ჰ&მ მაღაზიების დახურვის პროცესს აჩქარებს და ონლაინ გაყიდვებზე გადასვლას გეგმავს

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი H&M მაღაზიების დახურვის ტემპს აძლიერებს და 2020 წლის ბოლომდე ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრენდმა პანდემიის გამო შეცვლილი დღის წესრიგის საპასუხოდ მიიღო.

გასულ პარასკევს, შვედური მოდის თანამედროვე გიგანტმა წლის პირველი ნახევრის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივ ვალუტაში, 1 დეკემბრიდან 31 მაისამდე, გაყიდვებმა 24% –ით დაიკლო. ხოლო წლის მეორე კვარტალში მაღაზიების უმეტესობის დახურვამ მაჩვენებელი 50%-ამდე შეამცირა.

ამავდროულად,  1 მარტიდან 31 მაისამდე, ბრენდის ონლაინ გაყიდვები ადგილობრივ ვალუტაში 32%-ით გაიზარდა.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს ბრენდი 170 მაღაზიის დახურვას აპირებს, რაც დაგეგმილზე 40-ით მეტია. ასევე შეჩერებულია ახალი ფილიალების გახსნა.

„ნათელია, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული კლიენტთა ქცევის სწრაფი ცვლილება კიდევ უფრო დააჩქარებს მოდის სამყაროს ციფრულ ვაჭრობაზე გადასვლის პროცესს, შესაბამისად ინტერნეტ გაყიდვებში ბევრად მაღალ მოგებას ველოდებით“ – განაცხადა H&M ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰელენა ჰელმერსონმა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პანდემიის შედეგად ონლაინ ვაჭრობაზე გადასული მომხმარებელი შეინარჩუნებს ვაჭრობის ამ ფორმას და არც შემდგომში იტყვის მასზე ადვილად უარს.