გალფი ის კომპანიაა, სადაც აღმასრულებელ რგოლში ქალია – ვიცე-პრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე, რომელსაც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. სტუდენტობისას, ამერიკაში ერთხელ შიმშილისგან კინაღამ გული რომ წაუვიდა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ მის ცხოვრებაში არასდროს განმეორდებოდა. მიზანს ამერიკაშივე მიაღწია, თავისი კარიერის 11 წელი კი იმ კომპანიას დაუკავშირა, რომლის სტრატეგიის ნაწილიცაა, სხვისი ცხოვრებაც უფრო მარტივი იყოს.
CSR-ი ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თვითრეგულირებადი ბიზნესმოდელია, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ანგარიშვალდებული როგორც საკუთარი თავის, საკუთარი ინვესტორების მიმართ, ისე უფრო ფართოდ ‒ საზოგადოების მიმართ. ასეთი ტიპის ბიზნესმოდელი კომპანიას უქმნის შესაძლებლობას, გაცილებით უკეთ გაზომოს ის გავლენა, რაც მას აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე ‒ იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი.
ამგვარი ანგარიშვალდებულება ერთი მხრივ, ინვესტორების მეტ ნდობას იწვევს, თუმცა მეორე მხრივ ‒ თავად კომპანიისგანაც მეტ გამჭვირვალობას და ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიის არსებობას მოითხოვს. ერთი მიზეზი ესეც არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოტაა ისეთი ბიზნესი, რომელიც გაზრდილ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელს ირჩევს. თუმცა, ვინც ირჩევს, მათ შორის, გამორჩეულებს ყურადღებას Forbes Woman Georgia აქცევს.
Gulf Georgia ასეთი კომპანიაა.
მათგან გავრცელებულმა უახლესმა კამპანიამ ‒ „გალფი ბავშვებისთვის“ – 1,016,000 ლარის მოზიდვა შეძლო. პროექტი გალფის ქსელში, 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც გალფის მომხმარებლების მიერ გალფ კლუბის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 10 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე ირიცხებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გალფმა 1 500-ზე მეტი უკიდურესად გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება შეძლო.
„ამ ოჯახებს პირადად ვიცნობთ. ვუშვებთ, რომ ჩვენი ქველმოქმედების 10% არაკეთილსინდისიერი მოთხოვნების გამო, შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს – მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რამდენ ღარიბ ოჯახს გავუმართავთ ხელს. მთავარია, რომ ვეხმარებით მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს დახმარება“, – ამბობს ნინჩო ჯიბლაძე.
სწორედ მსგავსი რისკების გამო, განვითარებული მსოფლიო უფრო გამარტივებულ CR ანუ კორპორაციული პასუხისმგებლობის მოდელს ირჩევს, სადაც საქველმოქმედო – ძირითადად, ფულადი მხარდაჭერის აქტები – მინიმუმამდეა დაყვანილი და უფრო მეტად, საზოგადოების უნარების განვითარებაზე, ინკლუზიურობის მიღწევაზე და გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირებაზეა ორიენტირებული – თუმცა საქართველოში, სადაც სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყნის ეროვნულ საკითხებს შორის წლიდან წლამდე ყველაზე აქტუალურ გამოწვევებად რჩება – საქართველოში და რეგიონშიც CSR-მოდელი ჯერ კიდევ წამყვანი ბიზნესმოდელია.
ნინჩო ჯიბლაძის თქმით, დღევანდელი სამყარო იმდენად ცვალებადია, ყველაფერი წამებში უნდა გათვალო ისე, რომ არ გამოგრჩეს სხვისი გაჭირვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან – სადაც ეს საჭიროა. „ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე გამოდგა ჩვენი მეზობელი თურქეთისთვის, სირიისთვის – ამბობს გალფის ვიცე–პრეზიდენტი და იმ მიწისძვრას იხსენებს, რომელმაც ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა და დაზარალებულთა ნაწილს ჯერ კიდევ ნანგრევებში ეძებენ – ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. თუკი შეგვიძლია, მუდამ ვდგავართ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ვჭირდებით“. თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოდან უკვე გაგზავნილია – პირველ ეტაპზე, 16 ტრაილერი.
