© TBC სტარტაპერი

ჰენდიკრაფტი ახალი ქართული ბრენდია, რომლის მიზანი ქართული, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ქართველი დედებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა. კომპანიის მიზნების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჰენდიკრაფტის დირექტორი, თამარ კობახიძე გვესაუბრა.

პირველ რიგში, მოგვიყევით, როდის და როგორ გაჩნდა თქვენი კომპანიის „ჰენდიკრაფტის“ შექმნის იდეა?

ჰენდიკრაფტის იდეა 2017 წელს გაჩნდა, როდესაც მე თვითონ გავხდი დედა – სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ სფეროთი. სურვილი, რომ რაღაც ახალი და გამორჩეული შემექმნა სულ მქონდა. იდეის ინსპირაცია ჩემი შვილი იყო. ბავშვის დაბადებისას, სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოვიძიე ხარისხიანი ქართული პროდუქცია საბავშვო მიმართულებით. საქართველოს ბაზარი ძირითადად გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, რომელიც ხშირად ხარისხით ვერ დაიკვეხნის. რამდენიმე თვე აქტიურად ვეძებდი ბავშვის ტანსაცმელს, თეთრეულს, საჭირო ნივთებს. ბოლოს გადავწყვიტე, რომ თავადვე შემექმნა ქართული და ხარისხიანი პროდუქცია, თანაც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

 

თქვენი აზრით, რა გამოარჩევს „ჰენდიკრაფტს“? მოგვიყევით, რა პროდუქტებს აწარმოებთ ამ ეტაპზე?

ჰენდიკრაფტი გამოირჩევა ბევრი სხვა მწარმოებლისგან იმით, რომ ჩვენ ყველა დეტალს ვამზადებთ ხელით. ყველა აპლიკაცია, რომელიც იქმნება სათითაოდ იჭრება ქსოვილისგან და იკერება ძაფით. ასევე, არ ვიყენებთ საღებავს ჩვენს პროდუქციაში. თუმცა, დავიწყოთ თავიდან – საცდელად შევქმენით საძილე ტომარა, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა ქართულ რეალობაში და არ იწარმოებოდა. ჩემთვის, როგორც დედისთვის ის ძალიან საჭირო ნივთი იყო. საძილე ტომრის წყალობით პატარას უშფოთველი ძილი გარანტირებული იყო.

სლოგანი სწორედ ამ პირველ პროდუქტს უკავშირდება – „გაიმარტივე დედობა“. თანამედროვე, დაკავებული დედებისთვის გადავწყვიტეთ ისეთი პროდუქტი შეგვეთავაზებინა, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივს გახდიდა. საძილე ტომრის შექმნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა დედებისგან. შეიქმნა მკლავიანი საძილე ტომარა მოხსნადი მკლავებით, ღია ფეხების ნაწილით მოუსვენარი პატარებისთვის, საზაფხულო და ა.შ.

ყოველთვის ვცდილობთ პროდუქციას ახალ-ახალი პატარა დეტალები შევძინოთ. საძილე ტომრის შემდგომ შეიქმნა მანქანის ორგანაიზერი. ეს არის სივრცე, სადაც მშობელს მგზავრობისას შეუძლია მოათავსოს ყველა ნივთი ერთ ადგილას: საწოვარა, ბოთლები, სველი ხელსახოცები, საფენები და ა.შ. მოგვიანებით შეიქმნა სხვადასხვა გამოსაკრავი ნაკრებები, ბალიშები, ბუდეები და რითიც ძალიან ვამაყობთ-ინტელექტუალური ხალიჩა. ეს არის ხალიჩა, სადაც 12 განმავითარებელი კვადრატია. შემეცნებითი ხალიჩა ხელს უწყობს ბავშვის მოტორულ (ნატიფი მოტორიკა) და სენსომოტორულ განვითარებას (მგრძნობელობით-მოძრაობითი).

ხალიჩაც მოთხოვნიდან გამომდინარე მუდმივად იხვეწება, იცვლება ფიგურები, ფორმები და მაქსიმალურად ვცდილობთ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას მოვარგოთ. ბევრი ემიგრანტი კლიენტიც გვყავს. განსაკუთრებული სიახლე კი პროდუქტების მიმართულებით გვაქვს – ე.წ. „ბეიბი ბოქსი“ ანუ ჩვილის სასაჩუქრე ნაკრები. ბოქსი მოიცავს 7 უნიკალურ ნივთს, რაც დედას და ჩვილს პირველ დღეებში და თვეებში სჭირდებათ.

გქონდათ თუ არა წინარე გამოცდილება, რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე?

წინარე გამოცდილება ამ მიმართულებით არ მქონია. აკადემიური განათლება მარკეტინგისა და საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით მივიღე, ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საფრანგეთში – ეს ძალიან დამეხმარა საქმის წამოწყებისას. 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი მენეჯერულ პოზიციაზე, აქ მიღებულმა გამოცდილებამაც მიბიძგა, რომ ეს საქმიანობა დამეწყო.

თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე არც თუ ისე მარტივია. საკმაოდ მომთხოვნი მომხმარებლები გვყავს, რაც გვახარებს. მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ხარისხიანი პროდუქტი არ იწარმოება, ნელ-ნელა ქრება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ქართული პროდუქტის განვითარებას და შევიძინოთ მხოლოდ ქართული.

როგორც ვიცი, გაქვთ ფეისბუქ ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს აწვდით სხვადასხვა სახის ინფორმაციას, სტატიებს თუ როგორ მოუარონ შვილებს, ესაუბრებით თანამედროვე გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე. როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?

ეს ჯგუფი ახალი შექმნილია და აქტიურად ვგეგმავთ მასში გავაწევრიანოთ ყველა დედა. ძალიან გვინდა, რომ პროდუქციის გარდა ჩვენს დედებს ყველა არსებულ, მათთვის საინტერესო შეკითხვაზე ვუპასუხოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია დედების დახმარება, ამიტომ თუ შევძლებთ სასარგებლო პროდუქციასთან ერთად სასარგებლო რჩევებიც შევთავაზოთ, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით.

სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა და გეგმავთ თუ არა ამ კუთხით ცვლილებებს?

ჩვენი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ამჟამად ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ონლაინ შეუძლიათ. ასევე, სხვადასხვა ონლაინ მაღაზიების მეშვეობით, რომელთაც ჩვენს გვერდზე ვაზიარებთ ხოლმე. ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია მალე ხელმისაწვდომი იყოს მაღაზიაშიც.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „ჰენდიკრაფტისგან“?

სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ კოლექციასა და დიზაინზე. ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და ჩვენი კომპანიის წყალობით ქართველ დედებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ დედობა.

No Comments Yet

Comments are closed