სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ – საოცრად კონკურენტულია. თუ გვინდა, რომ მისმა დინამიკამ არ შეგვაშინოს: განვითარებისას – ცხოვრების ტემპს ფეხი უნდა ავუწყოთ, სწავლისას – სხვათა გამოცდილებას დავეყრდნოთ, გამოცდილების შეძენისას – სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, ხოლო მარტო ყოფნისას – საკუთარი თავი განვავითაროთ. თვითგანვითარება და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება არის ის, რაც პიროვნულად გვაყალიბებს, გვზრდის და ცხოვრების გიჟური სისწრაფეებისთვის გვამზადებს.
თიბისი ის ქართული კომპანიაა, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია, მედგრად დგას ქვეყნისა და ადამიანების განვითარების სადარაჯოზე. თიბისიში ხვდებიან, რომ იმ სისწრაფეზე, რომელსაც ჩვენმა ცხოვრებამ მიაღწია, წარმატების მოსაპოვებლად ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ობიექტურ ცოდნაზე დაფუძნებული ყოველდღიური განვითარება. სწორედ ამიტომ, თიბისიმ, მის პარტნიორებთან „HBR Georgia”-სთან და „ჯეპრასთან” ერთად, წამყვანი ბიზნეს გამოცემის, Harvard Business Review-ს გადმოქართულება გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, სერიას სამი წიგნი შეემატა: ერთი – გუნდის მოტივირებას გვასწავლის, მეორე – პროდუქტიულობას, ხოლო მესამე – სტრატეგიული ინოვაციების მართვას.
Harvard Business Review-ს ქართულენოვან გამოცემაზე, თვითგანვითარების მნიშვნელობაზე, თიბისის სამომავლო გეგმებსა და ჰარვარდის უნივერსიტეტში დაგროვილ მის პირად გამოცდილებაზე, თიბისის ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნინო ეგაძეს ვესაუბრეთ.
ნინო, Harvard Business Review-ს წიგნების გამოცემა რატომ გადაწყვიტეთ? რა გამოარჩევს მათ სხვა ბიზნეს ლიტერატურისაგან?
Harvard Business Review – მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემაა, მისი ქართულ ენაზე თარგმნა დიდი შესაძლებლობაა, რომელიც თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკას ეხმიანება: გვსურს სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ლიტერატურა ქართულადაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Harvard Business Review-ს წიგნები რეალურად მომხდარ ამბებს, ე.წ. „ქეისებს“ ეფუძნება, რომლებიც ძალიან ახალი, რელევანტური და თანამედროვეა.
ეს გამოცემა ისეთ ავტორებს აერთიანებს, რომელთაც დასკვნები კვლევების საფუძველზე გამოაქვთ. სამწუხაროდ, ბაზრის კვლევაზე და ქეისებზე დაფუძნებული ბიზნეს ლიტერატურის ქართულად წაკითხვა, თითქმის შეუძლებელია, რაც ბიზნესისთვის ერთგვარი მოტივატორიც უნდა იყოს – მათ ქეისების შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა შეეძლოთ. ამასთანავე, Harvard Business Review-ს წიგნებით, ადამიანებს შეუძლიათ ერთდროულად დაეუფლონ, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რაც ფორმატულად, ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგადად, განათლების სფეროში, თიბისის საკუთარი ნიშა აქვს: ჩვენი პლატფორმა „საბა“, რომელიც ქართველ მკითხველს ელექტრონული წიგნების უმსხვილეს ბიბლიოთეკას სთავაზობს, რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ამავდროულად, მუდმივად ვფიქრობთ ჩვენს შესაძლებლობებზე და ვცდილობთ, რომ სინერგია ვიპოვოთ, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ასევე განათლების კუთხით და რაც შეიძლება მეტ საინტერესო წამოწყებას დავეხმაროთ.
რამდენად მნიშვნელოვანია რეალურ ამბებზე, ე.წ. „ქეისებზე“ ბაზირებული ცოდნის მიწოდება ქართველი მკითხველისთვის?
ქეისებზე დაფუძნებული სწავლების იდეა გულისხმობს შემდეგს: მოცემულია გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი და სუბიექტების მიერ ამ კონტექსტში მიღებული სხვადასხვანაირი გადაწყვეტილებები.
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ქეისი გვასწავლის არის ის, რომ დრო, შინაარსი, იდეა და ჩვენი გარემო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება. შეუძლებელია, ქეისს ერთი სწორი ამოხსნა ჰქონდეს – მეტიც, შეიძლება ოცდაათ ადამიანს პრობლემის გადაწყვეტის ოცდაათი განსხვავებული ვერსია გაუჩნდეს.
თავდაპირველად, ამ გამოცემას საგანმანათლებლო გადმოსახედიდან ვუყურებდი, მაინტერესებდა თუ რამდენად შეიძლებოდა ამ წიგნებით ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. თუმცა, კვლევებსა და ქეისებზე ბაზირებულ სწავლას ალღო მალევე ავუღე და მივხვდი, რომ საქართველოში, ასეთი ცოდნა ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, ჩვენი ბიზნეს ისტორია იმდენ წელს არ ითვლის, რამდენსაც, მაგალითად აშშ-ში, ევროპაში ან ცალკეულ მსხვილ ქვეყნებში, რის გამოც, ლოკალური ქეისები, თითქმის არ გვაქვს. ისე კი, ჩემი და ჩვენი კომპანიის დიდი სურვილია, რომ ასეთ ქეისებად ვიქცეთ, რაც ნაწილობრივ უკვე შევძელით – თიბისის რამდენიმე ქეისი საერთაშორისოდ აღიარებულია.
Harvard Business Review-ს წიგნებს რეალური პერსონაჟები ჰყავს, რომელთათვის დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვთ, რაც გეხმარება ქეისი საკუთარ თავზე აღიქვა და მიხვდე, რომ ბიზნესში, უდავოდ სწორი პასუხი – უბრალოდ არ არსებობს. გაქვს კონკრეტული მოცემულობა, რომლიდანაც საუკეთესო გამოსავალი უნდა გამონახო, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. ჩემი და თიბისის დიდი სურვილია, ქეისებზე ბაზირებული სწავლება – ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს. ამისთვის დღესაც ბევრს ვაკეთებთ და ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მონაწილეობენ საჯარო გამოსვლებსა თუ საუნივერსიტეტო სწავლებაში.
Harvard Business Review-ს წიგნების გამოცემით რა აუდიტორიაზე გსურთ გასვლა?
საქართველოში, თიბისი მილიონობით ადამიანს ემსახურება, ვფიქრობ, რომ ამ გამოცემის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ ის კონკრეტულ სეგმენტს არ განეკუთვნება. თუ ადრე ბიზნეს ლიტერატურა აღმასრულებელი პოზიციებისთვის ან სხვა სტრატეგიული როლის მქონე პირებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს ასე არ არის: თამამად ვიტყვი, რომ ამ წიგნების წაკითხვა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, სტარტაპერს, მეწარმესა თუ სახლში მჯდომ ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი საქმე ჰქონდეს, ლიდერობას დაეუფლოს ან თუნდაც პროექტის მართვაში დახელოვნდეს. თუ ადრე, ეს ნიშური პროდუქტი იყო, დღეს ის აუცილებელია ყველასთვის.
რა როლს თამაშობს თვითგანვითარება დღევანდელ დინამიკურ სამყაროში?
საქართველო თვითგანვითარების ერთგვარ ბუმს განიცდის. წარმოიდგინეთ, რომ უეცრად, ბევრი ქართველისთვის, ინგლისური სრულად ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ქართულენოვანი კონტენტის მოცულობით ზრდასთან ერთად, ადამიანებს უზარმაზარი შესაძლებლობები შეუქმნა. დაიდო ქეისები და გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც გარკვეული გზა გაიარეს და მზად არიან, საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ.
თვითგანვითარების კუთხით, განსაკუთრებით საინტერესოა სხვადასხვა კურსების, ქოუჩინგისა და მიკროსაგანმანათლებლო თემების პოპულარიზაცია, რაც თავისთავად, უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. გაიზარდა სტარტაპერების კომუნა, რამაც ადამიანებს დამატებითი უნარების განვითარებისაკენ უბიძგა. მეწარმეობის უნარის გარდა, ადამიანები მარკეტინგსა და ბრენდინგს ეუფლებიან, დროის დაზოგვასა და ეფექტურობას სწავლობენ – თუკი ადრე ამ თემებზე მხოლოდ კორპორაციული მოწყობის კონტექსტში ვსაუბრობდით, ახლა ვხვდებით, რომ არეალი ბევრად უფრო ფართოა.
ნინო, ბოლო დროს, ცნობილი ანტრეპრენიორებისგან ხშირად გვესმის, რომ ფორმალური განათლება საჭირო აღარ არის. მოდი, ამ საკითხს ინსტიტუციური გადმოსახედიდან შევხედოთ. რას ფიქრობთ თქვენ და როგორ უყურებს ამ საკითხს თიბისი?
დასაწყისისთვის ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს, როგორც წესი, მიღებული აქვთ ფორმალური განათლება და მათთვის ამგვარად საუბარი – ძალიან მარტივია. მეორე მხრივ კი, თუ ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში, შეუძლია ნებისმიერ საფეხურს მიაღწიოს, ფორმალური განათლების გარეშეც. ჩემი აზრით, თვითგანვითარება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ ზუსტად გაიგო, დამატებით რისი შესწავლა გსურს. ცხოვრების განმავლობაში მქონდა ეტაპები, როცა თვითგანათლებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, რადგან ოჯახური მდგომარეობისა და დატვირთულობის გამო, გრძელვადიან კურსებზე უარის თქმა მიწევდა. ვაკეთებდი მოკლე კურსებს, ვკითხულობდი დამატებით ლიტერატურას, ვეცნობოდი სტატიებსა და კვლევებს, რაც ადამიანური კავშირების, მეგობრებისა და კოლეგებისთვის ინფორმაციის გაზიარებასთან შეთავსებით, ერთგვარ ინტელექტუალურ ტონუსში მამყოფებდა.