ერთჯერადი დახმარებების არსენალში გალფის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ფულად თანხას აქვს თავისი დანიშნულება: ამით ადამიანს უქმნი შესაძლებლობას, იყიდოს ის, რაც მისთვის აქამდე სრულიად მიუწვდომელი იყო. შეგრძნება, რომ უცებ, მოულოდნელად შეიძლება ყველაზე მიუწვდომელი სურვილიც კი აგიხდეს – საოცარი შეგრძნებაა და თუ კომპანიას ამ განცდის გაცემა შეუძლია, ასეც უნდა მოიქცეს“, – სჯერა ნინჩო ჯიბლაძეს.
გალფი ამ კუთხითაც გამორჩეულია – საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულება და მხარდაჭერა თითქმის არასდროსაა ერთჯერადი: რომელი პროგრამაც დაიწყო, ყველა ტრადიციად დაამკვიდრა და ამიტომაც მივაქციეთ ყურადღება – CSR-ი ამ კომპანიისთვის მხოლოდ იმიჯის ნაწილი არ არის, ღირებულებების და კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილიცაა. ამაზე მეტყველებს პროგრამების მრავალფეროვნებაც და CSR-ბიუჯეტიც – რომელიც მარკეტინგის ბიუჯეტზე საგრძნობლად მეტია.
„ჩვენ ვდებთ ინვესტიციას მომავალში“, – ასე აჯამებს გალფის ანგარიშვალდებულებას მისი ვიცე-პრეზიდენტი.
ეს ინვესტიციები რამდენიმე მიმართულებით იშლება. მაგალითად: წიგნიერების გავრცელება – „შვიდი წელია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში ყველა სოფელს ჰქონდეს ბიბლიოთეკა. უკვე 5000-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ და აღვჭურვეთ წიგნებით“, – გვეუბნება ნინჩო ჯიბლაძე.
სპორტის მხარდაჭერა: „გალფის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გალფის მხარდაჭერით არაერთი სპორტული ღონისძიება იმართება, მხარში ვუდგავართ ქართველს სპორტსმენებს თუ გუნდებს. ჩვენი მთავარი სპორტული პროექტი კი საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო მოედნის გახსნაა, რომელსაც ზაზა ფაჩულიასთან ერთად ვახორციელებთ. უკვე მოეწყო ოთხი საკალათბურთო კორტი ‒ თბილისში, გორში, სენაკში და რუსთავში. ამ წელს კიდევ სამი მოედნის გახსნა იგეგმება. საკალათბურთო მოედნები მუდამ სავსეა ბავშვებით, ახალგაზრდებით. ზოგან რიგებიც კი დგას და წინასწარ ჩაწერით ვარჯიშობენ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანიც ‒ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას შევაყვაროთ სპორტი“, – ჰყვება ნინჩო ჯიბლაძე.
გარემოზე ზრუნვა („მოუარე საქართველოს“): „მოუარე საქართველოს გალფის პროექტია, წელიწადში რამდენჯერმე გავდივართ და ტურისტულ ზონებს ვასუფთავებთ მოხალისეებთან ერთად. საქმეს მოვრჩებით ხოლმე და დასუფთავებულ ადგილას ტრაფარეტს ვტოვებთ „ნუ დაყრი ნაგავს, მოუარე საქართველოს“, – ამბობს ნინჩო ჯიბლაძე.
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე („შეიფარე და იზრუნე“); სტუდენტების მხარდაჭერა („გალფის სტიპენდიატები“) – ყველა ეს პროექტი გრძელვადიან ეფექტზეა ორიენტირებული.
„შენი ღირებულებები თუ ეფუძნება სხვაზე ზრუნვას, სხვის გახარება სიამოვნებას განიჭებს. ჩვენთან ასეა. ჩვენს დამფუძნებელს, ჩვენს გუნდს ეს ანიჭებს უდიდეს ბედნიერებას და უქმნის მოტივაციას, მეტ წარმატებას მიაღწიოს, რათა მეტის გაზიარება შეძლოს საზოგადოებისთვის“, – ამბობს ნინჩო ჯიბლაძე.
Gulf Georgia ქართულ ბაზარზე ლიდერი ნავთობკომპანიაა. ფორბსის რეიტინგის მიხედვით, 2021 წელს გალფი საქართველოს ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების ტოპ სამეულშია.
მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის Gulf Oil International ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა.
