რა ბედი ელით აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს

ის საერთაშორისო სტუდენტები, რომელთა სასწავლო პროცესი ამერიკულ უნივერსიტეტებში მომავალი წლიდან ონლაინ ჩატარდება, ქვეყანაში ლეგალურად ვეღარ გაჩერდებიან, – ასეთი რეკომენდაცია გასცა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა. აღსანიშნავია, რომ საუბარია იმ სტუდენტებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში F-1 ან M-1 დროებითი არასაიმიგრაციო ვიზის საფუძველზე იმყოფებიან.

Photo Credits to Boston Globe via Getty Images

ზემოთხსენებული აკრძალვა არ ეხება იმ უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებშიც სექტემბრიდან სწავლა ჩვეულებრივად განახლდება. იმ შემთხვევაში კი, თუ უნივერსიტეტი ჰიბრიდული სწავლების გზას აირჩევს, სტუდენტებს საიმიგრაციო სამსახურისთვის სპეციალური საბუთის წარდგენა დასჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში, აშშ-ში მილიონზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი იმყოფებოდა. ეს აკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპის გადაწყვეტილებების პარალელურად გვევლინება, რომელთა თანახმად, დროებით შეწყდა ე. წ. „მწვანე ბარათის“ გათამაშება და H-1B ტიპის სამუშაო ვიზის გაცემა. The Washington Post-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის საიმიგრაციო აკრძალვები იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის სამხრეთი საზღვრიდან, 21 მარტიდან 13 მაისის ჩათვლით, ამერიკაში ჰუმანიტარული დახმარების მაძიებელთაგან, ქვეყანაში ლეგალურად მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა.