ლოს-ანჯელესიდან საქართველოში ორი კვირით ჩამოსული მარიამი მეუბნება, რომ თბილისი სასიცოცხლო ენერგიითა და სიხარულით ავსებს. მერე კი ამერიკაში ბრუნდება და მთელ ძალისხმევას საყვარელ საქმეში დებს, რომელზეც გატაცებით მიყვება.
ექიმობა უნდოდა, შესაბამისი განათლებაც მიიღო, თუმცა სანამ ამ სურვილს სისრულეში მოიყვანდა, მისი კარიერა სრულიად მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა.
თითქმის ორი წლის წინ ამერიკაში საკუთარი კლინიკა – InHype Sanctuary გახსნა, სადაც პაციენტებს უახლესი აპარატურული მეთოდებით გარეგნობის გაუმჯობესებაშიც ეხმარება და ცხოვრების საკუთარ სტილსაც უზიარებს. მასთან კონსულტაციაზე მისული ადამიანების უმრავლესობას ცვლილება უნდა. მარიამი მათ, როგორც თავად ამბობს, ამ ცვლილებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს აძლევს.
სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზში წავედი. იქ დავხურე პირველი კურსი. მერე ერთი წლით ჩინეთში, შანხაიში ვიყავი. იქ გავეცანი იოგას. ისე მოხდა, რომ ორი კვირით ტიბეტში წავედი და იქ კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი. ტიბეტმა მომნუსხა! ხალხი სულ სხვანაირია. სახის გამომეტყველებაც განსხვავებული, დამშვიდებული აქვთ და ამას მათი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს. მაშინ პირველად მივხვდი რა განსხვავებაა, როცა ადამიანი ენერგეტიკულად დაბალანსებულია და პირიქით. სულ ორი კვირით ვიყავი, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ დავინტერესებულიყავი მათი პრაქტიკებით, მედიტაციებით, სრულიად განსხვავებული საჭმლით. მოჯადოებული წამოვედი.
ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო თქვენთვის?
ფეხით დადიან ძალიან ბევრს. არ ბრაზდებიან, არ ჭორაობენ. ცოტას ლაპარაკობენ, ზოგი კი საერთოდ არ ლაპარაკობს. სიცოცხლით არიან სავსე. 92 წლის კაცი გავიცანი, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული გურუ, რომელიც 30 წლისას ჰგავდა. მათი ეს ენერგია, სიცოცხლის მიმართ დამოკიდებულება იმდენად გადამდებია, თვითონაც სიხარულით ივსები. ამის მერე შანხაიში რომ დავბრუნდი, ჩინური კულტურაც უფრო გასაგები გახდა.
როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული თავგადასავალი?
მალევე წავედი ამერიკაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში. იქვე დავიცავი დოქტორის ხარისხი კოგნიტური ქცევის ანალიზის მიმართულებით. მოგვიანებით, საკუთარი კლინიკა რომ გავხსენი, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. როცა ექიმი ხარ, სხვანაირი მიდგომა გაქვს ადამიანების მიმართ ‒ გინდა დაეხმარო მათ. იმის გამო, რომ ეს გრძნობა ძლიერია შენში, ბიზნესსაც სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან აღიქვამ ‒ „მინდა დაგეხმაროს“ პოზიციიდან. ამიტომ კლინიკა რომ გავხსენი, ამ დამოკიდებულებამ ბევრი რამ გამიიოლა. თუმცა, იქამდე გრძელი და მოულოდნელობებით სავსე გზა გავიარე. მაგალითად, სრულიად შემთხვევით ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ მიპოვა და დამიკავშირდა. საქმე ის იყო, რომ ამერიკაში ჩასვლის მერე წონაში ძალიან მოვიმატე, 100 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი. კვების პროდუქტები და ცხოვრების წესი რომ იცვლება, ხშირად ხდება ასე.
სწრაფი კვება იყო მიზეზი?
ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ეს იყო ჩემი ჭარბი წონის მიზეზი. თვითონ პროდუქტია განსხვავებული. უამრავი ჰორმონითაა გაჯერებული ორგანული პროდუქტიც კი. მაგალითად, ჩვენი ყველაზე ცუდი პომიდორიც კი ჯობია მათ ყველაზე ძვირადღირებულ პომიდორს. იქ რომ არ ვიყავი დაბადებული, გაზრდილი, ჩემი ორგანიზმი ამ პროდუქტს მიჩვეული რომ არ იყო, ძალიან რთულად აღიქვა ეს ტრანსფორმაცია. შედეგად, ძალიან მოვიმატე, თუმცა ამასაც აღმოაჩნდა რაღაც დადებითი. სწორედ ამ წონაში მომატებას მოჰყვა სამოდელო კარიერა, პლუს ზომის მოდელად ვმუშაობდი. ინსტაგრამზე 180 000 გამომწერი მყავდა. ეს სამოდელო წარმატება სრულიად მოულოდნელად მოვიდა. წარმოიდგინეთ, ექიმობას ვაპირებდი, საქართველოში ვიყავი გაზრდილი, მოდელობაზე არასდროს მიფიქრია. მამაჩემმა რომ ეს ამბავი გაიგო, ძალიან ცუდად აღიქვა.
თქვენ მოგწონდათ სამოდელო საქმიანობა?
დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო ‒ ქოშინი, გულის უკმარისობა. თუმცა წონის დაკლება არ შეიძლებოდა, ზომა რომ შემცვლოდა, სამოდელო საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებდი. როგორც ჩვეულებრივ მოდელს აქვს ზომის სტანდარტი, ისეა პლუს ზომის მოდელის შემთხვევაშიც. ამერიკული 10-12 ზომა ვიყავი. ახლა ვარ 4.
ლოს-ანჯელესში თითქმის ყველა დადის იოგაზე. გადავწყვიტე მეც მევლო. თავიდან ძალიან გამიძნელდა. წონიდან გამომდინარე, მოქნილობა ნაკლები მქონდა, მაგრამ მომწონდა, რადგან კარგად ვგრძნობდი თავს იოგას შემდეგ. ერთხელ ჩემს კლასზე დამაგვიანდა. კუნდალინ იოგა იწყებაო, მითხრეს, რომელიც ნაცადი არ მქონდა. ვიფიქრე, შევალ-მეთქი. პირველი რეაქცია იყო შოკი. ერთ ფეხზე იდგნენ, ხელებს ფრთებივით იქნევდნენ და უცნაურ ხმას გამოსცემდნენ. ვიფიქრე, სექტაში მოვხვდი-მეთქი. ხომ იცით ჩვენს მენტალობაში როგორაა ‒ რაღაც განსხვავებულად თუ გამოიყურება, უკვე ეჭვით უყურებ. მაგრამ ოთახში 30 კაცი იყო და რადგან შევედი, გამოსვლა მომერიდა, დავრჩი. კლასი რომ დამთავრდა, უცნაურად კარგად, მსუბუქად ვიგრძენი თავი. სცენაზე ტიბეტელი ძალიან მოხუცი ქალი იჯდა. დამიძახა, შენ ახალი ხარ, პირველად გხედავო. მითხრა, შენი ენერგია ახლა ძალიან ჩაკეტილია, მაგრამ თუ აქ სიარულს გააგრძელებ, გაიხსნები და სრულიად ახალ სამყაროს აღმოაჩენო. ვიფიქრე, ნამდვილად სექტანტია-მეთქი და დავემშვიდობე.
ჩემს კლასზე სიარული გავაგრძელე. საქართველოდან რომ ჩავედი, კიფოზი მქონდა, ხერხემალი საშინლად მტკიოდა და იოგას დამსახურებით მთლიანად გამიარა.
