ლანა ღოღობერიძეს პირველად, წლების წინ, ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე შევხვდი. მას შემდეგ ვფიქრობ მის სიტყვებზე: „რაღაცისთვის ხარ მოსული ამქვეყნად და სულ გიჩნდება კითხვები ‒ რა? როგორ? მეგონა, წლებთან ერთად ამ კითხვებს პასუხებს გავცემდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სულ არ არის ასე…პირიქით, კითხვები გიგროვდება და გიგროვდება…“
კინორეჟისორს ინტერვიუს ჩასაწერად ფილმ „ოქროს ძაფის“ პრემიერის შემდეგ შევხვდი. როგორც თავად ამბობს, მისი „ყველაზე პირადი ფილმი“ წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე პასუხების ძიებაა.
მიმაჩნია, რომ 91 წლის ლანა ღოღობერიძე თვისებებით, ქმედებებით თუ დამოკიდებულებით ყველაზე ახალგაზრდა ქალია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. გაცვეთილი ფრაზა ‒ „ასაკი მხოლოდ ციფრებია“, ‒ ვფიქრობ, თავის დროზე, სწორედ მასზე თქვეს. 50-იან წლების გამორჩეული მოთხილამურე, სწრაფდაშვებაში (სლალომში) საქართველოს ჩემპიონი დღესაც, კვირაში ორჯერ, ჩოგბურთს თამაშობს, არა იმიტომ, რომ სპორტული აქტივობით დაკავდეს, უბრალოდ ჩოგბურთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
ქალბატონო ლანა, რატომ უწოდებთ „ოქროს ძაფს“ თქვენს „ყველაზე პირად ფილმს?“
ლანა ღოღობერიძე: „პირადია, რაზეც ფილმის ბოლოს ლაპარაკობენ გმირები, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით არ მინდოდა ამის გადმოცემა. ასეთ კითხვას სვამს ფილმის პერსონაჟი: „მაინც რა არის მთავარი ცხოვრებაში, ეს პოლიტიკური დაპირისპირებები და პრინციპების ერთგულება, თუ მეორე ადამიანის გაგება და თანაგრძნობა?“ ზურა ყიფშიძე, რომელიც თამაშობს მთავარ გმირს, პასუხობს: „ალბათ თანაგრძნობა, ლენ“. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას ამბობს – „და განა მეორე ადამიანის გაგება პრინციპი არ არის?!“ მინდოდა, სწორედ ეს ხაზი ყოფილიყო – გაგება, თანაგრძნობა, სოლიდარობა ადამიანთა შორის. ეს უდიდესი რამ არის…“
მათთვის, ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავთ, აქვე განვმარტავ, რომ „ოქროს ძაფში“, 80 წლის იუბილეზე, ნანა ჯორჯაძის გმირს, რომლის დაბადების დღე თითქოს ყველას დაავიწყდა, მოულოდნელად, ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული ურეკავს. იმასაც გეტყვით, რომ ფილმის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ზაირა არსენიშვილის მოთხრობაში აღწერილი სატელეფონო რომანია.
ლანა ღოღობერიძე: „ეს ფილმი, რაღაცნაირად გადაეჯაჭვა სამწუხარო ამბებს – ამ ქვეყნიდან რამდენიმე ადამიანის წასვლას. პირველ რიგში, ეს არის ზაირა არსენიშვილი. ჩვენ ერთად ვაპირებდით ამ ფილმისთვის სცენარის დაწერას. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა, მაგრამ დარჩა ზაირას გამონათქვამები ფილმში, მაგალითად: „უნდა მოვასწრო ამის დასრულება, თორემ მთავარანგელოზის ფრთების შრიალი სულ უფრო და უფრო ახლოს მესმის…“ გარდა ამისა, ფილმში სიუჟეტური ხაზი, ორი ადამიანის სიყვარულის აღდგენაა, რომლებსაც ოდესღაც, ახალგაზრდობაში უყვარდათ ერთმანეთი, ახლა კი თავიანთ ბინებში არიან ჩაკეტილი და მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებიან ერთმანეთს. ეს ზაირას მოთხრობის სიუჟეტია, იქიდან არის აღებული“.
ფილმისთვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა. ეს მისი ბოლო ნამუშევარია. სიმღერა შეიქმნა მურმან ლებანიძის ლექსზე „გაზაფხული შემოსულა, ლენ“.
„ძალიან მომწონდა ჯემალ სეფიაშვილის ვერსია, მაგრამ როცა გია ყანჩელს შევთავაზე, იქნებ დაწეროთ სიმღერა დუეტისთვის-მეთქი, მართლაც დაწერა“, – იხსენებს ლანა ღოღობერიძე.
