საქართველოს დამფუძნებელი დედები

1918 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. დამტკიცებული კანონის პირველ თავში ვკითხულობთ:

„დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეული მცხოვრებთა მიერ საყოველთაო – განურჩევლათ სქესისა, – თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციული წარმომადგენლობის წესისამებრ.“

ხოლო მეორე თავის მესამე მუხლში ეწერა:

„დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეთ, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ.“

იმ დროის საქართველო რიგით მერვე ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ.  რა თქმა უნდა, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც ქალები აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში. „თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა“ – ეს იყო მათი მთავარი მოთხოვნა, რასაც საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც. 26 კანდიდატი ქალიდან, ხუთი: ელეონარა ტერ-ფარსეგოვა, ანა სოლოღაშვილი, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისად, დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ანა (ოლა) სოლოღაშვილი

ანა სოლოღაშვილი დაიბადა სოფელ მეჯვრისხევში 1882 წელს. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

პირველად ანა 1912 წლის 16 აგვისტოს დააპატიმრეს „არსებული წეს-წყობილების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით“. სასამართლომ ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო.

1917 წელს ანა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1919 წლიდან კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანა სოლოღაშვილი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. იგი მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც ჩუმად ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებსა და მათ ოჯახებს. 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად – „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“.

1925 წლიდან ანა სოლოღაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

1937 წელს იგი დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების გამო“, მას დახვრეტა მიუსაჯეს.

დახვრიტეს, 28 ნოემბრის ღამეს.

© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ელეონარა ტერ-ფარსეგოვა

ელეონორამ დაამთავრა ქალთა გიმნაზია თბილისში. 1905 წელს მეუღლეთან ერთად გადავიდა ქალაქ სოხუმში, სადაც კერძო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ელეონორა კრებდა სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ „მარსელიეზას“ სიმღერას; მაგრამ იმ ადგილას სადაც ნათქვამია: „ვამპირი – მეფე“, ბავშვებს სთხოვდა სიტყვა „მეფისათვის“ „ნიკოლოზი“ დაემატებინათ. მოსწავლეებს ყოველთვის არიგებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას და არ ესმინათ დირექტორისათვის – „ბებერი, დრომოჭმული სულელისათვის“.

ელეონორას ტერ-ფარსეგოვას დაკავება ბევრჯერ სცადეს – პირველად, როდესაც უარი თქვა რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიცემაზე, სოხუმის ციხის გადატვირთულობისა და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო ვერ დააკავეს.

შემდეგ, 1908 წლის თბილისის სასამართლო პალატამ მას 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ პატიმრობისა და კავკასიის ფარგლებიდან ადმინისტრაციული წესით გადასახლებისგან იგი ორსულობის გამო გაათავისუფლეს. 1917 წლამდე ელეონორა სამჯერ იყო დაპატიმრებული.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. მისი ბინა თბილისში უდელის (ამჟამინდელი პეტრიაშვილის) ქუჩაზე, N14-ში მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო.

1922 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად საქართველოს საგანგებო კომისიამ იზოლაციის მიზნით დაიწყო ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერებისა და აქტიური წევრების დაპატიმრება. ელეონორა მახვილაძე საქართველოს ჩეკას ორდერით დააპატიმრეს საკუთარ სახლში, 13 თებერვლის ღამეს.

1922 წლის 14 ივლისს გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე 1926 წლის 22 თებერვალს დააპატიმრა და გადაასახლა. ის გადასახლებიდან დაბრუნდა 1930-იან წლებში და კვლავ მასწავლებლობა განაგრძო. გარდაიცვალა საკუთარ სახლში, თბილისში, 1930-იანი წლების პირველ ნახევარში, ზუსტი თარიღი უცნობია.

© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე დაიბადა 1889 წლის სოფელ ბახვში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელი ბახვის სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც 15 წლის გარიცხეს, მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. ქრისტინე 1905-1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის რევოლუციურ გამოსვლებში. ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს და პარალელურად სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

1907 წელს მუშაობა დაიწყო მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში. შემდეგ კი კითხულობდა საჯარო ლექციებს. ქრისტინე ითვლება პირველ ქართველ ლექტორ ქალად. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. პირველად დააპატიმრეს რამდენიმე დღით, ოზურგეთში, 1921 წლის აგვისტოში. საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების ლიდერობის გამო ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს 1922 წლის 17 თებერვალს და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქრისტინე შარაშიძე 1927-1931 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და მეცნიერებათა აკადემიაში. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, არალეგალურად განაგრძობდა პოლიტპატიმართა და მათი ოჯახების დახმარებას თანამოაზრეებთან ერთად.

გარდაიცვალა 1973 წლის 10 ნოემბერს, თბილისში.

© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ელისაბედ ნაკაშიძე

დაიბადა 1885 წლის აგვისტოში, სოფელ სამხვთოში. დაამთავრა თბილისის ქალთა მესამე გიმნაზია. 20 წლის ელისაბედი გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიიის კომიტეტის წევრად. თუმცა 2 წლის შემდეგ, 1907 წელს ლიზა ნაკაშიძე გააძევეს ამიერკავკასიის ფარგლებიდან. დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის 20 მარტს ელისაბედი აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ.

1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს და 1923 წლის 2 მაისს გადაასახლეს ურალის მხარეში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლისა და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში, გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცეს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალევე ჩამოვიდა თბილისში, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება დაიწყო, თუმცა ლიზა 1926 წელს კვლავ დააპატიმრეს. დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირების და პარტიის მდგომარეობის შესახებ; მან აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო არალეგალური ანტი-საბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო. ამის გამო 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს. დააპატიმრების შემდეგ სასჯელი სამი წლით გაუხანგრძლივეს და სასჯელის მოხდის შემდგომ საერთოდ აუკრძალეს ურალსკის ოლქის ფარგლებს გარეთ გასვლა.

სამწუხაროდ, ლიზას თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა – 1936 წლის დასაწყისში ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავეს. ძიების ვერსიით, გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექნიზმების, მიმოწერისა და შეკრებების მთავარი ორგანიზატორები ცნობილი სოციალ-დემოკრატები – ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილი იყვნენ.

1937 წლის 13 თებერვალს განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) ელისაბედ ნაკაშიძეს  დახვრეტა მიუსაჯა.

დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში.

© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მინადორა ორჯონიკიძე

მინადორა დაიბადა 1879 წელს სოფელ ღორეშაში. ადრეული ასაკიდან ჩაბმული იყო საზოგადოებრივ მოძრაობებში. 1901 წელს სწავლა დაიწყო ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ჟენევაში მუშაობდა სოციალისტურ წრეებში, „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. ჟენევაშივე დაქორწინდა მალაქია ტოროშელიძეზე.

1905 წელს დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მუშათა რამდენიმე საპროპაგანდო წრეს ხელმძღვანელობდა. ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური მენშევიკი, მისი მეუღლე მალაქია კი ბოლშევიკი. 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის და რეაქციის გამძაფრების გამო პარტიულ სამუშაოზე გაგზავნეს ქალაქ ბაქოში. 1906 წელს კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სადაც დარჩა და სწავლა დაასრულა.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მინადორა სხვა ქალებთნ ერთად  ქალთა არალეგალურ ორგანიზაციის წევრი იყო და ეხმარებოდა დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების ოჯახებს, რის გამოც 1924 წლის დასაწყისში იძულების წესით გაასახლეს მოსკოვში.

1925 წელს თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს. ამავე წელს „მენშევიკურ“ პარტიაში მუშაობაზე უარის თქმის შემდეგ მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება. 1936 წელს განსაკუთრებულმა სამეულმა მას 5 წლით ყაზახეთში გადაასახლება მიუსაჯა. გადასახლებაში მყოფი მინადორა მუშაობდა პოლიკლინიკაში, სადაც დააპატიმრეს 1937 წელს.  სასჯელის ვადა დაუმთავრდა 1945 წლის 5 ივნისს, მაგრამ არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების უფლება და სასჯელი 3 წლით გაუგრძელეს.

საქართველოში დაბრუნდა 1950 წელს, გარდაიცვალა 1967 წლის 19 ოქტომბერს თბილისში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.