ადამიანური კაპიტალის დიდი გასეირნება ციფრულ სამყაროში

ციფრული ტრანსფორმაცია გახდა თანამედროვე ბიზნესის წარმოების, კომპანიისა და ადამიანური კაპიტალის მართვის მნიშვნელოვანი ტრენდი და განუყოფელი ნაწილი. ამას ემატება ადამიანის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ჩანაცვლება სხვადასხვა პროგრამით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჩეტბოტებით (chatbot) და ზოგჯერ რობოტებითაც.

ამ პროცესებმა უკვე მიიღო დაჩქარებული სახე, რომლის ბევრი მაგალითი არსებობს როგორც გლობალურად, ასევე საქართველოშიც. შეიძლება ითქვას, რომ რუტინული, მარტივი თუ რთული, მაგრამ ერთფეროვანი საქმის კეთებაში დროდადრო ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს. ადამიანს ეძლევა საშუალება, შექმნას ის, რასაც ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, მიიღოს სიამოვნება შემოქმედებითი პროცესისგან, გამოიყენოს თავისი ნიჭი, ცოდნა, უნარები და გამოცდილება.

ამისთვის უნდა ვისწავლოთ ხელოვნურ ინტელექტთან, ციფრულ პროცესებთან მეგობრობა და თანაცხოვრება, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და ვმართოთ ეს პროცესები. ადამიანის ნიჭს და ავთენტურობას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი პიროვნული და ბიზნესტრანსფორმაცია ციფრულ სამყაროში.

დიდ ციფრულ მოგზაურობას თან ახლავს სხვადასხვა გამოწვევა ადამიანური კაპიტალის მართვის კუთხით.

ირმა ოქროპირიძე – მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, HR-ექსპერტი.

ფოტო: ნათია ასანიძე / Forbes Woman Georgia
↹ დიდი გადინება vs დიდი მიმზიდველობა

ციფრულ სამყაროში ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დაგეგმონ, შეცვალონ და გადახედონ თავიანთ პროფესიულ კარიერას. მათ აქვთ საშუალება, გაიუმჯობესონ პიროვნული და პროფესიული უნარები, იპოვონ შემოსავლის წყარო სახლიდან გაუსვლელად და ა.შ.

ამ რეალობაში კომპანიები დადგნენ დილემის წინაშე: მასობრივად რატომ ტოვებენ თანამშრომლები სამსახურს? ეს საკითხი აღელვებს დღეს დამქირავებელს არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად.

რა თქმა უნდა, კომპანიებში ყოველთვის იყო თანამშრომლების გადინების გარკვეული პროცენტი, თუმცა დღევანდელ დღეს თანამშრომლების გადინებამ და ახალი თანამშრომლების მოზიდვის პრობლემებმა არნახულ მასშტაბს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ იმავე ციფრულმა სამყარომ ხელი შეუწყო დამქირავებლის რეპუტაციის/ბრენდის ვარდნას და გაართულა ახალი თანამშრომლების მოზიდვა.

მარტივად რომ ვთქვათ, „არაფერი არ იმალება ციფრულ სამყაროში“ და ორგანიზაციული, მენეჯერული თუ HR-შეცდომები ელვის სისწრაფით ვრცელდება სოციალური ქსელებით და სხვადასხვა ციფრული არხით. ნდობისა და რეპუტაციის აღდგენა კი რთულია მოკლე პერიოდში, რადგან ნდობის აღდგენას სჭირდება რეალურად სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა დაპირებები. საჭიროა იმ დადებითი ემოციების დაბრუნება, რაც დავაზიანეთ: ვიღაცას არ მოვუსმინეთ, ვაწყენინეთ და ბოდიში არ მოვუხადეთ, არ ვიმუშავეთ სათანადოდ ამ მიმართულებით, პანდემიის დროს ხელი არ შევუწყვეთ და ა.შ.

პრაქტიკაში არსებობს მეორე უკიდურესობაც, როდესაც კომპანიაში „უძრაობის“ ხანაა და საერთოდ არავინ არც მიდის და არც მოდის, „უძრაობის“ მიზეზების განსაზღვრა ცალკე ანალიზის თემაა.

მენეჯერული შეცდომები, არასწორი ორგანიზაციული კულტურა, სამუშაოს ერთფეროვნება, განვითარების შესაძლებლობის არქონა, არასწორი კომუნიკაცია, მუდმივი სტრესი და გადაწვა იწვევს თანამშრომელთა ბედნიერების, ჩართულობისა და კმაყოფილების ინდექსის ვარდნას, რაც აისახება კომპანიის წარმატებაზე, თანამშრომლების პროდუქტიულობაზე და, ბუნებრივია, მომხმარებელზე. ციფრულ სამყაროში დიდ მოგზაურობას კი შეუძლია, ამ ყველაფრის შეცვლაში დაგვეხმაროს.

