idée fixe | შეუმჩნეველი სილამაზე

ადრე ალბათ უფრო ბევრს ვოცნებობდით – იმაზე, რაც გვინდოდა და არ გვქონდა, რასაც ვეძებდით და ვერ ვპოულობდით, რაც მოგვწონდა, მაგრამ მიუწვდომელი იყო, რაზეც ვფიქრობდით, თუმცა, ფიქრი მხოლოდ ფიქრად რჩებოდა, რადგან ოცნებების ახდენის შესაძლებლობები, თვითრეალიზაციის არსი და წარმატებულ მცდელობათა ნაკრები ოპტიმისტი ადამიანებისთვისაც შედარებით უცხო ხილი იყო. ანუ იყო სურვილი, მაგრამ შედეგი არა მხოლოდ რთულად ან ძალიან რთულად მიღწევადი, არამედ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მიუღწეველი, განპირობებული თავისუფალი ბაზრის არარსებობითა და სტარტაპების კულტურის სიმცირით.

და რა ხდება დღეს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქა მეტწილად ოცნებების ახდენის ეპოქაა, რაც ბიზნესის ენაზე ციფრული სამყაროს მრავალფეროვან შესაძლებლობებში, საკომუნიკაციო არხების სიმარტივეში, სწორად შემუშავებულ ბიზნეს სტრატეგიასა და ცოტაოდენ თავდაჯერებულობაში ითარგმნება.

აი, მაგალითად, თუ ძალიან გინდა კონკრეტული სტილის, კონცეფციისა და იდეის მატარებელი სამოსი, რომლის სიმცირესაც ლოკალური ბაზარი განიცდის, შეგიძლია გამბედაობა მოიკრიბო, თანამოაზრეები შემოიკრიბო, გარისკო, შეურთდე ქართული სტარტაპების დიდ ოჯახს და თავად გახდე სასურველი პროდუქტის მწარმოებელი.

ასე მოიქცნენ თიკა კერესელიძე, სალომე სადუნიშვილი და ნინუცა ივარდავა, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო და შექმნეს idée fixe – ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელების ბრენდი.

Aesthetic of Simple, Subtle and Unobtrusive Beauty – ამ სიტყვებით აღწერთ idée fixe-ს.

რა არის თქვენთვის სიმარტივე, დახვეწილი პროდუქტი და შეუმჩნეველი სილამაზე?

თიკა კერესელიძე: ზემოთ ჩამოთვლილი, ეს სამი ძირითადი მახასიათებელი ერთმანეთისგან გამომდინარეობს და იმ ესთეტიკას, ხედვასა და მიმართულებას აღწერს, რომელიც მოგვწონს და ჩვენი ბრენდის ხასიათს განსაზღვრავს. დახვეწილი მარტივიც არის და ლამაზიც და ასე, ნებისმიერი წყობით, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სილამაზე თითქოს ორი ერთმანეთის საპირისპირო აზრის მატარებელი სიტყვებია. მასში მოიაზრება ბუნებრივი სილაღე, რომელიც მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით კი არ განისაზღვრება, არამედ შეუმჩნეველი სილამაზე ჩვენს ობიექტებს აღწერს ინდივიდუალური ინტერესებით, ცხოვრების სტილითა და შინაგანი ინტელექტით.

რაც შეეხება სეზონურ ტრენდებს – როგორც ბრენდი, ჩვენ მასზე არ ვართ დამოკიდებულები.

რამ მოგცათ ერთი მარტივი იდეის გარშემო გაერთიანების ინსპირაცია?

ნინუცა ივარდავა: სამი მეგობარი ვართ, რომლებმაც რაღაც მომენტში აღმოვაჩინეთ, რომ გემოვნების კუთხით საკმაოდ ბევრი საერთო გვაქვს. იმდენად ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს სხვადასხვა გვერდებს, არტისტებს, ბრენდებს თუ წიგნებს, რომ საბოლოოდ მივხვდით, – ის ესთეტიკა, რომელიც ასე მოგვწონს, საქართველოში საერთოდ არ არსებობს და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომელმაც მე მგონი, გაამართლა. არადა ეს საქმე ყველანაირი მოლოდინის გარეშე დავიწყეთ და უბრალოდ მივყევით დინებას. მერე პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად კონკრეტული სირთულეებისა, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, ერთგვარი თერაპიაც კი არის ჩვენთვის. ამ დრომდე, ინსპირაციას შემოქმედებითი პროცესისგან ვიღებთ, რადგან მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებს და სურვილებს მივყვებით.

