ბერტა ფონ ზუტნერი – ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი

საუკუნეების განმავლობაში ქალებს არ ჰქონდათ განათლების მიღების, ქონების და ხანდახან საკუთარი თავის ფლობის უფლებაც კი. იცხოვრე და ემორჩილე მამაკაცს – სწორედ ამ მორალზე აიგო საზოგადოება, რომლის შეცვლასაც ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

XIX საუკუნეში მსოფლიოს ფემინიზმის პირველმა ტალღამ გადაურა – ქალებმა გაბედეს და ხმა ამოიღეს. საზოგადოების მხრიდან უდიდესი ზეწოლისა და სიძულვილის მიუხედავად, ფემინისტი აქტივისტები არ გაჩერებულან და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ქალებს შეუძლიათ, თავისუფლად აიღონ მართვის მოწმობა, მისცენ ხმა არჩევნებზე, ითამაშონ ფეხბურთი, ჩაირიცხონ საავიაციო სკოლაში და იყვნენ ისინი, ვინც არიან.

ერთ-ერთი ამ ქალთა შორის იყო ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელი, ნოველისტი, ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ერთ-ერთი პირველი ქალი ნობელის ლაურეატთა სიაში და ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფემინიზმისა და ქალთა უფლებების განვითარებაში.

ბერტას მამა ფრანც მიხაელ გრაფ კინსკი გოგონას დაბადებამდე გარდაიცვალა, დედა სოფი ვილჰელმინა კი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და მთელი ქონება ამ საქმიანობას შესწირა. 30 წლის ასაკში ბერტას ცხოვრება მთლიანად იცვლება: ის გადაწყვეტს, რომ საკუთარი შრომით გამოიმუშავოს ფული და სწორედ ამიტომ, ზუტნერების ოჯახში უცხო ენების მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ამ პერიოდში მას მათი უმცროსი ვაჟი, არტურ ფონ ზუტნერი უყვარდება. გრძნობა ორმხრივი აღმოჩნდება და მიუხედავად ზუტნერების ოჯახის წინააღმდეგობისა, ბერტა და არტური 1876 წელს მაინც დაქორწინდნენ და დადიანების მოწვევით საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდნენ, სადაც მათ 10 წელი დაჰყვეს. ბერტა ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძემ ჰამბურგში გაიცნო.

„1864 წელს მე და დედა ფორ დე ჰოეს აგარაკზე გავემგზავრეთ, ქალაქ ჰამბურგში, სადაც გავიცანი სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე და მისი ოჯახი. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა.“- იხსენებდა ბერტა.

1882 წლამდე ისინი ზუგდიდში ცხოვრობდნენ, ხოლო ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ კი – თბილისში. ზუგდიდში ცხოვრების ხუთ წელს ბერტა ძალიან თბილად იხსენებს და თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების მიზეზადაც ასახელებს საკუთარ დღიურში „ქართველებთან და საქართველოში“.

„ზაფხულობით ჩვენ ზუგდიდში სრულიად მარტონი ვრჩებოდით და ამ სიმარტოვეს დიდებულად ვიყენებდით. რამდენიმე საათს დილით არტური სამშენებლო საქმიანობის მეთვალყურეობას უთმობდა, ხოლო დანარჩენი დრო მთლიანად მე მეკუთვნოდა. მაშინ შეგვეძლო გვემუშავა ჩვენს ნაწარმოებებზე, გვეწერა. ამ დროს შეიქმნა ჩემი რომანები: „ცუდი ადამიანები“, „ჰანა“ და „წიგნის სულის ინვერტარიუმი“. ამ დროსვე ვკითხულობდით ჩვენ ერთად, ერთად ვსწავლობდით, ხანგრძლივად ვმუსაიფობდით ყველაფერზე, რაც გვაინტერესებდა. ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი ცხოვრების ფილოსოფია, ჩვენი მსოფლმხედველობა, რასაც ალბათ სხვა პირობებში ვერ შევიმუშავებდით. ჩვენ ნამდვილი ედემის ჰარმონიაში ვცხოვრობდით.

რამდენიმე მშვენიერი წელი დავყავით ჩვენ ზუგდიდში – სამეგრელოს მთავარ ქალაქში. აქ იყო აღმოსავლური სახლების ერთი გრძელი მწკრივი, აქვე იყო ღია, გახსნილი ჯიხურები. დუქანი-დუქანს მოსდევდა, ამიტომ ეძახდნენ ამ ქუჩას ბაზარს – მას ერქვა აგრეთვე ბულვარი, რადგან ხეების ორმაგი წყებით იყო დამშვენებული: ეს იყო აკაციები, როცა ყვაოდნენ, მთელი ზუგდიდი გამაბრუებელი სურნელით იყო გაჟღენთილი. ზუგდიდში იყო აგრეთვე ვიუტენბერგელი გლეხების სახლები, ეს იყო, ასე ვთქვათ, გერმანული კოლონია. ამის იქით მწვანე მდელოებსა და სიმინდის ყანებს შორის გაფანტული კავკასიური სტილის ერთსართულიანი სახლები მოსჩანდა. და ბოლოს, დიდი პარკის შუაგულში აღმართული იყო დადიანების სასახლე. სულ ეს იყო ზუგდიდი“.