მერე დრო გავიდა, ნახევარი წლის შემდეგ გადაღება მქონდა სანტა მონიკას ბულვარზე. მე და ერთ-ერთი მოდელი გოგო დავმეგობრდით. გადაღებები 7-8 საათს გრძელდება და ძალიან ძნელია ფიზიკურად ‒ მუდმივად ტანსაცმელს იცვლი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია. შუალედი გვქონდა და ამ გოგომ შემომთავაზა, იოგაზე წავიდეთო. შევდივართ სულ სხვა იოგაზე, სადაც ეს გოგო დადიოდა და დამხვდა ის მოხუცი ტიბეტელი ქალი. აქ სხვა გარემო იყო: სპეციალიზებული სტუდია, თეთრი ტანსაცმელი აცვიათ, ჩალმები ახურავთ და ბეწვის ხალიჩებზე სხედან.
როგორც გაირკვა, კუნდალინის კლასი გრძელდება ორ საათს და არ არის 45-წუთიანი, როგორც ჩვეულებრივ იოგა სტუდიაში. ბოლო ერთი საათი მედიტაციას ეთმობა. როცა მედიტირებ, შეიძლება საათობით იჯდე და ვერ იგრძნო, დრო როგორ გადის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტრანსის მდგომარეობას მივაღწიე. თურმე ორ საათს ვიჯექი, მაგრამ ეს დრო ისე გავიდა, როგორც წუთ-ნახევარი. კლასი დამთავრდა, მაგრამ ისინი ისეთი პატივისცემით აღიქვამენ ამ პროცესს, რომ არავინ შემეხო.
როგორ გახსენდებათ ის შეგრძნება?
მსგავსი არასდროს არაფერი განმიცდია. ამას რომ გამოცდი და უკან დაბრუნდები, ვეღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც იქამდე იყავი. იცვლები. მესამე თვალი გეხსნება, სხვანაირი სიმძაფრით აღიქვამ სამყაროს, მის სილამაზეს. ამ პირველმა გამოცდილებამ კიდევ უფრო დამაინტერესა. თან ტიბეტში უკვე მყავდა ნანახი ფეხშიშველი, ბედნიერი ადამიანები, რომლებიც 93 წლის ასაკში 30 წლისებს ჰგავდნენ. გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩამეხედა ამაში, დავიწყე იოგაზე აქტიურად სიარული, ავიყვანე მედიტაციის მასწავლებელი, ვცადე ახალი პრაქტიკები. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ნელ-ნელა ჩემი აღქმა სამყაროს მიმართ სრულიად შეიცვალა.
როგორ მიხვედით საკუთარ კლინიკამდე?
ჯერ კიდევ ვმოდელობდი, წავედი პარიზში. ფრენისგან კიდურები შემიშუპდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხანგრძლივად ფეხზე დგომა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ხშირი ფრენა გარეგნობაზეც აისახებოდა და ჯანმრთელობაზეც. ამ პრობლემასთან საბრძოლველად ამერიკაში უკვე მქონდა გამოცდილი LPG ‒ აპარატული მასაჟი, რომელიც სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს და ძალიან ეფექტიანია შეშუპების, სტრიების წინააღმდეგ. LPG მოდის საფრანგეთიდან. პარიზში რომ გავიკეთე, მივხვდი, რომ ეფექტი რადიკალურად განსხვავებული იყო იმისგან, რაც უკვე ნაცადი მქონდა. აპარატურა იგივეა, მაგრამ საფრანგეთში სრულიად სხვანაირად აკეთებენ. როგორც ექიმი ძალიან დავინტერესდი ამით, საფუძვლიანად გამოვიკვლიე, დავეკონტაქტე ფრანგულ ოფისს და ვუთხარი, რომ აპარატურის ყიდვა მინდოდა მათგან. ექვსი თვე დასჭირდა ამ აპარატურის ჩამოსვლას, იქამდე პარიზში ჩავედი და ინტენსიური ტრენინგი გავიარე მათთან, შევისწავლე ტექნიკა, როგორ ტარდება ეს პროცედურები და საერთოდ, როგორ მუშაობს ეს მეთოდი.