მართვის სტილის ცვლილებასთან ერთად, გადახედვას და მოდერნიზებას საჭიროებს ბიზნესპროცესები, რაც არ არის მარტივი საქმე. ბიზნესპროცესების ციფრული მოდერნიზაციის გზაზე შეგვხვდება საქმის დუბლირების, ბიუროკრატიის, მოუქნელი და არაეფექტიანი პროცესების ჯაჭვი. ამ ციფრულ მოგზაურობაშიც დაგვეხმარება ბიზნესის რუკების აწყობის პროგრამები, მონაცემების ანალიზის საშუალებები, სწორი კომუნიკაცია და ცვლილების სურვილი. ბიზნესპროცესების გაციფრულების ან არაციფრული მოდერნიზაციის პროცესმა არ უნდა მიიღოს ემოციურად გადაწვის და ბრძოლის ველის სახე, რადგან, როგორც ვიცით, ადამიანები სამსახურში იღლებიან არა საქმის რაოდენობიდან გამომდინარე, არამედ უარყოფითი ემოციებისგან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესტრანსფორმაცია იწყება ჩვენით და საჭიროა მიდგომების შეცვლა – მეტი გამბედაობა, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, აღიარება და ნდობა, რათა ერთად ვიმოგზაუროთ ციფრულ სამყაროში.

ციფრული სამყარო დაგვეხმარება სამუშაოს შესრულებაში, მრავალფეროვნების შემოტანაში, უფრო ინტელექტუალურ საფეხურზე გადასვლაში, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაში, რაც თავისთავად საინტერესოს და მიმზიდველს გახდის კომპანიას და დიდი გადინების ცენტრიდან შევძლებთ მიმზიდველობის ცენტრად ქცევას.

☹ თანამშრომლის გამოცდილება

ემოციები ქმნის ჩვენს გამოცდილებას ამა თუ იმ დამქირავებლის, ბიზნესის, პროდუქტის თუ სერვისის მიმართ.

ხშირად გვსმენია „ადრე სულ სხვა ურთიერთობები იყო…“ „ადამიანებს ესმოდათ ერთმანეთის…“ „სად წავიდა ეს სითბო და გულისხმიერება?“

პირისპირ თუ დისტანციურად, ადამიანური კაპიტალის მართვის დროს ვხედავთ მენეჯერებსა და თანამშრომლებს შორის ბზარს, გაუცხოებას, გაუგებრობას გრძელვადიანი ამოცანებისა თუ, უბრალოდ, ყოველდღიური დავალებების შესრულებისას.

ციფრული სამყარო ძალიან სასარგებლოა, თუ ამით სრულად არ ჩავანაცვლებთ ემოციას და გამოცდილებას, რასაც პირდაპირი კომუნიკაციით ვიღებთ.

თანამშრომლისა და დამქირავებლის ურთიერთობა ქმნის სრულ ჯაჭვს, რომელიც იწყება სამსახურში აყვანის პროცესიდან, სამსახურიდან წასვლამდე და მის შემდეგ.

შესაძლებელია სამსახურში აყვანის განაცხადების მიღების პროცესის, კონტრაქტების გაცემის, სწავლებისა და ტრენინგების, შვებულებების მართვის, ასევე წერილობითი კომუნიკაციის გაციფრულება, თუმცა ვერ გავაციფრულებთ კეთილგანწყობას, სითბოსა და ურთიერთმხარდაჭერას.

მაგალითად, გავაციფრულებთ ვაკანსიის გამოცხადების პროცესს, ტექსტის შაბლონს, მაგრამ პროგრამა ვერ შეარჩევს ტექსტის სტილს, შემოქმედებით ნაწილს და იმას, თუ როგორ მივმართავთ აუდიტორიას. ვერ გავაციფრულებთ გასაუბრების პროფესიონალურად ჩატარებას, რადგან არის იმის საფრთხე, რომ კანდიდატებს ამ პროცესისგან უარყოფითი გამოცდილება დარჩეთ.

ამავდროულად, გაციფრულება დაგვეხმარება კარგი გამოცდილების შექმნაში, პროცესების ეფექტიანად მართვაში, თანამედროვე ინოვაციების დანერგვაში, სწრაფ რეაგირებაში და ა.შ. პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, მოსმენა, იდეების გაზიარება, საინტერესო ამოცანები და ეს ყველაფერი ქმნის თანამშრომლის (შიდა მომხმარებლის) გამოცდილებას.

