HBO MAX-მა კინოფილმი „ქარწაღებულნი“ რასიზმის გამო სტრიმიდან წაშალა

კადრი ფილმიდან „ქარწაღებულნი“. ვივიენ ლი და ჰეთი მაკდენიელსი

HBO MAX-მა კინოფილმი „ქარწაღებულნი“ სტრიმიდან წაშალა, რადგან იგი რასისტულ საკითხებთან სენსეტიურად მიიჩნია. ფილმთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებები შეერთებულ შტატებში სამოქალაქო პროტესტების ტალღას მოჰყვა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.

HBO Max-ის წარმომადგენელის განცხადებით, „ფილმი ასახავს იმდროინდელ რასისტულ და ეთნიკურ სტერეოტიპებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არსებობდა ამერიკულ საზოგადოებაში. ეს შეხედულებები კი არასწორი იყო წარსულშიც და შეცდომაა ახლაც, ამიტომ ამ ყველაფრის ახსნა-განმარტების გარეშე წარმოჩენა, ისტორიული კონტექსტის გარეშე, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.“

1939 წელს გადაღებული ფილმი „ქარწაღებულნი“, რომელიც ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, მოგვითხრობს სკარლეტ ო’ჰარასა და რეტ ბატლერის სასიყვარულო ისტორიას. სიუჟეტი 1861 წელს, ჯორჯიას შტატში, ვითარდება, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

აღნიშნულ ფილმს სხვადასხვა კატეგორიებში 10 ოსკარი აქვს მოპოვებული. ასევე, არის პირველი ფილმი, რომელში მონაწილეობისთვისაც ოსკარი შავკანიანმა მსახიობმა დაიმსახურა – ჰეთი მაკდენიელმა აკადემიის ჯილდო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო.

HBO-ს განმარტებით, ფილმი სტრიმზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც განიხილება მისი ისტორიული და ფაქტობრივი კონტექსტი. ასევე, სავარაუდოა, რომ მომავალში განხილვას დაექვემდებაროს ცნობილი ანიმაციური ფილმი „ტომი და ჯერი“.