგავსად, არც ანა მალავს. პროფესიის დაუფლების პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური კლუბების მუშაობაში. უნივერსიტეტთან კავშირის გაწყვეტა არც სწავლის დასრულების შემდეგ უფიქრია. დღეს ის კურსდამთავრებულთა ასოციაციას ხელმძღვანელობს და გეგმავს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი თუ STEM-ის სხვა პროფესიონალების გამოცდილება და რჩევები.

„ვფიქრობ, რთულია უნივერსიტეტიდან გასვლის პროცესი. როდესაც სწავლას ასრულებ, სრულიად სხვა გარემოში ხვდები. კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზანი სწორედ ამ გზის გამარტივებაა. გვინდა დავეხმაროთ სტუდენტებს, სწავლის პროცესშივე დააზუსტონ საკუთარი მიზნები, გაიზიარონ სხვების გამოცდილება და მეტად მომზადებულები შეხვდნენ კარიერის ახალ საფეხურს. ამასთან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ STEM-ის ქალმა პროფესიონალებმა.“

ინტერესი ბიოლოგიის მიმართ არც ოთხი წლის შემდეგ განელებია. მისი საქმიანობა სწორედ ბიოლოგიისა და  ელექტრული ინჟინერიის კომბინაციას უკავშირდება – ანა ევექსის კლინიკებში ბიოსამედიცინო ინჟინერი იყო. პარალელურად პროგრამირების ახალი ენები შეისწავლა და ახლა პროგრამულ ინჟინრად მუშაობს. ამჟამად გეგმავს, სწავლა ილინოისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გააგრძელოს. ანას მიზანია ჩიკაგოში ნეიროინჟინერიის მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა. მისი სამომავლო კვლევა მაგნიტორეზონანსული და სხვა სამედიცინო მონაცემებისა და მანქანური დასწავლის საფუძველზე ალცჰაიმერის ბიომარკერების აღმოჩენას უკავშირდება. ამბობს, რომ მისი ოცნება და მიზანია ნეიროინჟინერიის მიმართულებით საქართველოშიც დააფუძნოს კვლევითი ლაბორატორია და მისი მნიშვნელოვანი აღმოჩენები TED Talk-ზე გააცნოს ფართო საზოგადოებას.

მართალია, ჩვენი რესპონდენტები თავიანთ მიზნებს ამბიციად ან ოცნებად მოიხსენიებენ, თუმცა მათი გამოცდილება და თავგადასავალი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანი ძალიან ახლოს არის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქალები სფეროში თავიანთ სათქმელს მალე იტყვიან და მნიშვნელოვან ადგილსაც დაიკავებენ.

საზოგადოებას კი შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ქალების ადგილი ყველგან არის, მით უფრო STEM-ში,  სადაც მათი შესაძლებლობები უსაზღვროა.