როგორ აქციეთ თქვენი ეს გატაცება ბიზნესად? როგორ მოიპოვეთ პოპულარობა ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე?

თიკა კერესელიძე: პოპულარულობა, ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება და ამაზე ბევრს არც ვფიქრობთ. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ რამდენიმე ცნობილმა უცხოელმა ბლოგერმა საკუთარი ინიციატივით მოგვწერა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენით ის ინსტაგრამ გვერდი თუ ბლოგერი ინტერესდება, რომელსაც თავად წლებია მიჰყვები. ამგვარად, რადგან მოდის მარკეტინგის უმთავრესი იარაღი დღეს ინსტაგრამია, სწორედ ამ პლატფორმაზე დათაგულმა ფოტოებმა წამოიყვანა ბევრი ადამიანი ჩვენს გვერდზე. ამასთან, ბევრ ქართულ ბრენდს არ აქვს საერთაშორისო მომხმარებელზე გათვლილი ონლაინ მაღაზია. ჩვენი აზრით კი, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რითაც საერთაშორისო ნდობა ასე სწრაფად მოვიპოვეთ.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის წარმატებისთვის მისი ძირითადი კონცეპტიდან არგადახვევა?

სალომე სადუნიშვილი: მნიშვნელოვანია, თუ მიზანი სწორედ კონკრეტული ხაზით განვითარებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობთ, რომ ბრენდი შეიძლება დროსთან ერთად გარდაიქმნას და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით განვითარდეს. ამ შეკითხვაზე პასუხი ცალსახად კი ან არა – ვერ იქნება. შეიძლება კონცეპტი დაიხვეწოს ან სხვადასხვა კომპონენტები დაიმატოს, მაგრამ მთავარი ღერძი იგივე დარჩეს.

რას გვეტყვით თქვენს მომხმარებელზე?

ნინუცა ივარდავა: ჩვენი მომხმარებელი ორ ნაწილად იყოფა – საერთაშორისო მომხმარებლების უმეტესი ნაწილი აშშ-დან არის, შემდეგ კი მოდის – ბრიტანეთი და რუსეთი. მეორე ნახევარს ადგილობრივები წარმოადგენენ. ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი მაინც 25-35 წლამდეა და მგონი ყველანარი სტილის ადამიანებს ვიზიდავთ. ისე, ბუნებრივია ეს, რადგან ნებისმიერი ადამიანის გარდერობში შეიძლება იყოს მარტივი „მერი
ჯეინი“ ან „კლასიკური შავი შუზი.“

რა გამოგარჩევთ საქართველოში დამზადებული სხვა ბრენდებისგან?

თიკა კერესელიძე: ცოტა რთულია ამის თქმა. ალბათ, ჩვენი ხედვა და პროდუქტისადმი მიდგომა გამოგვარჩევს.

რას ამბობს idée fixe, როგორც ბრენდი ქართული მოდის სამყაროში?

ნინუცა ივარდავა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ სეზონურ ტრენდებს დიდად არ ვუყურებთ და ამასთან, ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია დაცლილი იყოს ზედმეტი დეტალებისგან, ალბათ idée fixe-ს სათქმელიც სწორედ ეს არის – სილამაზე სიმარტივესა და სისადავეშია და კიდევ იმაში, რაც მოგწონს და თავს კომფორტულად გაგრძნობინებს.

idée fixe დამოუკიდებლად, სამმა გოგონამ შექმენით, გზად ბევრ სირთულეს წააწყდით, მაგრამ არ დანებდით და დღეს უკვე წარმატებული ბრენდის წარმომადგენლები ხართ. როგორ ფიქრობთ, რაშია ქალების ძალა?

სალომე სადუნიშვილი: ნებისმიერი ადამიანის ძალა მის ადამიანურობაში, გულწრფელობასა და საკუთარი პრინციპების ერთგულებაშია. დღეს, როდესაც ქალებს ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს, ალბათ, ამ რთულ გზაზე სიმტკიცე, მართლაც, არის ჩვენი სიძლიერის მთავარი ინდიკატორი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ რაიმე სხვა მიმდინარეობების დამატებას?

სალომე სადუნიშვილი: ჩვენს უახლოეს გეგმებში შოურუმის ტიპის სამუშაო სივრცის გახსნა შედის; ასევე გვსურს, ონლაინ პლატფორმა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და გავამარტივოთ. ალბათ მალე დავამატებთ ლიმიტირებული რაოდენობის ტანსაცმლის ხაზსსაც.

 

ფოტო: ანა ბოკო