ქვეყნები, რომელთანაც საქართველომ მიმოსვლა შეაჩერა

Photo Credits to Beka Pkhakadze

დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 33-ს აღწევს. ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალური მობილიზაციაა და COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით ყოველდღე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსახლეობის უსაფრთხოება.

სწორედ ამ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გამკაცრდა კონტროლი საზღვრებზე და მეტიც, რამდენიმე ქვეყანასთან ფიზიკური პირების მიმოსვლაც აიკრძალა.

გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ქვეყნებისა, რომელთანაც საქართველომ დროებით მიმოსვლა შეაჩერა.

ჩინეთი

2020 წლის 29 იანვარს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წყვეტდნენ საჰაერო მიმოსვლას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. თავდაპირველი შეზღუდვა მოქმედებდა 2020 წლის 29 მარტის ჩათვლით, მაგრამ განცახდებაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება გადახედვას ექვემდებარება.

იტალია

2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით შეწყდა მიმოსვლა იტალიასთანაც. განცხადებიდან ვიგებთ, რომ შეზღუდვის დასრულების ზუსტი დრო არ არის განსაზღვრული, რადგან იგი იმოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.

ირანი

დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდანაც, თუმცა ერთი გამონაკლისით. რამდენიმე ავიაკომპანიას მიეცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და გადაეყვანათ ტურისტები ირანის მიმართულებით.

სომხეთი და აზერბაიჯანი

საქართველოს მთავრობის მიერ 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს და ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება.

რუსეთი

იმ ქვეყნებს, სადაც დროებით ვერ მოახერხებთ ვიზიტს, 16 მარტიდან დაემატება რუსეთის ფედერაციაც. თუმცა, მიმოსვლის შეზღუდვა, როგორც აღმოჩნდა, არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

თურქეთი

გადაადგილება ასევე შეიზღუდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. თუმცა ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლაზე და ეს უკანსაკნელი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.