ამერიკაში დავბრუნდი, ავიყვანე ასისტენტი, პირადად ვასწავლე ეს საქმე და ოთახი ვიქირავე. ისე მოხდა, რომ პირველივე მომხმარებლებს უამრავი მსურველი მოჰყვათ. შედეგს რომ ხედავდნენ, მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ფიზიკურად ვეღარ ვატევდი იმ სივრცეში და მივხვდი, კლინიკა უნდა გამეხსნა, სხვანაირად ვერ ვიმუშავებდი.
კლინიკის რემონტს მოვრჩი, 1 მარტს გავიხსენით და 8 მარტს, ფაქტობრივად, მთელი ლოს-ანჯელესი დაიხურა პანდემიის გამო. ჩვენც დავკეტეთ კლინიკა. სექტემბერში ცოტა ხანს ისევ გაიხსნა, შემდეგ ისევ დაიკეტა. რა გეშველებაო, მეუბნებოდნენ და მე საერთოდ არ ვყოფილვარ პანიკაში, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა.
რა გაძლევდათ ამის იმედს?
დღემდე მეკითხებიან, როგორ მოახერხე, რომ ამდენი ბიზნესი დაიკეტა, შენი გადარჩა და ახლა ისე ხარ, მომლოდინეთა სია სამი თვით ადრეა გაწერილიო. მიზეზი ერთადაერთია: როდესაც ზედმეტად არ შფოთავ და მინდობილი ხარ შენზე ძლიერ ძალას, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
ძირითადად, რა მოტივით მოდიან თქვენს კლინიკაში?
უნდათ გარეგნობის, ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრება უნდათ, რომ შეეცვალოთ და მეუბნებიან ან მწერენ კიდეც ამას, შენ შეცვალე ჩემი ცხოვრებაო. ყვავილებს მიგზავნიან, მადლობას მიხდიან. რეალურად, ცვლილებები ჩვენს ხელშია. მე არაფერს ვცვლი, მე მათ ბიძგს და ინსტრუმენტებს ვაძლევ, რომ თავიანთი სურვილების მატერიალიზება მოახდინონ. როცა ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან, უდიდეს ენერგიას ვდებ ადამიანებთან საუბარში. ბიოველი რომ შეიცვლება, ეს იზიდავს ცვლილებებს. როცა შენი ჩაკრა იწყებს გამართულად მუშაობას, შენ თავად იზიდავ სასურველს.
რას ნიშნავს ჩაკრის გამართულად მუშაობა?
ჩაკრა არის ჩვენი ენერგეტიკული ცენტრი. ყველა ჩაკრა მზის ბრუნვის მიმართულებით ტრიალებს. თუ ადამიანს უნდა, რომ ჯანმრთელი იყოს, ეს უნდა ჰქონდეს ბალანსში. თუ ჩაკრები არ მუშაობს, სხვადასხვა პრობლემა ჩნდება. მაგალითად, თუ გულის ჩაკრა გაქვს დახურული, არ შეგიძლია განიცადო სიხარული, დეპრესიული ხდები. თუ ყელის ჩაკრაა ჩაკეტილი, ადამიანი ეფექტიანი კომუნიკაციის უნარსაა მოკლებული, მისი არ ესმით.
რომელ პროცედურებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა თქვენს კლინიკაში?
ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდე აპარატურაში. ამ სხვადასხვა აპარატურული მეთოდით ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხეულის მოდელირებას, რაც ფორმების დახვეწას, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და ცალკეული ზონის კორექტირებას გულისხმობს. ლოს-ანჯელესში ძალიან აქტუალურია და ბევრს უნდა სახის მოდელირება: სახის არაქირურგიული გზით კორექტირება, ასევე პიგმენტური და ასაკობრივი ლაქების მოშორება, კანის ფერის გათანაბრება და სხვა ათობით პროცედურა, რაც ადამიანს გარეგნობასა და თვითშეფასებას უცვლის. ჩვენთან რომ მოდიან, ცხოვრების სტილსაც იცვლიან, რადგან გარეგნული ცვლილებებით რთულად დაალაგებ რამეს, თუ შინაგანი ჰარმონია არ გაქვს.
