კინემატოგრაფიული ცისარტყელა 17 მაისისთვის

მიუხედავად მსოფლიო პანდემიის დროს არსებული გამოწვევებისა და დაძაბულობებისა, 17 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოში უხმაუროდ არც წელს ჩაივლის.

ეს ხმაური იქნება როგორც ნეგატიური, ასევე, დიდი დოზით – პოზიტიური. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში მაინც აღინიშნება და მეორე მხარეს მდგომ რადიკალურ ფრთას შეახსენებს, რომ ადამიანები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით თუ გენდერული იდენტობით არსებობენ, იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის და გაჩერებას არ აპირებენ.

ამ მხრივ გაჩერებას არც კინემატოგრაფიაში გეგმავენ, რადგან ყოველწლიურად მსოფლიოს გარშემო ახალი ფილმი იქმნება და კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ თემების მნიშვნელობას. Forbes Woman Georgia გთავაზობთ 17 მაისს აუცილებლად სანახავ 5 ფილმს, რომელმაც გამოსვლისთანავე თავისი სათქმელი თქვა და ღრმა კვალი დატოვა კინოს ისტორიაში.

Paris Is Burning

ეს დოკუმენტური ფილმი პირველად 1990 წელს იხილა მსოფლიომ კინოთეატრებში. გარდა იმისა, რომ იგი გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, როგორ იქმნებოდა დრაგის სუბკულტურა ნიუ-იორკში, ასევე ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გენდერი, რასა, იდენტობა, მედიისა და საზოგადოების გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და სხვა უამრავი საკითხი, რომელთა დანახვა ჯენი ლივინგსტონის რეჟისორული თვალთახედვით მოგვცემს საშუალებას სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინოთ. „პარიზი იწვის“ ერთ-ერთი ის დრაგ-შოუა, რომელსაც ფილმში ვადევნებთ თვალს და ადამიანური ისტორიების კვალდაკვალ ვცდილობთ გავიცნოთ გზა, რომელსაც ისინი გადიან ყოველდღე. ფილმში აღმოვაჩენთ, რომ ეს სულაც არ არის მარტივი, შოუების მსგავსად ფერადი, ბრჭყვიალა და მოდური. ეს არის ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე ცხოვრება, სადაც ადამიანები ყოველდღე იბრძვიან, რომ გადარჩნენ, გაუმკლავდნენ საზოგადოების ზეწოლას, არ დაკარგონ საკუთარი თავები და იყვნენ თავისუფლები.

Philadelphia

„ფილადელფია“ ჰოლივუდის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია აივ/შიდსის თემატიკაზე. იგი დღემდე ითვლება ფილმად, რომლითაც იმ პერიოდში ჰოლივუდში დაბუდებული სტიგმა დაირღვაა. ტომ ჰენკსის შესანიშნავი შესრულება, რომელმაც მას კინოაკადემიის ჯილდო მოუტანა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის, დღემდე გულგრილს არავის ტოვებს. ფილმის სცენარი აგებულია იმ სტერეოტიპული მიდგომების ირგვლივ, რომელთა არსებობა ხშირად დღესაც ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე გავლენას. ორიენტაციისა და დაავადების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მთავარი გმირი საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით უფროსს უჩივის. სასამართლოს დარბაზში წარმართული ემოციური ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ მთელს სცენარს დაძაბული, მაგრამ ამაღელვებელი ეფექტით გასდევს, კულმინაციის მოლოდინში. ფილმმა 1993 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია დაწერა – იგი იყო პირველი, სადაც ღიად ისაუბრეს ტაბუდადებულ აივ/შიდსის პრობლემებზე. შიშზე, რომელსაც დაავადებულნი გრძნობდნენ, ცრურწმენებსა და დისკრიმინაციულ გამოვლინებებზე და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და იმ გამბედაობაზე, რაც ამ უკანასკნელს სჭირდება.

