სოციალური ქსელები ხელს უწყობენ სოციალურ შედარებას, რაც ადამიანების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ხშირად უარყოფითად აისახება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Facebook-მა სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 18 სხვადასხვა ქვეყნიდან 38,000 მომხმარებელი გამოკითხა.
კვლევის თანახმად, ადამიანების 22.5%-ს მინიმუმ ერთი შემთხვევის გახსენება შეუძლია ახლო წარსულიდან, როდესაც კონკრეტული პოსტის ნახვით გამოწვეული სოციალური შედარების გამო თავი ცუდად იგრძნო. მათი თითქმის ნახევარი ისურვებდა, რომ პოსტი, რომლის გამოც თავი სხვებთან შედარებით წარუმატებლებად იგრძნეს, საერთოდ არ ენახათ.
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად Facebook-ში მოწონებების დაფარვას განიხილავენ. კონკრეტულ პოსტზე გამოხატული რეაქციები, “Story”-ის მსგავსად, შესაძლოა საჯარო აღარ იყოს. ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება 20 მოწონებიანი ზღვრის დაწესება, რის შემდგომაც გამოქვეყნებულ მასალაზე არსებული რეაქციების ნებისმიერი ოდენობა „20+“-ით აღინიშნება.
ზემოთ ხსენებული გადაწყვეტა მოაგვარებს „მოწონების პარადოქსის“ პრობლემას, რაც სოციალური შედარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. „მოწონების პარადოქსი“ მომდინარეობს „მეგობრობის პარადოქსიდან“, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანების უმეტესობას სხვებზე ნაკლები მეგობარი ჰყავს. ამ ფენომენის გამო, ადამიანების უმრავლესობის პოსტებს „მოწონებაც“ დანარჩენებისაზე ნაკლები აქვთ, რადგან მეგობრების რაოდენობა ხშირად პოსტებზე რეაქციების ოდენობის პირდაპირპროპორციულია. ეს ორი ფენომენი ჯამში სოც. ქსელებში ცხოვრების არარეალისტურ სურათს ქმნის, რაც ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.