FinEdu | ფინანსური განათლების პირველი ქართული ვებ–პორტალი

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  საგანმანათლებლო პლატფორმა  FinEdu.gov.ge  შექმნა, რომელიც  მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ფინანსური უსაფრთხოება, მომხმარებელთა უფლებები,  პირადი ფინანსების მართვა,  დაზოგვა, სესხება და სხვა.

ფოტო: ეროვნული ბანკი

ამავე პლატფორმაზე  ვიპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვიშოპინგოთ ონლაინ უსაფრთხოდ, ასევე რჩევებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მოწყობილობა უფრო უსაფრთხო და დავიცვათ თავი ფიშინგისაგან.

FinEdu.gov.ge –ზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე  არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები. აქვე ვიხილავთ თემატურ სახელმძღვანელოებს, ბროშურებს, პუბლიკაციებს, ბლოგსა და კალკულატორს. აღსანიშნავია, რომ FinEdu.gov.ge მომხმარებელს მოქმედ კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში მყოფ ინფორმაციას აწვდის.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნახსენები, დღეს საკმაოდ რთულია სანდო ინფორმაციის მოპოვება და მისი ყალბი ინფორმაციისაგან გარჩევა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა FinEdu.gov.ge , სადაც მომხმარებელი მარტივ ენაზე გადმოცემულ უტყუარ, ობიექტურ, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის ინფორმაციას მიიღებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის FinEdu.gov.geის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფინანსური განათების ამაღლებაში, არამედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც.

,,ვფიქრობთ, ვებ –პორტალი დროთა განმავლობაში ბევრი თქვენგანის ფინანსურ მრჩევლად იქცევა და შეასრულებს მთავარ მისიას, გახდეს ფინანსური ბაზრის თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური ფინანსური მეგზური. მისცეს მომხმარებლებს მოტივაცია  და თავდაჯერებულობა იმისათვის, რომ დასახონ ფინანსური მიზნები და შეძლონ მათი განხორციელება. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი კი თითოეული მათგანის პირადი და ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის  მიღწევაა.“

ეროვნული ბანკის ერთ–ერთ პრიორიტეტს საზოგადოების ფინანსური განათლების ამაღლება წარმოადგენს.  ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი თუ აქტივობა წარმატებით განახორციელა. FinEdu.gov.ge –ის შექმნის იდეაც სწორედ ამ ამოცანის ეფექტიან განხორციელებას ემსახურება.




No Comments Yet

Comments are closed