ილონ მასკი: COVID-19-ის ვაქცინას არ გავიკეთებ

Tesla-სა და Space-X-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, ის მას არ გაიკეთებს. ამის შესახებ მილიარდერმა The New York Times-ის ჟურნალისტთან საუბრისას პოდკასტში განაცხადა. ,,მე და ჩემი შვილები კოვიდის რისკჯგუფში არ ვართ’’, – აღნიშნა მან.

Photo Credits to Reuters/Stephen Lam

მასკის თქმით, ახალ კორონავირუსს დაბალი სიკვდილიანობისა და მაღალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს. ის მოხუცებისთვის მეტად საშიშია, ვიდრე ახალგაზრდებისთვის. ამიტომაც, მისი აზრით, არსებული მდგომარეობის პირობებში, სწორი ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით არა კარანტინის გამოცხადება, არამედ რისკჯგუფში მყოფი ადამიანების იზოლაციაში მოქცევაა.

ამავე ინტერვიუში მასკმა აღნიშნა, ,,ყველა კვდება“ და თუ მის კომპანიებში მომუშავე თანამშრომლები რისკჯგუფში არიან, ის მათ სახლში დარჩენის უფლებას მისცემს. თუმცა, ჟურნალისტის კითხვას – გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ სახლში დარჩენილ თანამშრომელს ხელფასი გადაუხადოს – მასკმა პასუხი არ გასცა.