რა რეაქცია ჰქონდათ ახლობლებს, როცა ასე რადიკალურად შეიცვალეთ ცხოვრების სტილი?
ჩვენი და ჩვენი ახლობლების ვიბრაციები რაღაც ეტაპზე შეიძლება ასცდეს ერთმანეთს. ამის გამო ბევრი მეგობარი დავკარგე. ისე გამოვიდა, რომ მე მათთვის უცნაური გავხდი. მაგალითად, ჩემთვის პარასკევ საღამოს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს იოგაზე წასვლა და მედიტაცია, ვიდრე მეგობრებთან ერთად კაფეში ჩაის დალევა. ვისთვისაც ეს უცხოა, ის ვერც გაიგებს. ალბათ ფიქრობდნენ, გაგიჟდაო. მე ცუდს არასდროს არავის ვუსურვებ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ აღარ მინდა ჩემს გვერდით იყოს. სულ ესაა. ეს არაა ჩემი მოგონილი. მეტაფიზიკოსებს ბოლო ოცი წელია აქვთ აპარატი, რომელიც ფოტოებს რომ გიღებს, შენს კარმასაც ხედავს, აურის ფერებსაც, ბიოველსაც და რამდენ მეგაჰერცზე ვიბრირებ, იმასაც.
რა უშლით ადამიანებს ხელს სასურველის მიღებაში?
რეალურად ყველაფერი შეიძლება მივიღოთ, რისკენაც ჩვენს ენერგიას მივმართავთ. ლიმიტი არ არსებობს. როგორ ენერგიასაც გასცემ, ისეთივე ბრუნდება უკან. მე, მაგალითად, ყოველ დილით ექვს საათზე ვდგები და ათიათას ნაბიჯს დავდივარ ფეხით. ამ დროს მარტო ვარ, ყურსასმენებიც კი არ მიკეთია. როცა ფეხით ბევრს დადიხარ და საკუთარ თავთან მარტო რჩები, ესა თუ ის იდეა გენერირდება შენში. თავიდან შეიძლება უცნაური მოგეჩვენოს, მაგრამ თუ ამას ჩვევად გაიხდი, თავს ვეღარ დაანებებ. რეალურად, ჩვენ უამრავი ენერგია გვაქვს იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში ის მოვიტანოთ, რაც გვინდა. როცა ნამდვილად გაქვს მიზანი და შენს ენერგიას მისკენ მიმართავ, ის აუცილებლად მატერიალიზდება და ჩვენი ცხოვრებაც იცვლება.
რატომ ხდება, რომ ზოგი სწრაფად იღებს სასურველს და სხვა ძალისხმევას არ იშურებს, მაგრამ არაფერი გამოდის?
აი იმან, ვინც წელებზე ფეხს იდგამს და ძალისხმევას არ იშურებს, რეალურად არ იცის, რა უნდა. როცა ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან ხოლმე, როგორც წესი, ასე იწყებენ ამბავს: მე არ გამომივიდა. მე ვერ შევძელი, მე ვერ მივიღე. ამ დროს შენ ვერ მიიღე ის, რაც არ გჭირდება. უამრავჯერ გამოვცადე ეს საკუთარ თავზეც. შეიძლება არაფერი გაკლდეს, მდიდარი, წარმატებული იყო და თავს ბედნიერად ვერ გრძნობდე. საქმეც ისაა, რა არის შენთვის წარმატება ‒ ის რაც სოციუმმა გასწავლა, რომ წარმატებაა და დაგისახა როგორც ყველაზე სასურველი თუ სრულიად სხვა რამ, რაც შენს სულს უნდა. ჩვენ უნდა მივაგნოთ რა გვხდის ბედნიერს.