რომელ ქვეყნებში და რა პირობებით შეგვიძლია მოგზაურობა

საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით დაზუსტდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მოგზაურობა დასაშვები ხდება და ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია.

ქვეყნები, რომლებთანაც საქართველო საზღვარს გახსნის 8 ივლისიდან

  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • ლატვია
  • ლიეტუვა
  • ესტონეთი

აღნიშნული ხუთი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული ფრენები შესაძლოა აგვისტოდან აღდგეს. უკვე ცნობილია, რომ აგვისტოდან კვირაში 2 რეისს მიუნხენის მიმართულებით ლუფთანზა შეასრულებს. ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები AirBaltic-სა და AirFrance-თან.

სავალდებულო კარანტინი

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საქართველოში დაბრუნებისას, მათ შორის ზემოთ ხსენებული 5 ქვეყნიდან დაბრუნებისას, კვლავ ვალდებულია გაიაროს 14-დღიანი კარანტინი.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

გაითვალისწინეთ, რომ საზღვრის კვეთა შესაძლებელია მხოლოდ საავიაციო გზით. სახმელეთო საზღვრებზე შეზღუდვები უცვლელად შენარჩუნდა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს: 144