ენერგიისა და ენერგო ეფექტურობის უმაღლესი პროფესიული პროგრამები

დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს პროფესიული და სასწავლო პროგრამები, რომლებიც სთავაზობენ შესაბამის კომპეტენციებს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით,  უპასუხებს ქვეყანაში არსებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებს. აქედან გამომდინარე, GIPA-მ  USAID-ს საგრანტო კონკურსის, “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”,  ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი, ინოვაციური და მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების შემუშავება.

„მომავალი წლისთვის პროფესიული განათლების სივრცეში გამოჩნდება ორი ახალი უმაღლესი პროფესიული პროგრამა: განახლებადი ენერგიის სისტემების ტექნიკური მომსახურება და ენერგო ეფექტურობა და ინსპექტირება. რაც საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებს სრულად უპასუხებს.“ – განაცხადა GIPA-ს  სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ქაშაკაშვილმა. მისივე თქმით სწორედ პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ.

პროექტში ჩართულები იქნებიან ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ პროგრამის მონაწილეებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, პროგრამით გათვალისწინებული სწავლებისათვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა GIPA-ს  შენობაში განთავსდება.

“ჩვენი მოლოდინი, ამბიციური გეგმა და ვალდებულებაცაა, რომ მომავალი წლის მაისში უკვე გამოვაცხადოთ მიღება. მომავალი წლიდან ჩვენ გვეყოლება პირველი ნაკადი უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე.“ – აღნიშნა ნანა ქაშაკაშვილმა.

GIPA-ს  პროფესიული განათლების პროგრამების ხანგრძლივობა იქნება ორი წელი. სწავლება მოხდება ქართულ ენაზე.

ენერგიისა და ენერგო ეფექტურობის უმაღლესი პროფესიული პროგრამების განხორციელების ჯამური ღირებულება დაახლოებით 750 ათასი დოლარია. 

პროფესიული განათლების კუთხით,   GIPA-ს   მიზანია, კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და განვითარება, საერთაშორისო ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოზიდვა და სასწავლო პროცესში ჩართვა, პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულებზე დაფუძნებული მოკლე და საშუალოვადიანი სერტიფიცირებული პროგრამების განხორციელება, პროფესიული განათლების სტუდენტთა კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაზე ზრუნვა.