ბოლო დროს, მეგობრები განათლებასთან დაკავშირებით რჩევას რომ მეკითხებიან, ვეუბნები, რომ აუცილებელია ჰქონდეთ გეგმა, რომელსაც დროდადრო, სხვადასხვა ხანგრძლივობის კურსებით და საინტერესო წიგნებით შეავსებენ. ჩემი აზრით, განათლებას ლოგიკური ჯაჭვი, ხედვის ღერძი და მიზანი სჭირდება, რაც ადამიანის გონებას მუდმივ დინამიკაში ამყოფებს. რა თქმა უნდა, თემა რომელსაც ითვისებ უნდა მოგწონდეს და გაინტერესებდეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითგანათლება წარმოუდგენელია კარგი მენტორის გარეშე. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა დიდი დანაკლისის წინაშეა, რადგან მაღალი რანგის აღმასრულებელი ხელმძღვანელები მომავალ თაობას დროს ვერ უთმობენ ან ეს პრიორიტეტად არ მიაჩნიათ. სხვათა შორის, თიბისის ერთ-ერთი დამსახურებაა, რომ მომავალი თაობის ანტრეპრენიორებს არასდროს ეუბნება უარს – მეტიც, ჩვენ მათ ჩვენი კომპანიის შიგნითაც ვზრდით. ამის კარგი მაგალითია პროექტი „სტარტაპ დეკრეტი“ სტარტაპერი თანამშრომლებისთვის.
ნინო, თქვენ ჰარვარდის ალუმნა ხართ, რაც თიბისის ამ პროექტს დამატებით ელფერს სძენს. მოგვიყევით, რა პროგრამაზე ისწავლეთ და რა გამოცდილება შეიძინეთ?
ჰარვარდის უნივერსიტეტში გავაკეთე პროგრამა სახელწოდებით “Program for Leadership and Development“, რომელიც ჰარვარდის აღმასრულებელი განათლების სამი პროგრამიდან ერთ-ერთია. სიმართლე გითხრათ, ჰარვარდის აპლიკაცია უიმედოდ შევავსე, რადგან სტენფორდის უნივერსიტეტში მოხვედრა უფრო მინდოდა – აღმასრულებელი განათლების პირველი გამოცდილება სწორედ იქ მივიღე, თიბისის გუნდთან ერთად. თუმცა, მოხდა ისე, რომ ჰარვარდში უფრო სწრაფად მიმიღეს, ვიდრე სტენფორდში. შემდეგ, ამ ამბავს პანდემია დაემთხვა და გვკითხეს, რამდენად მისაღები იქნებოდა, სწავლას ექსპერემენტულ ჰიბრიდულ რეჟიმში თუ გავაგრძელებდით, რაზეც დავთანხმდი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ჯგუფი ჰარვარდის ისტორიაში განსაკუთრებულ გამოცდილებად ჩაიწერა, პანდემიური ლიდერობის კურსი მართლაც სამაშველო რგოლი იყო იმ ცვალებად გარემოში, რომელშიც აღმოვჩნდით.
ნინო, Harvard Business Review-ს სერია საკმაოდ მრავალფეროვანია. ხომ ვერ მოგვიყვებით, კიდევ რას გეგმავთ?
ამ დრომდე, სხვადასხვა კომპანიების მონაწილეობით ცხრა წიგნია გამოცემული, რისთვისაც HBR ქართულ გამომცემლობას და მის მხარდამჭერებს მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ეტაპზე, სამი ახალი წიგნის გამოცემას ვასრულებთ და მგონია, რომ მესამე სამტომეული ყველაზე მაღალი ხარისხისაა, რადგან ყველაფერთან ერთად, სალიტერატურო ბიზნესის ენაც ძალიან დაიხვეწა.
პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გვსურს, ამ ქეისებზე დაყრდნობით დისკუსიები ჩავატაროთ, რომლებზეც იმ ლექტორებს მოვიწვევთ, ვინც ამ ქეისებს წერენ. ქართულ აუდიტორიას აუცილებლად უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ წიგნების ავტორებთან პირდაპირი კონტაქტის საშუალება ჰქონდეთ. თავად ავტორები ამგვარი თანამშრომლობისათვის მზად არიან და შესაბამისად, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ამ იდეის ფიზიკურ ან ონლაინ სივრცეში გადმოტანა იქნება.
გარდა წიგნების უშუალო წარდგენისა და განხილვისა, რომელიც მცირე აუდიტორიისთვის გაიმართება, გუნდის შიგნით ლიდერობის პროგრამა გვაქვს, რომელსაც HBR-ის გამოცემას შევუთავსებთ. ასევე გვსურს, რომ ბიზნესკლუბის წევრებს და სტარტაპერებს წიგნებზე სპეციალური შეთავაზებები გავუკეთოთ, რაც, საბოლოო ჯამში, ლოკალური ბიზნეს კომუნის განვითარებას ხელს შეუწყობს. თუმცა, ყველაზე დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ ეს წიგნები საქართველოშიც გამოიცემა – ჰარვარდში დაკიდულ დიდ რუკაზე, საქართველოც არის მონიშნული.