ბორენა დედოფალი

ბორენა პირველი ქართველი ქალი პოეტია. უფრო ზუსტად კი, ის არის პირველი პოეტი ქალი, რომელზეც ცნობა მოგვეპოვება. ბორენას თორმეტმარცვლიანი ლექსი სვანეთში ღვთისმშობლის ოქროჭედილ ხატზეა მიწერილი: უფრო ადრეულ იამბიკოებში რითმა სრულყოფილი არაა, ბორენა დედოფლის ლექსი კი პირველი დახვეწილი რითმიანი ლექსია.

„რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,
ჰრქუი რაი გაბრიელს: „ვარ უფლისა მხევალი“,
მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი –
დაემხო ძალი, პირველვე სისხლდამთრვალი;
ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი!…“

დანამდვილებით არ ვიცით ბორენა ნამდვილად ბაგრატ მეოთხის ცოლი და დედოფალი იყო თუ უბრალო პოეტი ქალი. ისტორიკოსმა ალექსანდრე ხახანაშვილმა პირველად პროზის სახით გამოაქვენა იამბიკო და მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი ავტორი ბორენა, ოსთა მეფის ასული და ბაგრატ მეოთხის მეუღლე უნდა ყოფილიყო.

ვომინიჯა ბერიძე

ქართველი პოეტი ქალი, რომელიც დიდად ნიჭიერი და სხვადასხვა სათნოებით სახელგანთქმული ყოფილა. როგორც კასტელის ჩანაწერებიდან ვიგებთ, ვომინიჯა ბერიძე საუცხოო მწერალი და პოეტი იყო. „ჩვენი მწერალი იყო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი წერილის მიწერა გვინდოდა, მეფესთან, დედოფალთან, აგრეთვე სხვასთანაც“.

კასტელის 570 ნახატში ვხვდებით ვომინიჯა ბერიძის პორტრეტს, სადაც დეტალურადაა აღწერილი პოეტის გარეგნობა: „სადად აცვია, ყელზე აქვს მარგალიტის ორმაგი მძივი, ფართო მანტიას ირგვლივ ბეწვი გასდევს, ახურავს მარგალიტით მორთული თავსაბურავი, წინ ლეჩაქის ორი ტოტი ჩამოუდის, ქაღალდის გრაგნილზე ფრთიანი კალმით წერს. მას წინ უწყვია ფანქრის სათლელი დანა, დიდი მაკრატელი და ლარნაკი სურნელი საკმევლისათვის.“

თეკლე ბატონიშვილი

ვაჟკაცურად ჩაცმული თეკლე ხშირად დაჰყვებოდა ბრძოლებში მამას – ერეკლე მეორეს. მეფე ერეკლეს ხელმოწერილ სახუმარო სიგელში ვკითხულობთ: „გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს თეკლა ბიჭს, თუმცა აქამდის შენ ყველასგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და უბრძანეთ ყველა შენს ძმებს და დებს გიწოდონ თეკლა ბიჭი“. აღნიშნული სიგელი თარიღდება 1780 წლით ამ დროს თეკლე მხოლოდ 4 წლის იყო.

თეკლე ბატონიშვილი საუკეთესო მოჯირითე იყო. ბრძოლებში გამოცდილი ძალიან კარგად ხმარობდა თოფ-იარაღს. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან განათლებული და ნაკითხი იყო. მასზე ილია ჭავჭავაძე წერდა: „…ზედმიწევნით მცოდნე ყოფილა მის დროინდელ ქართულ მწერლობისა, საღმთო წერილისა, კარგად განათლებული მაშინდელ კვალობაზე, ჭკუით, სიბრძნით და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი.“

აქტიურად მონაწილეობდა 1832 წლის აჯანყებაში, რაც მისი გადასახლებით დასრულდა. თუმცა, ნიკოლოზ პირველს ქართველი არისტოკრატიის გულის მოგება უნდოდა და თეკლე გადასახლებიდან თბილისში დააბრუნა. დედაქალაქში დაბრუნებული უკვე ხანდაზმული თეკლე ბატონიშვილი მაინც ჯირითობდა და კვლავ კარგად ისროდა. როგორც თვითმხილველის ნაამბობიდან ვიგებთ, მოხუცებული თეკლე ერთი გასროლით ახვედრებდა მიზანში.

დომინიკა ერისთავი

პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. მისი ფსევდონიმი იყო „განდეგილი“ და ხშირად ადარებენ ჟორჟ სანდს. 1914 წელს ქართველ ქალთა საზოგადოების დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა, და ორგანიზაციის წევრებმა თავმჯდომარედაც აირჩიეს.