უარყოფითი გამოცდილება ციფრული არხებით ძალიან სწრაფად ვრცელდება, ასეთი გამონათქვამებიც მოგვისმენია: „იქ არასდროს მივალ გასაუბრებაზე“, „ეს რა წერია ვაკანსიის ტექსტში!“, „არ ვიცი, რატომ არ მაწინაურებენ, ყველა გადაწყვეტილება მიკერძოებულია“, „არ გირჩევ მანდ მუშაობას, რადგან ვერაფერს ისწავლი“.

☑ ინფორმაციის გაცვლის სისწრაფე და კომუნიკაცია კომპანიაში

როგორც აღინიშნა, სოციალური ქსელები და სხვა ტიპის ონლაინპლატფორმები უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემის და გაზიარების სისწრაფეს და აუდიტორიის ფართო დაფარვას. ინფორმაციის ნაკადი ხშირად უსწრებს მმართველი გუნდის, უშუალო მენეჯერების ან/და ადამიანური კაპიტალის მმართველი რგოლის მიერ თანამშრომლებთან კომუნიკაციას. კომუნიკაციის ნაკლებობა კომპანიის მხრიდან ბადებს უამრავ მოსაზრებას და დასკვნას, რომლებიც ეყრდნობა სიტუაციის თუ პრობლემის ემოციურ აღქმას, ნაცვლად ფაქტების, მონაცემების გადამოწმებისა და ინფორმაციის ანალიზისა, ამას ხშირად მივყავართ ვიწრო ჭრილში სიტუაციის აღქმისაკენ.

გამბედავი და სწრაფი კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პირისპირ ან/და ციფრული არხებით, ნდობის ფაქტორის ამაღლება და სხვისი, ჩვენი, კომპანიის თანამშრომლების ემოციების, მოტივების გააზრება არის ის, რასაც ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ის ძალიან დაგვეხმარება კომუნიკაციის მართვაში.

↺ პროფესიის ცვლილების შესაძლებლობები

ციფრულ სამყაროში პროფესიული და პიროვნული უნარების ამაღლების ფასიანი თუ უფასო კურსების ფართო არჩევანია.

არსებობს პროფესიები, რომლებზეც სხვადასხვა კონტინენტიდან დისტანციურად მუშაობის დიდი მოთხოვნაა და ეს არ ეხება მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს. მაგალითად, ასეთ პროფესიებში შედის: გრაფიკული დიზაინი, შინაარსის/ტექსტის შექმნა (content writer), ციფრული გაყიდვების მართვა და უზრუნველყოფა, დისტანციურად მომუშავე გლობალური რეკრუტინგი და სხვა.

დამქირავებელს რა შეუძლია სანაცვლოდ შესთავაზოს დაქირავებულს? მოქნილი სამუშაო გრაფიკი, იმავე გრაფიკული დიზაინის ან სხვა ფუნქციების შესრულება პროფესიული ზრდისთვის და კომპანიის სასარგებლოდ. ეს საკითხი ასევე ეხება არსებულ ბიზნესის საოპერაციო პროცესების გადახედვას, რუტინული საქმის გაციფრულებას, სამუშაოს არსის გადახედვას და უფრო შთამაგონებელი, შემოქმედებითი საქმის შეთავაზებას თანამშრომლებისათვის.

㊂ ერთად დიდი ციფრული მოგზაურობის გზაზე

ციფრულ მოგზაურობაში შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ცვლილებებით დაღლილობა, რაც გულისხმობს ბევრ ცვლილებას ერთდროულად და ხშირად იწვევს თანამშრომლებში აპათიას, სტრესს, მიჰყავს ისინი ემოციურ გადაღლამდე და ბედნიერების, კმაყოფილების შეგრძნების დაკარგვამდე.

ცვლილებები გარდაუვალია, ბევრი ცვლილებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამავდროულად წინა ცვლილებების შედეგებიც უნდა გავითვალისწინოთ, იქნება ეს ციფრული ტრანსფორმაცია თუ ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა.

ადამიანური კაპიტალი უკვე მოგზაურობს დიდ ციფრულ სამყაროში. სწრაფი, მოქნილი, ინოვაციური, გამბედავი და ადამიანზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს მათ, რომ ეს გზა იყოს ბედნიერების, საინტერესო სამუშაოს და კეთილდღეობის მომტანი.

რუბრიკა: HR