Carol

ქეით ბლანშეტი და რუნი მარა ორი განსხვავებული კლასისა და ცხოვრების მქონე ქალის სიყვარულის ისტორიას 50-იანი წლების ნიუ-იორკიდან გვიცოცხლებენ. ეს ფილმი დატვირთულია არა მხოლოდ გასაოცარი მუსიკით, ფერებითა და კადრებით, არამედ ტოდ ჰეინსისთვის დამახასიათებელი მელანქოლიით. ეს არის ისტორია ორ ქალზე, რომელთაც ერთმანეთი ცხოვრების რთულ ეტაპებზე უყვარდებათ. ქეროლი დაქორწინებულია და შვილი ჰყავს, ტერეზი საკუთარი ცხოვრების დალაგებას ცდილობს. ამ დროს მათი გზები იკვეთება და მათთვის ახალი, დაბრკოლებებით სავსე პერიოდი იწყება. აკრძალული სიყვარულის ისტორია რეალური გამოწვევების ფონზე გვიჩვენებს, რომ მარტივი არ არის იყო ჰომოსექსუალი სამყაროში, სადაც ყველა შენს „გამოაშკარავებას“, დამცირებასა და შეშინებას ცდილობს. სამყაროში, სადაც ქმარი საკუთარი შვილის წართმევით გემუქრება, გაშანტაჟებს, გაიძულებს საკუთარი ორიენტაცია დამალო და გრცხვენოდეს იმის ვინც ხარ. სწორედ ასეთ ისტორიას გვიყვება „ქეროლი“, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად იქცა მასში განხილული თემატიკის მრავალფეროვნებისა და მნიშვნელობის გამო.

And Then We Danced

2019 წელს კინემატოგრაფიულ ცისარტყელას საქართველოც შეუერთდა. ფილმი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების დაუსრულებელ ტალღას ახალი ენერგია შეჰმატა და პროტესტების ფონზე მაინც გადაავსო კინოდარბაზები, კანის ფესტივალის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. „სკანდალურის“, „შეურაცხმყოფელის“ და სხვა მსგავსი იარლიყების მიუხედავად, მან მაყურებლამდე ზუსტად მიიტანა რეალობა. ქართული ტრადიციული ცეკვის ირგვლივ წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კონსერვატიულ იდეას ხაზი გადაუსვა და შემოგვთავაზა ტიპური ქართველი მამაკაცისგან რადიკალურად განსხვავებული პროტაგონისტი. მერაბი (ლევან გელბახიანი) ქართული ტრადიციული ცეკვის მასკულინური ჩარჩოების ზეწოლის ფონზე ცდილობს საკუთარი თავი იპოვოს და გამოხატოს ცეკვით, რომელიც მას ამის საშუალებას არ აძლევს. ეს არის ქართველი მოცეკვავის გზა საკუთარი თავის უარყოფიდან მიმღებლობამდე, მისი ისტორია – საკუთარი თავის დაკარგვისა და ხელახლა პოვნის შესახებ.

Call Me By Your Name

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმმა არნახული პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს გარშემო, იგი ძალიან ხშირად კრიტიკის საგანიც გახდა. ზოგიერთისთვის იგი ესთეტიკური კადრებითა და მუსიკით გაფორმებულ ლამაზი ფილმია, რომელსაც სიღრმე აკლია, დანარჩენისთვის კი LGBTQ+ კინემატოგრაფიის შედევრი. ფაქტი ერთია, ფილმი გვიყვება 17 წლის ელიოზე, რომელიც ზაფხულს იტალიაში ატარებს და მაშინ პირველად შეუყვარდება. აქ ვნახავთ პირველი სიყვარულით გამოწვეულ გაურკვევლობას, ეიფორიას, დაძაბულობას და ბოლოს ტკივილს. ეს არ არის ფილმი საკუთარი სექსუალური ორიენტაციით გაურკვეველი თინეიჯერის შესახებ, ეს არის ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია. იგი მუსიკის, წიგნების, ემოციებისა და ახალი გრძნობის აღმოჩენით გამოწვეული აღფრთოვანების ფონზე გვამოგზაურებს ცხელ იტალიაში და ცხოვრებას ბევრად უფრო ამაღელვებლად, ელიოს თვალით დაგვანახებს.

No Comments Yet

Comments are closed