ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილება სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის შესახებ შესაძლოა, ქვეყანაში პრეცედენტად იქცეს

ინდოეთის სასამართლომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კარნატაკის შტატის სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა პრეცედენტი გახდეს მთელი სახელმწიფოსთვის, რომლის რელიგიური უმცირესობების დიდ ნაწილსაც მუსლიმები შეადგენენ.

ფოტო: Money Sharma/AFP

აკრძალვამ პროტესტი გამოიწვია მუსლიმი მოსწავლეების ნაწილში, რასაც ახალი კანონის მომხრეების კონტრ-პროტესტი მოჰყვა. ისინი, ვინც აკრძალვას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მარგინალიზაციისკენ არის მიმართული  – ჯგუფის, რომელიც ინდოეთის დაახლოებით 1.35-მილიარდიანი მოსახლეობის 13%-ს შეადგენს.

„მიგვაჩნია, რომ მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარება ისლამური რწმენის არსებითი რელიგიური პრაქტიკის ნაწილს არ წარმოადგენს“, – განაცხადა გადაწყვეტილების დამტკიცებისას კარნატაკის შტატის უმაღლესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვის გამოცხადებამდე კარნატაკის შტატის ხელისუფლებამ საზოგადოებას სკოლებისა და კოლეჯების დახურვის შესახებ ამცნო, ასევე, გარკვეული შეზღუდვები დააწესა საჯარო შეკრებებზე შტატის ზოგიერთ ნაწილში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.