იდეაკურსი – ქართული სტარტაპი გლობალური მიზნებით | ინტერვიუ მარიამ ცანავასთან, მარიშა გოგოლაურსა და მარიკა აბულაძესთან

ძალიან მალე ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი „იდეაკურსი“ შეემატება. მარიამ ცანავას, მარიშა გოგოლაურისა და მარიკა აბულაძის სტარტაპ იდეა ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნაა, რომელიც განათლების მიღების მსურველ და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს შესაბამის რესურსებზე წვდომას გაუმარტივებს.

უწყვეტი თვითგანვითარების იდეაზე დაფუძნებული სტარტაპით გოგონებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სიტყვის თქმა სურთ, თუმცა, მათი მიზნები გლობალურია და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც მოიცავს. Forbes Woman-თან ინტერვიუში სტარტაპერები საკუთარ იდეას, გამოცდილებასა და ხედვებს გვიზიარებენ.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

იდეა

სტარტაპის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც მიხვდნენ, თუ რა რთული და შრომატევადი იყო საქართველოში არაფორმალური განათლების ხარისხიანი რესურსის მოძიება – იქნებოდა ეს მასწავლებლის, უცხო ენების კურსის თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ტრენინგის მოძიება და მათი იმგვარად გაფილტვრა, რომ სასურველი პრეფერენციების შესაბამისი რესურსისთვის მარტივად მიეგნოთ. თავდაპირველად ახალი იდეა საკმაოდ რთული ჩანდა, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მის განხორციელებასა და შესაძლებლობების პოვნაში ძლიერი ცნობისმოყვარეობა დაეხმარათ.

„ხშირად შეგვხვედრია მეგობრების პოსტები სოციალურ ქსელში, სადაც კითხულობენ თუ სად შეიძლება მოემზადონ GMAT-ის გამოცდისთვის, ან შვილებისთვის არკვევენ საუკეთესო და ტერიტორიულად ხელსაყრელ ლოკაციაზე მასწავლებელს ან სასწავლო ცენტრს… დღეს საქართველოში მსგავსი ტიპის ინფორმაცია მხოლოდ რეფერალებით იძებნება“.

სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ იქმნება „იდეაკურსი“, რომელიც ცნობისმოყვარე და მუდმივი განვითარების მაძიებელი ადამიანებისთვის შესაბამისი რესურსების ჰაბი იქნება. პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ ყველა არსებული შეთავაზება, შეფასებები და ა.შ. ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად სერვისის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში.

სამუშაო პროცესი და სამომავლო გეგმები

იდეის დამუშავებისა და ბიზნეს-გეგმის ფორმირების პროცესში აქტიურად ხვდებიან ინვესტორებს, ეძიებენ დეტალებს, ამუშავებენ ბაზარზე შესვლის სტრატეგიებს და აქტიურად ემზადებიან იმ გარდამტეხი მომენ­­ტისთვის, როდესაც მთლიან ძალისხმევას სტარტაპის განვითარებისკენ მიმართავენ.

„პროცესი საკმაოდ შრომატევადია – კრიტიკული თვალით ვუყურებთ სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმას. ზუსტად ვიცით როგორი უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი, თუმცა, ჯერ კიდევ ვეძებთ საუკეთესო სტრატეგიას პროდუქტის გაშვებისთვის.“

თიბისის „სტარტაპ დეკრეტში“ გამარჯვებამ გოგონები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათი იდეის განხორციელებამდე რამდენიმე ნაბიჯი იყო დარჩენილი. დამსაქმებლის მიერ შემუშავებულმა პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცა, სრულად კონცენტრირდნენ სტარტაპზე და ამასთან, მასზე მუშაობისას შეინარჩუნონ სამსახური.

სწორად გათვლილმა სტრატეგიამ და გამარჯვებებმა გოგონები საკუთარ ძალებში ბოლომდე დაარწმუნა და აუცილებელ ცოდნასა და უნარებთან ერთად მათ წარმატებისთვის აუცილებელი თვისება – თავდაჯერებულობაც შეჰმატა.

„კომფორტის ზონიდან გამოსვლა ჩვენთვის არ არის პრობლემა“.

გუნდისთვის პირველი რიგის ამოცანა პროექტის წარმატებით გაშვებაა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გლობალური მიზნები, რაც სტარტაპერებს აქვთ. „იდეაკურსი“ გლობალურად მასშტაბირებადი და საერთაშორისო პოტენციალის პროექტია, რომელიც თავდაპირველად ქართულ რეალობაზე დაიტესტება, წარმატებული სტარტის შემდეგ კი, ჯერ მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზეც გავა.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

გუნდი და გამოცდილება

სტარტაპ იდეის უკან სამი გამოცდილი გოგონა დგას – მარიამი კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებულია, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა ადრეული სტუდენტობის წლებშივე, პრაღაში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში (University of New York in Prague) მიეცა. მაგისტრის ხარისხი კი მარკეტინგის მიმართულებით ბარსელონაში, EAE Business School-ში მოიპოვა. ის Mobile World Congress-ზე (ყველაზე დიდი ტექ. კონგრესი) მუშაობდა, უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს თიბისის მარკეტინგის გუნდში; მარიშა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, „იესემში“ სწავლობდა, მესამე კურსიდან თიბისიში სტაჟირება დაიწყო და უკვე თითქმის სამი წელია, რაც მარკეტინგის მიმართულებით, ბანკის სხვადასხვა ბრენდსა და მიმართულებაზე მუშაობას; მარიკამ განათლება აშშ-ში, Brandeis University-ში მიიღო, ამავე პერიოდში ერთი წლით UCL-ის კამპუსში, ლონდონში სწავლობდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მალევე დაიწყო მუშაობა თიბისიში, მალე სამი წელი გავა, რაც ამ გუნდის წევრია, ამჟამად, კი კონცეპტის ბრენდის განვითარებაზე მუშაობს.

სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული განათლების, გამოცდილების, ხედვებისა და ერთნაირი ღირებულებების მქონე გოგონებმა თავი თიბისის მარკეტინგის გუნდში მოიყარეს. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ მოუწიათ თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. აღმოაჩინეს, რომ სამსახურის მიღმაც ბევრი საერთო ჰქონდათ – ჰობი, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

„ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ცნობისმოყვარეობაა, ასევე, პროდუქტიც, გვჯერა, რომ იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც უნდა ხვალ უკეთესი იყოს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბოლომდე გამოვიკვლიოთ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და ხელის ჩაქნევის ნაცვლად, იდეის შედეგად გადაქცევაზე ვმუშაობთ. ეს განცდა – მუდმივი თვითგანვითარების – სამივე ჩვენგანს გვაქვს. მარტივად არ ვკმაყოფილდებით იმით, რაც ზედაპირზე დევს“.

სწორედ საერთო და ინდივიდუალური გამოცდილებაა ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც „იდეაკურსის“ წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იქნება.

საერთო გამოცდილებით შეაფასეს ერთმანეთის უნარ-ჩვევები და თვისებები. საერთო ანგარიშზე წარმატებით დასრულებული ბევრი რთული და მასშტაბური პროექტია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი მზაობა, ერთად იმუშაონ იდეაზე – მულტითასქინგი, შესაძლებლობების ფართო და გლობალური ხედვა, პრობლემის გადაჭრის ისეთი გზების ძიება, რომელიც ზედაპირზე არ დევს, მიუკერძოებელი კრიტიკის უნარი – ეს ის მნიშვნელოვანი თვისებებია, რაც სამივე მათგანს აქვს.

„გუნდისთვისაც იდენტური ღირებულებების, თვისებებისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს ვეძებთ. ამასთან, სტარტაპის წარმატების აუცილებელ წინაპირობად სწორედ ენთუზიასტი, ენერგიითა და იდეებით სავსე ადამიანების იდეის გარშემო შემოკრება მიგვაჩნია“.

წარმატების მიღწევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვების გამოცდილების გაზიარებაა – მართალია, საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები განათლების სფეროში ცოტაა, თუმცა, გოგონებმა უკვე იპოვეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან თავიანთი წარმატების თუ წარუმატებლობის მაგალითებით პოტენციური ბარიერებისთვის შეამზადონ ისინი. სწორედ ამგვარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა იყო „სტარტაპ დეკრეტის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებული კომპონენტი სტარტაპერებისთვის.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

გამოწვევები

დარწმუნებულნი არიან, რომ წინ ბევრი გამოწვევა ელით. მთავარი ამოცანა იმ ადამიანების დარწმუნება იქნება, ვინც საკუთარი სერვისი თუ პროგრამა უნდა განათავსოს პორტალზე. სტარტაპერებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ მიმართულებით – მათ ნათლად და გასაგებად უნდა წარმოაჩინონ ყველა ის სარგებელი, რასაც „იდეაკურსის“ მომხმარებლები მიიღებენ.

„ყველაზე რთული, როცა პირველი ხარ ბაზარზე, მომხმარებლის ქცევის შეცვლაა“.

თვლიან, რომ ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებიან და ამ პროცესში მათი მთავარი იარაღი თავდაჯერებულობა, იდეისადმი ერთგულება და გამოცდილება იქნება. არც პირველივე დაბრკოლებასთან შეჯახებისას აპირებენ ხელის ჩაქნევას, პირიქით, ყველა ახალ
ბარიერს უყურებენ, როგორც ახალ შესაძლებლობასა და გამოცდილებას.

საქმის წამოწყებისას ყველა სტარტაპერი აღიარებს რისკს, რომ შესაძლოა პროექტი წარუმატებლად დასრულდეს. ამ რისკსა და მასთან დაკავშირებულ სტატისტიკას „იდეაკურსის“ ავტორებიც იცნობენ, თუმცა ოპტიმისტურად არიან განწყობილნი – თვლიან, რომ მათი შრომისმოყვარეობა, ინოვაციურობა და იდეისადმი ერთგულება მინიმუმამდე ამცირებს აღნიშნულ რისკს. ამასთან, ეს იმგვარი რისკია, რომლიდანაც, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ სარგებელს ახალი გამოცდილების და ღირებული გაკვეთილების სახით.

მნიშვნელოვანი გარემოება სტარტაპის წამოსაწყებად დროის სწორად შერჩევაა – გვირჩევენ, რომ სწორ დროს გავრისკოთ, ვირწმუნოთ საკუთარი იდეის და ბოლომდე კრიტიკული თვალით ვუყუროთ სამუშაო პროცესებს. სწორედ ამ ფილოსოფიით აპირებენ „იდეაკურსზე“ მუშაობას და ცოტა ხანში ფართო საზოგადოებასაც ექნება საშუალება მარიამ ცანავას, მარიამ გოგოლაურის და მარიკა აბულაძის სტარტაპი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

No Comments Yet

Comments are closed