თავდაპირველად ბერტა მუსიკისა და უცხო ენების მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო არტური არქიტექტორად. ცოლ-ქმარი სწორედ საქართველოში ჩამოყალიბდნენ მნიშვნელოვან პუბლიცისტებად. ჟურნალისტურ საქმიანობას ისინი 1877 წლიდან შეუდგნენ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი და არტურიც ამ თემაზე აქვეყნებდა ძირითადად წერილებს, ხოლო ბერტა კი ავსტრიული გაზეთებისთვის წერდა ესეებსა და მოთხრობებს.

„თბილისი ნახევრად აღმოსავლური, ნახევრად ევროპული ქალაქია. ქალაქის ევროპულ ნაწილში იგივე ყოფა-ცხოვრება სუფევს, როგორც ჩვენს დიდ ქალაქებში: ევროპული ტანსაცმელი, ევროპული ჩვევები, ფრანგი მზარეულები, მუსაიფი რუსულ და ფრანგულ ენებზე და ა.შ.“

ზუტნერები 1885 წლის მაისში ვენაში დაბრუნდნენ და არტურის ოჯახსაც შეურიგდნენ.

1889 წელს გერმანიაში გამოიცა ბერტას პაციფისტური რომანი „ძირს იარაღი!“. ნაშრომში ასახულია ომი მთელი თავის სისასტიკით. ზუტნერმა გმირობისა და დიდების ნაცვლად, სამხედრო კონფლიქტის საშინელი შედეგები აღწერა. ბერტას ეს წიგნი მის უდიდეს წარმატებად იქცა, ითარგმნა თექვსმეტ ენაზე და გამოქვეყნდა უამრავ გამომცემლობაში.

1902 წელს, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბერტამ დანაკლისის გადალახვა საქმეზე კონცენტრირებით სცადა და უფრო დიდი ძალისხმევით შეუდგა მშვიდობის შესახებ გზავნილის გავრცელებას.

„პაციფიზმის ფიურერი“ – ასე უწოდებდნენ ბერტას. ის პირველი ქალია, ვინც ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. ბერტას დიდი წვლილი მიუძღვის მშვიდობის მიმდინარეობის განვითარებაში და ნობელის მშვიდობის პრემიის ჩამოყალიბებასაც მას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან თვით ბერტამ შთააგონა ალფრედ ნობელს, რომ ეს პრემია დაეწესებინა. იგი არა მარტო მწერალი და პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი, არამედ ფემინისტი და ქალთა მოძრაობის ლიდერიც იყო.

1905 წელს მწერლის ღვაწლი ნობელის მშვიდობის პრემიით დაფასდა. ის იყო პირველი ქალი, რომელსაც აღნიშნული პრიზი გადაეცა. 1929 წლამდე, სანამ ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ დაიბეჭდებოდა, „ძირს იარაღი!“ ომის წინააღმდეგ დაწერილ, ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ნაწარმოებად ითვლებოდა.

1912 წელს წელს ბერტა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს. მან შტატებში 6 თვე გაატარა. კითხულობდა ლექციებს და ხვდებოდა ამერიკელ ფემინისტებს. ბერტა მშვიდობისმოყვარე ქალთა სხვადასხვა კონფერენციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში“, რომელიც ბერლინში ტარდებოდა.

ბერტა ფონ ზუტნერი შტეფან ცვაიგისადმი მიწერილ წერილში: „ადამიანები ვერ ხვდებიან, საქმე რას ეხება… რატომ არაფერს იღონებთ, ახალგზარდებო? ეს პირველ რიგში თქვენ გეხებათ! თავი დაიცავით, გაერთიანდით! ნუ იქნებით ყოველთვის ჩვენს იმედად – ორიოდე ხანდაზმული ქალის იმედად, რომელსაც არავინ უსმენს.“

თავად ბერტა 1914 წლის 21 ივნისს სიმსივნისგან გარდაიცვალა. ზუტნერის პორტრეტი ძველ ავსტრიულ სავალუტო კუპიურასა და დღევანდელ ავსტრიულ 2 ევროიან მონეტებზეა გამოსახული.

 

სტატიაზე მუშაობდნენ: მარიამ კერესელიძე, ელენე ნამიჩეიშვილი, თინა ხუნწარია

ილუსტრაცია: მარიამ მახარაშვილი