საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ბოლო 5 თვის მონაცემებით ჩინეთია | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 2020 წლის იანვარი-მაისის თვეების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 235.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტით შემცირდა და 894.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (162.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (141.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (136.6 მლნ. აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 258.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანის 8.2 პროცენტი).