საქართველოში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 70 წელს გადაცილებული პაციენტი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა და ის ე.წ. „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე აისახა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები“ – განაცხადა მედიასთან კლინიკის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც:

„ვიცი ეს პაციენტი, ვიცნობ მის მდგომარეობას. მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი… მას ერთი თვის წინ ჩაუტარდა ოპერაცია, სხეულზე ასევე აღენიშნებოდა ჩირქგროვები. ყველაფერ ამას დაემატა ვირუსი.“

ცნობისთვის, პაციენტი კლინიკაში 8 აპრილიდან მკურნალობდა, მისი მდგომარეობა 13 აპრილს დამძიმდა და იგი მართვით სუნთქვაზე გაიდაყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა 388 ადამიანს, მათგან 86 გამოჯანმრთელდა, 4 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.