მძიმე 90-იან წლებში, ოჯახის გადარჩენა ყველას მთავარი ამოცანა იყო, ამ წლებმა ბრძოლა გვასწავლა, ბრძოლა მათ შორის ლუკმა პურისთვისაც. ჩემმა ოჯახმა გამოსავალი ჩირის წარმოებაში დაინახა, საქმეში ყველა ერთად ჩავერთეთ და პროდუქციის რეალიზებას წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარის აგრარულ ბაზარში ვახდენდით.
ცხოვრებისეულ სიძნელეებს კიდევ ერთი გამოწვევა დაერთო, 2005 წელს მძიმე დაავადება დამიდგინდა, დღემდე ონკოპაციენტი ვარ და დაავადების დადგენიდან 10 წლის განმავლობაში ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი. სამშვილიანი ოჯახის მოვლა, ბავშვების სწავლა და ჩემი მკურნალობა ბუნებრივია დიდ ფინანსურ სახსრებთან იყო დაკავშირებული. ავადმყოფობის მიუხედავად, არ მქონდა უფლება მოვდუნებულიყავი, ჩემს თავში ძალა და ენთუზიაზმი უნდა მეპოვა, ონკოლოგიურ კლინიკასა და სახლს შორის მარშრუტი უნდა შემეცვალა. ანუ უნდა მეპოვა საქმე, რომელიც ყოველდღიურ საჭიროებებს დააკმაყოფილებდა.
ვიცოდი, რომ ქალაქ ჯვარში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ დაფინანსებით არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger) მეწარმეობის ტრენინგებს ატარებდა და წარმატებულ მონაწილეებს გრანტებს გადასცემდა. ეს 2018-2019 წლებში ხდება. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ასეთი პროექტების მიმართ მაშინ უნდობლობა მქონდა. მეგონა, რომ გრანტის გაცემა ნეპოტიზმით ხდებოდა. თუმცა ჩემი უფროსი შვილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ პროექტში ჩავერთე, მაგრამ სულ სხვა გეგმებით. ბავშვობიდან ჩემი ჰობი კერვა იყო, გრანტის მიღებაც საკერავი მანქანის შესაძენად მსურდა. ინდივიდუალური ტრენინგის დროს, ჩემს ტრენერს პირადი ისტორია მოვუყევი, ვუთხარი რომ ოჯახი 90-იანი წლებიდან ჩირის წარმოებით იყო დაკავებული. ტრენერმა მირჩია, რომ ამ გზით წავსულიყავი და გრანტი სწორედ საშრობი დანადგარებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად მომეპოვებინა. ამ კონკრეტულ კონკურსში მაღალი კონკურენცია იყო, გრანტის მიმღებად კი მხოლოდ 7 დამწყები მეწარმე განისაზღვრა. ისევ ტრენერის რჩევით, ბიზნესგეგმა კიდევ ერთი საგრანტო კონკურსისთვის დავწერე და ისე მოხდა, რომ ორივე კონკურსის გამარჯვებული გავხდი, შედეგად ორივე გრანტი მოვიპოვე. მარტივი არ იყო პარალელურად ორ ტრენინგზე სიარული, სახლში საოჯახო საქმეები და შვილების მოვლა, მაგრამ ბიზნესის გაფართოების საჭიროება იმდენად მწვავედ გვედგა, რომ ვიცოდი ეს გზა როგორმე უნდა გამევლო.
ხშირად მეკითხებიან, ონკოლოგიური დაავადების ფონზე როგორ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ ამდენი რამ მეკეთებინა. ჩემი ძალა ჩემი შვილები იყვნენ. სენაკში სკოლა წარჩინებით დავამთავრე, უნივერსიტეტში პედაგოგიური ფაკულტეტი კი წითელ დიპლომზე, სულ მინდოდა ჩემს შვილებსაც უმაღლესი განათლება ჰქონოდათ. იყო წლები როცა მხოლოდ ერთი ფიქრი მქონდა, როგორმე ჩემი შვილების სტუდენტობას მოვსწრებოდი, ბრძოლის ძალას სწორედ ეს ფიქრი მაძლევდა. გრანტების მოპოვების შემდეგ კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წუთითაც არ გავჩერებულვარ, მას შემდეგ არ დარჩენილა არც ერთი ტრენინგი, რომელსაც არ დავსწრებივარ.
სწორედ დონორების და სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით ვისწავლე ისიც, როგორ მექცია ჩემი საოჯახო წარმოება ბრენდად, ასე ნელ-ნელა შევქმენი კომპანია „ნინოს ჩირი“. ხურმისა და ლეღვის ჩირით დაწყებული ბიზნესის ასორტიმენტში ახლა უკვე გვაქვს შავი ქლიავის, ვაშლის ჩირი და ტყლაპი, ჩირი ჩიფსების სახით და შოკოლადში ამოვლებული ჩირი. წელს კივისგანაც დავამზადე და მომხმარებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
რაც შეეხება რეალიზაციას, თუ ადრე პროდუქციას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ბითუმად ვაბარებდი, ახლა უკვე შეფუთვაც გვაქვს და პროდუქციის სხვადასხვა ქალაქში მიწოდებასაც უზრუნველვყოფთ. იყო წლები, როცა ზუგდიდის ბაზრიდან ჩვენი ჩირი აფხაზეთშიც კი გაჰქონდათ. შეფუთვამ საშუალება მომცა, რომ პროდუქცია ადგილობრივ მარკეტებშიც შევიტანო. რეალიზაციაში მეხმარებიან გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრებიც, მათი მეშვეობით შეკვეთებს თბილისიდანაც ვიღებ.
„ნინოს ჩირი“ სრულიად ბიოწარმოებაა. ეს იაპონიის ლაბორატორიამაც დაადასტურა, მაშინ როცა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ჩვენი პროდუქცია შესამოწმებლად იაპონიაში გააგზავნა, საიდანაც დადებითი პასუხი მივიღე. შემოწმების შემდეგ ჩვენი ჩირი იაპონიაში სარეალიზაციოდაც რამდენჯერმე გაიგზავნა.
EPIC -ის გრანტით შეძენილი დანადგარები მზის ენერგიაზე მუშაობს, შესაბამისად ჩირი ზუსტად ისე შრება, როგორც მზეზე, ბუნებრივად. საწარმო სახლში გვაქვს მოწყობილი და ყველაფერი ისეა გამართული, რომ წარმოება დაცულია მიკრობებისგან.
დონორები ბევრჯერ ვახსენე, ეს იმიტომ რომ მათ გარეშე, თანაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიზნესის გაფართოებას ალბათ ვერ გავრისკავდი. ახლა იმისთვის ვმუშაობ, რომ „ნინოს ჩირს“ შტრიხკოდები მიენიჭოს და პროდუქცია სუპერმარკეტების ქსელში შევიდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესეც გამომივა.
სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.