ევროკავშირი თურქეთის სანქციების გამო დაპირისპირებისთვის ემზადება

ხუთშაბათს მოწვეულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული უთანხმოების საკითხი წამოიჭრა. კვიპროსის წარმომადგენელმა ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელთაგან განსხვავებით უარი განაცხადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე. კვიპროსი, პირველ რიგში, ანკარასთვის მოითხოვს სანქციების დაწესებას.

მეორე მხრივ, ევროკავშირს თურქეთის განაწყენება არ სურს. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის ოთხწელნახევრიანი წყვეტის შემდეგ საბერძნეთთან საზღვაო იურიდიული მოლაპარაკებები განაახლოს. ამას ადასტურებს 13 სექტემბერს თურქეთის მიერ საბერძნეთის მფლობელობაში არსებული საზღვაო ტერიტორიიდან საძიებო გემ Oruc Reis-ის გაყვანა. აღნიშნული პროცესი გაეროს ზღვის კანონის შესაბამისად განხორციელდა.

კვიპროსის მიერ სანქციის მოთხოვნა კვიპროსის კონტინენტურ შელფზე მდგარ თურქულ სეისმურ გემსა და საბურღ ხომალდს უკავშირდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე  კვიპროსი ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს და ზღვის ფსკერზე არსებულ მინერალურ სიმდიდრეს მოიხმარს.

ევროკავშირისთვის თურქეთის წინააღმდეგ წასვლას კიდევ უფრო რთული სახე ეძლევა იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ, ამჟამად, ევროკავშირის დღის წესრიგში, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსისთვის გაყალბებული არჩევნების გამო სანქციების დაწესება დგას.