„გიამ ბრიუსელიდან დამირეკა და მითხრა: „ნუ გეშინია, ამ ფილმისთვის მუსიკას გავაკეთებ და მერე, წავალ ამ ქვეყნიდან“… გურანდა გაბუნია, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფილმში თამაში, საოცრად ემზადებოდა პრემიერისთვის – ფიქრობდა როგორი კაბა შეეკერა, რა ფერის და ისიც გარდაიცვალა… ერთი სიტყვით, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთთან სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება… უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არ არის. ეს ფილმი სწორედ ამ ადამიანებს მივუძღვენი“, – ამბობს კინორეჟისორი.
„თითქოს მათი წასვლა კანონზომიერი იყო, – მცირე პაუზის შემდეგ აგრძელებს ლანა ღოღობერიძე. – იქნებ ავადმყოფობა ან ასაკი? მაგრამ ზაზა ურუშაძე ხომ ახალგაზრდა იყო, 53 წლის… სიცოცხლით სავსე, რომლისგანაც ძალიან დიდ გამარჯვებებს ველოდით. ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია არათუ ქართულ კინოში, ქართულ კულტურაშიც კი. მსოფლიო წარმატება, მსოფლიო აღიარება, აბსოლუტურად
ყველაფერი წინ ჰქონდა…
„ოქროს ძაფის“ მონტაჟის ერთი ეტაპი ჩემთან ერთად ნახა. ყველაზე მეტად რაც მოეწონა სცენარშიც და ფილმშიც, სწორედ ეს ხაზი იყო: შეიძლება ორმა ადამიანმა ერთად იცხოვროს, შესაძლებელია მთავარი გმირი იყოს ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ მაინც ვერ გაუგოს იმ მეორეს, ვერ მიხვდეს, რომ ისიც მარტოა, რომ მასაც თავისი დარდი მიჰყვება და გააცნობიეროს ეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის წავა ამქვეყნიდან… რა უნდა ვთქვა ახლა?! გამოდის, რომ პირდაპირ დაემთხვა ზაზას წასვლას ამ ქვეყნიდან… ასეთი შეუბრალებელია ცხოვრება. კლდესავით იყო… ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ასე გამტყდარიყო…“
წლების წინ, თქვენი და თქვენი მეგობრები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდით. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები აქვს დღეს საქართველოს?
ლანა ღოღობერიძე: „რომ გვეგონა, გავხდით დამოუკიდებელი, თავისუფალი და პირდაპირ, კარგები და ბედნიერები, სულაც არ არის ასე. პირიქით ისეთი რაღაცები ამოტივტივდა ზედაპირზე, რაც არც კი გვეგონა, რომ ჩვენში იყო ჩაბუდებული. და იცით რატომ? ჩვენ გვავიწყდება, რომ თავისუფლებაც და დემოკრატიაც უნდა შეივსოს შინაარსით, თორემ სხვანაირად დარჩება მხოლოდ ფურცელზე ჩამოყალიბებული დებულება. რეალური თავისუფლება, რეალური დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ მართლაც გაგვიჩნდეს საერთო გულისტკივილი და საერთო მიზანი…“
რამდენიმე წამით საუბარს წყვეტს. შემდეგ კი გალაკტიონის სტროფებით აგრძელებს: „მარტოობასაც ავიტან მწარეს, უმეგობრობას ავიტან მძიმეს, ჩემი სამშობლოს სანახავიდან, ოღონდ ვხედავდე შუქს მოციმციმეს“. საერთო მიზანს უნდა ვხედავდეთ… ჩვენ გვყავს რეალური მტერი, რომელსაც ურჩევნია, ვიყოთ დაქუცმაცებული, ერთმანეთს ვებრძოლოთ, ერთმანეთში გვქონდეს შუღლი. ეს მართლა მის ინტერესებშია და ჩვენც ვემორჩილებით. იმის მაგივრად, რომ გვქონდეს ჩვენი პრინციპები, შეურიგებლობა. არ ვგულისხმობ, რომ ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს რადიკალიზმი, გაშმაგება, გააფთრება ერისთვის დიდი უბედურებაა. სანამ ამას არ გადავლახავთ, ჩვენ ვერ გავხდებით ის, რაც გვინდა – ნამდვილი ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ერი“.
