2019 წლის ათი მთავარი მოვლენა კინოსამყაროში

2019 წელი კინოსამყაროსთვის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: ვიხილეთ საყვარელი რეჟისორების ახალი ფილმები, გამოვემშვიდობეთ უამრავ ნიჭიერ ხელოვანსა ისევე, როგორც საყვარელ სერიალებსა და სამყაროებს, ქართული კინემატოგრაფიის წარმატებებითაც გავიხარეთ – საკმაოდ დატვირთული წლის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, 2019 წელი მკითხველისთვის კინოსამყაროს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის გახსენებით გავაცილოთ.

ტარანტინოს ხმაურიანი დაბრუნება

2019 წელი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, კვენტინ ტარანტინოს ახალი ნამუშევრითაა. ფილმით „ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინო კინომოყვარულებს 1969 წლის ჰოლივუდში ამოგზაურებს; ამერიკული კინოს გარდამტეხი პერიოდი, მენსონის ოჯახი, თვალისმომჭრელი რეკლამები –  60-იანი წლების ნოსტალგიასთან გამკლავება XXI საუკუნეში დაბადებულთათვისაც კი რთულია.

არ გადავაჭარბებთ, თუ ფილმის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მთავარი როლების შემსრულებლებს მივიჩნევთ; ლეონარდო დიკაბრიო, ბრედ პიტი და მარგო რობი მნახველამდე 60-იანი წლების მიწურულის რეტრო განწყობის მოტანას იდეალურად ახერხებენ.

Poster Credits to Columbia Pictures

გარდაიცვალა ზაზა ურუშაძე

2019 წელი რთული აღმოჩნდა ზაზა ურუშაძის გულშემატკივრებისათვის. ქართულმა კინემატოგრაფიამ მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი დაკარგა. ზაზა ურუშაძემ მაყურებელს თავი განსაკუთრებულად სერიალით „ცხელი ძაღლი“ დაამახსოვრა. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით „მანდარინებს“, რომელმაც უამრავი ჯილდო მოიპოვა და, აგრეთვე, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტიც გახდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

Photo Credits to SONY

„და ჩვენ ვიცეკვეთ“

2019 წლის კინომოვლენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლიდით ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელმაც კრიტიკოსთა დადებითი შეფასება, თუმცა საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ფაქტია, რომ სურათი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა; ფილმი ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, ლევან გელბახიანმა, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ გაიმარჯვა, ფილმს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრიც გადაეცა. ეს ლევან აკინის ნამუშევრის წარმატებათა მხოლოდ მცირე ნაწილია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სია კიდევ უფრო გამდიდრდება.

And Then We Danced French Quarter Film

ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი

გასულმა წელმა გული არც ჯოკერის პერსონაჟის გულშემატკივრებს დასწყვიტა; კინომანებმა ხოაკინ ფენიქსის ფენომენალური შესრულება პირველად ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილეს. ჯოკერის პუბლიკასთან პირველ შეხვედრას უემოციოდ არ ჩაუვლია; დამსწრე საზოგადოებამ აღფრთოვანება ოვაციებით გამოხატა, რომელიც რვა წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ფილმმა იმედი არც მათ გაუცრუა, ვინც ჰიტ ლეჯერის ჯოკერის შემდეგ ხოაკინ ფენიქსს, მიუხედავად მისი ნიჭისა, ეჭვის თვალით უყურებდა. საერთო ჯამში, „ჯოკერი“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა უამრავი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა – „ოქროს გლობუსის“ ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი და, დიდი ალბათობით, არც „ოსკარის“ ნომინანტთა სიას დააკლდება.

Joker WARNER BROS.

დასრულდა „სამეფო კარის თამაშები“

ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ წიგნების სერიაზე დაფუძნებული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოინდუსტრიაში. სერიალი ტელეეკრანებზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა და პოპულარობა თავბრუდამხვევად მცირე დროში მოიპოვა. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არაა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ეპოქის დასასრული 2019 წლის მნიშვნელოვან კინომოვლენათა სიაში ერთ-ერთია. სერიალის მერვე, ფინალური, სეზონის პრემიერა 14 აპრილს შედგა. სერიალს უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული. ბოლო სეზონის გამოსვლის შემდეგ სერიალმა ემის რეკორდული რაოდენობის -32 ნომინაცია მოიპოვა და 12 მათგანში გაიმარჯვა კიდეც, მათ შორის, საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მერვე სეზონი გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია, 8 წლიანი ტელეისტორიის დასასრული მაინც ემოციური აღმოჩნდა.