ქართველი ჟორჟ სანდი, დომენიკა, ღიად მსჯელობდა ქალის ჩაგვრაზე, ქალების თავისუფლების შეზღუდვაზე. ის ქალისა და კაცის თანასწორობის აუცილებლობაზე საუბრობდა და ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა რომ ქალები მამაკაცთა თანასწორნი უნდა იყვნენ. მის პუბლიცისტურ წერილში, რომელიც „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ვკითხულობთ: „რამდენად მთლიანი თავისუფალი პიროვნებაა დედაკაცი, იმდენად საღია აზროვნება. ეს წვეთია კაცობრიობის ოკეანეში. ყოველი დიდი შემოქმედებითი ნიჭი იქ წარმოიშობის, სადაც დედაკაცი მონა კი არ არის, არამედ თავისუფალი ადამიანია.“

გარდა ფემინიზმისა, ის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზეც ფიქრობდა, აქტიურად სწავლობდა საქართველოში მარგანეცის დამუშავების საკითხს და მის პრობლემებს. სურდა მარგანეცის ექსპორტით საქართველოსთვის ეკონომიკური კეთილდღეობა გაეუმჯობესებინა.

დომენიკა იყო პირველი კორექტორი ქალი. ის ასწორებდა ცნობილი ქართველი მოღვაწეების პუბლიცისტიკას და ნაშრომებს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდვამდე.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

მარიამი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ამავე საზოგადოების მიერ გახსნილი სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე. ის ეხმარებოდა გაჭირვებული ოჯახიდან წამოსულ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში.

მისი თაოსნობით შეიქმნა ხელმოკლე აღსაზრდელთა დამხმარე საზოგადოება და უფასო სასადილოთა კომიტეტი. 1906 წელს საკუთარი ხარჯებით გახსნა სკოლა სოფელ ატენში. ყოველ ახალ წელს მარიამი საკუთარი სახსრებით ურიგებდა საჩუქრებს სკოლის მოსწავლეებს. მარიამი იყო „ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი. მისი დამსახურებით 1906 წელს დაარსებულ ქალთა მეორე საფეხურის სასწავლებელს 1907 წელს მიენიჭა კერძო პროგიმნაზიის წოდება.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე

სწავლობდა წმინდა ნინოს ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც 15 წლის ასაკში გარიცხეს, მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში ჩართვის გამო. ის აქტიურად მონაწილეობდა თბილისის 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში, ამზადებდა სტატიებს გაზეთებში დასაბეჭდად, დაშავებულ აქტივისტებს უწევდა სამედიცინო დახმარებას. მოგვიანებით ქრისტინე შარაშიძემ მუშაობა დაიწყო მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში. შემდეგ კი კითხულობდა საჯარო ლექციებს. ის ითვლება პირველ ქართველ ლექტორ ქალად.

ქრისტინე შარშიძე სხვა 4 ქალთან ერთად იყო პირველი პარლამენტარი ქალი. მისი ხელმოწერაა 1918 წელს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

ქრისტინე შარაშიძე 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქრისტინე დარჩა საქართველოში და აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

ელენე ბაქრაძე

ელენე ბაქრაძე ელენე დარიანის ფსევდონიმით წერდა. დიდი ხნის განმავლობაში ელენეს ლექსებს პაოლო იაშვილის „დარიანული ციკლის“ ლექსებად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით აღმოჩენილი საარქივო მასალებით ირკვევა, რომ სინამდვილეში ამ ლექსების ავტორი ელენე ბაქრაძე იყო.

ელენე ცისფერყანწელთა თანამედროვეა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ის იყო ცისფერყანწელთა მეცამეტე, ფარული წევრი, რომელსაც თავად ორდენის წევრები ხშირად მოიხსენიებდნენ. არქივებითვე დასტურდება, რომ ელენე მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესა და გრიგოლ რობაქიძესთან. მეუღლისგან განსხვავებით, ელენე დარიანი გადაურჩა რეპრესიებს. ის დიდი ხანი მუშაობდა პედაგოგად და იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.

ნუცა ღოღობერიძე (ხუციშვილი)

25 წლის ნუცა ღოღობერიძე იყო პირველი ქართველი რეჟისორი ქალი. მან მხოლოდ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. „მათი სამეფო“ ნუცას პირველი ფილმია. მეორე დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ფილმის „ბუბა“ მხატვარი დავით კაკაბაძე იყო. მესამე ფილმს „უჟმური“ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ცენზურის მიუხედავად აღნიშნული ფილმი 1934 წელს მაინც გამოვიდა ეკრანებზე. უჟმური არამხოლოდ ქართული, არამედ პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი იყო, რომელიც ქალმა კინო-რეჟისორმა გადაიღო.

1937 წელს ნუცას ქმარი დახვრიტეს, თავად ნუცა კი 10 წლით გადაასახლეს. მისი სახელი გააქრეს ყველა ენციკლოპედიიდან თუ ცნობარიდან. გადასახლებიდან უკან დაბრუნებული ნუცა აღარ დაბრუნებია კინოს.

 

ავტორი: რუსუდან ბრაგვაძე