ლანა ღოღობერიძე საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც არა მარტო რეჟისორი, მთარგმნელი, მწერალი, მხატვარი, არამედ როგორც დიპლომატი, პოლიტიკოსი… „როცა პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი ვიყავი, – გვიყვება ქ-ნი ლანა, – ჩემს კაბინეტზე გამოკრული მქონდა წარწერა: „შეურიგებლობა – შეურიგებლობას!“ სულ მინდოდა, მიგვეღწია რაღაცისთვის, ერთმანეთის გაგვეგო. კომპრომისი პოლიტიკაში აუცილებელია, უნდა გაიგო სხვისი პოზიცია და რაღაც დათმო, მასთან კამათში – ეს არის პოლიტიკის არსი…“
ლანა ღოღობერიძის თქმით, „ისტორიულად, დეტერმინირებული მარტოობა იყო საქართველოს ხვედრი. პატარა ქვეყანას, გამომწყვდეულს დიდ იმპერიებს შორის, მუდმივად გვანადგურებდნენ. ვიბრძოდით და გვინდოდა ცივილიზებული, ნამდვილი ერთობის – ევროპული ერთობის წევრი ვყოფილიყავით. და როცა პირველად შევაღეთ ევროპის კარი და როდესაც საქართველოს დროშა აღვმართეთ ევროპის საბჭოში, ვიდექით იქ მთელი დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად და ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემში ამოქმედდა გენეტიკური მეხსიერება და თითქოს დავინახე არგონავტების ჩამოსვლა, ოქროს საწმისი, ოქროს ხანა; ჩვენი ერთობის, ჰარმონიის, რენესანსული იდეების დამკვიდრების ხანა; ყინწვისის ანგელოზი, ჩვენი მშვენიერი ფრესკები, ჩვენი არქიტექტურა, გელათი… არ ვიცი, ყველაფერი აირია ჩემს თავში და ისეთი განცდა მქონდა, რომ მართლა ვართ უკვე იმ კარიბჭესთან, მაგრამ ეს მაინც საკმაოდ ეფემერული გამოდგა, და ახლაც, ჯერჯერობით, ისევ სადღაც ვართ გზის გასაყარზე“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.
შეკითხვაზე, რა არის გამოსავალი, კინორეჟისორი მპასუხობს: „მე ვფიქრობ, ხსნა ახალგაზრდებშია. და დავინახე კიდეც… როდესაც 2019 წლის 20 ივნისს, „გავრილოვის ღამით“, საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდები გამოვიდნენ, მე დავინახე მათი სულისკვეთება, სიმართლე, გულწრფელობა და რაღაც ნაღდი დავინახე იქ და, რა თქმა უნდა, მათი იმედი მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმის უფრო მეტი საბაბი მაქვს“.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ძაფის“ პრემიერის პარალელურად ლანა ღოღობერიძის დედის ფილმ „უჟმურის“ ჩვენება გაიმართა. 10 წელი გადასახლებაში მყოფი, პირველი ქართველი რეჟისორი ქალის, ნუცა ღოღობერიძის საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული და რუსეთის ფილმსაცავში გადამალული ფილმის მხატვარი პეტრე ოცხელი იყო. წლების შემდეგ, უკვე აღდგენილი ფილმის დამუშავებისას მისი მუსიკალურად გაფორმება გია ყანჩელმა დაიწყო და მისმა ვაჟმა სანდრო ყანჩელმა დაასრულა.
„თითქოს დედა დაბრუნდა. ახლა ჩამოვიდა გადასახლებიდან 85 წლის შემდეგ… ეტყობა ეს ნამდვილად ასეა, – გვიყვება ლანა ღოღობერიძე, – ყველა ხელოვანი, მე არ მიყვარს და მეუხერხულება საკუთარ თავს ხელოვანს რომ ვუწოდებ, მაგრამ არსებითად, ყველა ხელოვანი იბადება იმ ტრავმიდან, რომელიც ბავშვობაში მიიღო. ეს მართლა ასეა… ის, რაც დაკავშირებულია დედაჩემის დაჭერასთან, გადასახლებასთან… 10 წელი ვიცხოვრე დედის გარეშე და როდესაც ის დაბრუნდა, საერთოდ უცხო ადამიანი იყო. დიდი შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა დამჭირდა, რომ ჩემს ცხოვრებაში დედის არსებობა მეგრძნო. ჩემთვის დედა უახლოეს ადამიანად იქცა. ვფიქრობ, აქედან მოდის ის ყველაფერი, რაც მოგვიანებით შევქმენი და გავაკეთე“.
„დედაჩემი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მის ფილმებს მაყურებელი ნახავდა. ამაზე უფრო ამაღელვებელი ჩემთვის ნამდვილად არაფერია. ეს ნიშნავს დედაჩემის დაბრუნებას ცხოვრებაში… ჩემს ცხოვრებაში იმდენი ტკივილი და იმდენი ბედნიერება იყო, რომ აწონო, არც კი ვიცი, რომელი გადაწონის“.
მიაჩნია, რომ ცხოვრება შეხვედრებისგან და დაშორებებისგან შედგება. საუბრისას იოსებ ბროცკის სიტყვებს იხსენებს, რომელიც ფილმშიც ჟღერს: „მაშასადამე არ არსებობს დაშორებები, არსებობს ერთი დიდი შეხვედრა…“
შესაძლოა, მართლაც ასე დაინახო ცხოვრება, სხვა თვალით შეხედო და ბედნიერების განცდაც დაგეუფლება… – ინტერვიუს დასასრულს გვებნება საოცრად საინტერესო ქალი, რომლის ცხოვრება კინოს, პოეზიას, მხატვრობას, ლიტერატურას ეკუთვნის.
ავტორი: თაკო მესხი