Game of Thrones HBO

„დისნეიმ“ “21st Century Fox” შეიძინა

მნიშვნელოვან მოვლენათა სიაში არც წლის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება გამოგვრჩენია: კომპანია „დისნეიმ“ „21st Century Fox”  71.3 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. გარიგების შედეგად „დისნეი“ ტელე და კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ იქცა.

ამ გარიგებას ინტერნეტსივრცეში მრავალგვარი შეფასება მოჰყვა. ასე გამოეხმაურა The Simpsons-ის სცენარისტი ელ ჯინი აღნიშნულ გარიგებას:

„ჩერნობილი“

2019 წელს კინოინდუსტრიამ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების ისტორია შეახსენა. აფეთქება 1986 წელს მოხდა, თუმცა ტრაგედიის რეალურ მასშტაბებზე საუბრის დაწყებას ათეულობით წელი დასჭირდა, რასაც ბიძგი სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნმა „ჩერნობილის ლოცვა“ მისცა.

HBO-ს მინი სერიალი „ჩერნობილი“, უდავოდ, წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ნამუშევარმა უამრავი ნომინაცია და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, 19 ემის ნომინაცია, რომელთაგან 10 ნომინაციაში გაიმარჯვა. ის წლის საუკეთესო მინი სერიალად დაასახელეს.
„ჩერნობილის“ თავბრუდამხვევ წარმატებაზე თუნდაც მხოლოდ ის მიუთითებს, რომ რუსეთმა ჩერნობილის რუსული ვერსიის გადაღების სურვილი გამოთქვა, რომლითაც, მათი თქმით, მაყურებელს აჩვენებს თუ „რეალურად რა მოხდა მაშინ.“

Chernobyl HBO

შურისმაძიებლების ეპოქის დასასრული

ეს წელი განსაკუთრებულად ემოციური იყო „მარველის“ გულშემატკივრებისთვისაც; „შურისმაძიებლების“ ერა დასრულდა. თუმცა „შურისმაძიებლები: დასასრული“ სულაც არაა საბოლოო წერტილი; ფილმი, თავის მხრივ, ახალი ისტორიების დასაწყისიცაა ახალი გმირებითა და სამყაროებით. „მარველი“, რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გახარებასა და აღფრთოვანებას მომავალშიც აპირებს და, აგრეთვე, არც საყვარელი ძველი გმირების დაბრუნებას გამორიცხავს.

Avengers: Endgame Disney

კორეული ფილმის სუნი ანუ „პარაზიტი“

2019 წლის ერთ-ერთი გამორჩეული სურათი „პარაზიტი“ პირველი კორეული ფილმი გახდა, რომელმაც კანის კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო -ოქროს პალმის რტო მოიპოვა. „პარაზიტი“ სოციალური უთანასწორობის შესახებ მოყოლილი სწორხაზოვანი ისტორია როდია; ესაა სატირისა და დრამის საოცრად დახვეწილი და გემოვნებიანი შერწყმა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.

ფილმმა უამრავი პრიზი და „ოქროს გლობუსის“ სამი ნომინაცია მოიპოვა. „პარაზიტი“ იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის სუნის შესაგრძნობად რეცენზიების კითხვა საკმარისი არაა. რისი სუნი აქვს „პარაზიტს“? ამას ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად გაიგებთ.

Parasite Barunson E&A

ალმოდოვარის „ტკივილი და დიდება“

პედრო ალმოდოვარი – ამ სახელის ხსენება 2019 წლის მთავარ კინომოვლენათა სიაში მოსახვედრად სრულიად საკმარისია. წელს კინოს ესპანელმა დიდოსტატმა კინომანებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა; ბიოგრაფიული დეტალებით გაჯერებული „ტკივილი და დიდება“ გულგრილს ვერავის დატოვებს. ნარკოტიკებით, ტკივილითა და სულიერი სიცარიელით გაჯერებული „ტკივილი და დიდება“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ალმოდოვარის გენიალურობაზე კიდევ მრავალი წელი მოგვიწევს საუბარი.

Pain and Glory Sony Pictures

რა თქმა უნდა, ათი მოვლენა საკმარისი არაა 2019 წლის ამოსაწურად. სიის გარეთ კიდევ უამრავი გამორჩეული ფილმი, ნიჭიერი ადამიანი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელთაც განსხვავებული გემოვნების ადამიანები განსხვავებულად აფასებენ, ამიტომ სტატიას შეკითხვით დავასრულებთ: თქვენ რომელმა კინომოვლენამ დაგამახსოვრათ 2019 წელს თავი?