ევროკავშირი ეკონომიკის სტიმულირებისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას გამოყოფს

5-დღიანი დაძაბული სამიტის შემდეგ ევოკავშირის ლიდერებმა ისტორიულ შეთახმებას მიაღწიეს. გადაწყდა, რომ კორონავირუსის ეკონომოკიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად 750 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდს შექმნიან, საიდანაც 390 მილიარდს გრანტების სახით გასცემენ, ხოლო დანარჩენს კი – სესხებად. ამ შეთანხმებით ევროკავშირი გახდება უდიდესი მსესხებელი გლობალურ ფინანსურ ბაზარზე. ვალის გადახდა 2058 წლისთვისაა დაგეგმილი.

Pool photo by Francisco Seco

ეკონომიკური სტიმულირების შეთანხმებამ, რომელსაც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაუძღვნენ, ძლიერი სოლიდარობის სიგნალები გაავრცელა. შეთანხმება სამ ძირითად მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას: პანდემიის დროს დაზარალებული ბიზნესების დახმარება; ახალი ზომების მიღება ხანგრძლივ პერიოდში სახელმწიფოების ეკონომიკის რეფორმებისთვის, ინვესტირება სამომავლო კრიზისისგან თავის ასაცილებლად.

ევროკომისიის თავდაპირველი შეთავაზების მიხედვით გრანტებზე 500 მილიარდი ევრო უნდა გადანაწილებულიყო, ხოლო 250 მილიარდი ევრო სესხებზე. თუმცა, ეგრეთწოდებული „ხელმომჭირნე ოთხეულის“ – ნიდერლანდები, დანია, ავსტრია და შვედეთი – მოთხოვნით, გრანტების მოცულობა შემცირდა. მათი განცხადებით, განსაკუთრებით დაზარალებულ სამხრეთის ქვეყნებს დახმარება სესხების გაცემის ხარჯზე უნდა აღმოუჩინონ და არა – აუნაზღაურებელი გრანტებით.

სამშაბათის სხდომაზე ქვეყნის ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ ევროკავშირის ბიუჯეტზე, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 1.1 ტრილიონი ევრო იქნება.

ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ევროპულ პარლამენტს გადაეგზავნა, სადაც 27 წევრი ქვეყნისგან მისი რატიფიცირება უნდა მოხდეს. ეკონომისტების თქმით, ეკონომიკაში ფული მომავალი წლის შუა ნახევრისთვის ჩაეშვება.