Gulf Georgia საქართველოს მასშტაბით 151 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს – მათგან 43 თბილისშია. სადგურებზე არსებული მაღაზიების რიცხვი კი 90 აღწევს. კომპანიის მიზანია, მაღალი ხარისხის ევროპული საწვავი და დასავლური ტიპის მომსახურება ქართველი ავტომფლობელებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
გალფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი დასაქმებულია. თავადაც არ სჯერა, მაგრამ უკვე 11 წელია, რაც ნინჩო ჯიბლაძე გალფის თანამშრომელია.
ფორბს ვუმენთან გულწრფელ ინტერვიუში ნინჩო გვიმხელს, რომ ერთ ადგილზე ამდენ ხანს გაჩერება ვერასდროს წარმოედგინა, თუმცა მისი სამსახური იმდენად დინამიკური და გამოწვევებით სავსეა, რომ დღემდე ბევრ რამეს სწავლობს და საკუთარი თავი არცერთი მიმართულებით ჯერ არ ამოუწურავს.
„რაც შეუძლია მოგცეს დიდმა კომპანიამ, რომელიც თავის თანამშრომელს იმის თავისუფლებას ანიჭებს, რომ განვითარდეს და თვითონ იყოს დიდი გადაწყვეტილებების მიმღები, სრულიად დამოუკიდებლად მართოს თავისი დეპარტამენტი ‒ ვერცერთი უნივერსიტეტი ამას ვერ მოგცემს“, – ამბობს ნინჩო ჯიბლაძე, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და სწორედ სტუდენტობისას ამერიკაში სამწლიანმა ცხოვრებამ და სტუდენტურ სამუშაოებზე მუშაობამ გამოუმუშავა პასუხისმგებლობის გრძნობაც, წინააღმდეგობების დაძლევის უნარიც და წარმატებისკენ სწრაფვის სურვილიც.
გალფის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ გაუმართლა – რადგან განვითარებული დასავლური მსოფლიოსთვის დამახასიათებელ ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს გალფის დამფუძნებელიც. „ვანო ნაკაიძე სხვა პრიზმიდან უყურებს ბიზნესს“, – გვიხსნის ნინჩო ჯიბლაძე: „მისთვის მთავარია გრძელვადიანი გავლენა, რაც მის კომპანიას ჩვენს საზოგადოებაზე და მის განვითარებაზე ექნება, ამიტომ განათლებაში ინვესტირება მისთვის მთავარი პრიორიტეტია“.
გალფი ყოველწლიურად 100 ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელს 300 ლარის სტიპენდიით აჯილდოებს. „შეიძლება ზღვაში წვეთია“, – მეუბნება ნინჩო ჯიბლაძე – „მაგრამ დღეს რომ აბიტურიენტია, მან უკვე იცის, რომ თუ მისაღებ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, გალფის სტიპენდიატებს შორის მოხვდება. ვფიქრობ, ეს დამატებითი მოტივაციაა“.
ყურადღებით ვუსმენ – მთელი ინტერვიუს განმავლობაში, გალფის ვიცე-პრეზიდენტი CSR-ის მიმართულებით დახარჯულ თანხებს ხარჯს არ უწოდებს, მხოლოდ – ინვესტიციას; ინვესტიციას, რომელიც გრძელ ვადაში გამოადგება არა მხოლოდ კომპანიას – მაგალითად, უფრო კვალიფიციური კადრების თუ ლოიალური მომხმარებლის სახით, რაც 21-ე საუკუნეში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა – არამედ, მთელს ქვეყანას, სადაც ერთი კონკრეტული კერძო ბიზნესი ხდება იმის მაგალითი, რომ ერთმანეთზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
გალფის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერვიუს დაწყებამდეც ვიცოდი, რომ ამ სტატიას დავიწყებდი ბავშვებით და დავასრულებდი ცხოველებით.
– გალფში დასაქმება ვისაც უნდა, მათთან ერთი კითხვა გვაქვს: ცხოველები გიყვართ?
– ალბათ უკვირთ, არა?
– ხშირად. თუმცა, უკვე იმდენი მიუსაფარი ძაღლი შევიფარეთ და ვუვლით, რომ მათი სიყვარულის გარეშე, ბენზინგასამართ სადგურებზე ვერავინ გაძლებს.
– ეს პირადად თქვენი ფავორიტი პროექტია?
– ნამდვილად ძალიან ხშირად მომყავს მაგალითად, რადგან ზრუნვა თუ ღირებულებაა, ის ვრცელდება ყველაზე და არა მხოლოდ – ადამიანებზე.
ჩვენც ამიტომ ვყვებით ამ ამბებს. სწორი ღირებულებები გადამდებია.