ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი გადადგა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ქვეყნის რიგით მე-40 პრემიერმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საზოგადოებას პრესკონფერენციის საშუალებით ამცნო.

ფოტო: Getty Images

„მე მივდივარ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს. პასუხისმგებლობა იმის გაგებისაც, თუ როდის ხართ სწორი კანდიდატი ლიდერობისთვის და ასევე – როდის არა“- განაცხადა ჯასინდა არდერნმა.

როგორც ცნობილია, 42 წლის არდერნი პრემიერ-მინისტრის პოსტს 7 თებერვლამდე დატოვებს.  

შეგახსენებთ, ჯასინდა არდერნმა ახალი ზელანდიის პრემიერის თანამდებობა 2017 წელს, 37 წლის ასაკში დაიკავა და შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ქალი გახდა.

მისი პრემიერობის პერიოდში ახალ ზელანდიას ისეთ გამოწვევებთან მოუხდა გამკლავება, როგორიც კორონავირუსის პანდემია, 2019 წლის ტერორისტული აქტი და თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევაა.