„მხევლის წიგნი“ კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის დისტოპიური რომანია, რომელიც პირველად 1985 წელს გამოიცა. ამავე სახელწოდების სერიალი ტელეარხ HULU-ზე კი 2017 წლიდან გადის.
„მხევლის წიგნი“ საშუალებას გაძლევთ შეაბიჯოთ იმ პატრიარქალურ სამყაროში, სადაც რელიგიის სახელით ქალების უფლებებს ზღუდავენ, სადაც მათი ერთადერთი დანიშნულება მამაკაცების მორჩილება და მკაცრად განსაზღვრული მოვალეობების შესრულებაა.
წარმოგიდგენთ ოთხ ყველასთვის ნაცნობ ამბავს, რომლის ინტერპრეტაციასაც „მხევლის წიგნში“ შევხვდებით.
მხევლების გამოყენება უნაყოფობის წინააღმდეგ
წიგნსა და სერიალშიც მხევალ ქალებს მაღალი თანამდებობის მამაკაცები აუპატიურებენ და მათი ოჯახისთვის ბავშვის გაჩენას აიძულებენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ საზოგადოებაში უნაყოფოდ ითვლებიან არა მამაკაცები, არამედ აუცილებლად მათი ცოლები, გაუპატიურების შედეგად შობილ ბავშვს კი უფლის საჩუქრად მიიჩნევენ. გაჩენისთანავე, მხევლებს შვილებს აშორებენ და იმავე რიტუალის შესასრულებლად ისინი სხვა ოჯახში გადაჰყავთ.
ეს კონცეფცია ძველი აღთქმითაა შთაგონებული და მოგვითხრობს ორი დის: რახელისა და ლეას ისტორიას, რომლებიც ერთ მამაკაცზე – იაკობზე არიან დაქორწინებულები. ლეამ იაკობს შვილები გაუჩინა, რახელი კი უნაყოფო აღმოჩნდა.
„დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.
განურისხდა იაკობი რახელს და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?
თქვა ქალმა: აჰა, ჩემი მხევალი – ბალა. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
მისცა ბალა, თავისი მხევალი და შევიდა მასთან იაკობი. დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.“
საჯარო მშობიარობა
დღევანდელ რეალობაში მშობიარობა საავადმყოფოს პერსონალურ ოთახებში მიმდინარეობს, „მხევლის წიგნში“ კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: მხევლები იძულებულნი არიან, ბავშვი საჯაროდ, ქალების გარემოცვაში გააჩინონ.
XVII-XVIII საუკუნეებში მსგავს ტრადიციას სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც იცავდნენ. საჯაროდ მშობიარობის მთავარი არსი ის იყო, რომ საზოგადოებაში “სამეფო ბავშვის” ჩანაცვლების ეჭვები განექარვებინათ. ზოგიერთი ცნობით, საფრანგეთის დედოფალი მარი ანტუანეტი ლამის გარდაიცვალა მშობიარობის დროს, რადგან ასობით ადამიანი შევიდა მის ოთახში.
ქალები შრომით ბანაკებში
მხევლის წიგნში „ცოდვილი“ ქალები (ლესბოსელები, ნაყოფის აბორტის გზით მომცილებელნი და სხვ.) იგზავნებიან შრომით ბანაკებში, სადაც დაუცველი შრომის პირობებში იღუპებიან.
„ამორალურად“ წოდებულ ქალებს ა.შ.შ-ში 1900-იანი წლების დასაწყისში აპატიმრებდნენ, ე.წ. “ამერიკული გეგმის” განხორციელების დროს. პროგრამა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო და ამ გზით ამერიკელ ჯარისკაცებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მატარებელი ქალებისგან იცავდნენ.
ისტორიკოსმა სკოტ შტერნმა ამერიკულ გეგმას „ა.შ.შ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მასობრივი კარანტინი“ უწოდა.
როგორც წიგნსა და სერიალში, ასევე რეალურ ისტორიაშიც, პატიმარ ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი ეკრძალებოდათ, რადგან ავტორიტეტ მამაკაცებს ეშინოდათ იმის, რომ ისინი გუნდურად შეიკრიბებოდნენ და აჯანყდებოდნენ. სკოტ შტერნი აღნიშნავს, რომ „არსებობს სამთავრობო მოსმენების ჩანაწერებიც, სადაც ოფიციალური პირები საუბრობენ, რომ ქალებს არ აქვთ ერთმანეთთან საუბრის ან/და ერთმანეთისთვის გაღიმების უფლება, დღის განმავლობაში ორი წუთის გარდა.“
„მხევლის წიგნში“ ქალები ჩუმად აწყობენ ამბოხებებს, პარალელის გავლება კი კვლავ ამერიკულ გეგმასთან შეგვიძლია. როგორც ისტორიკოსმა განაცხადა, რეალურ ისტორიაშიც უამრავი ქალი აჯანყდა და ციხიდან გაქცევაც მოახერხა.
ქალებისა და ბავშვების იძულებითი განცალკევება
„ტოტალიტარიზმში ყოველთვის განსაზღვრულია, ვის აქვს შვილის ყოლის უფლება და რა უნდა გაკეთდეს ჩვილებისთვის.“ – ამბობს მარგარეტ ეტვუდი. „მაგალითად, არგენტინაში გენერლები თვითმფრინავებიდან ხალხს ყრიდნენ. თუკი რომელიმე ქალი ორსული აღმოჩნდებოდა, ელოდებოდნენ, სანამ ბავშვს გააჩენდა და ჩვილს თავიანთი სისტემის წარმომადგენელ პირს აძლევდნენ. ამის შემდეგ, ქალსაც აგდებდნენ.“
ჰიტლერის რეჟიმი ევროპიდან ისეთ ბავშვებს იტაცებდა, რომლებიც „არიული რასის“ წარმომადგენლებს ჰგავდნენ, რათა გერმანიაში ჩაეყვანათ და ადგილობრივებისთვის მიეშვილებინათ, ამის მთავარი მიზანი კი გერმანიზაცია გახლდათ.
იძულებითი შვილად აყვანა ისტორიაში 1950-1970-იან წლებშიც გვხვდება, კერძოდ – ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.
თანამედროვე რეალობაში, ოჯახებს შორის იძულებითი განცალკევების საკითხი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც დადგა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ საიმიგრაციო პოლიტიკის გატარების შემდეგ, ბევრმა იდეური პარალელი „მხევლის წიგნთან“ გაავლო – მარგარეტ ეტვუდის ეს შესანიშნავი რომანი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ყველა დროში აქტუალურია.
წყარო: Insider