სიურრეალისტური პროტესტი მისტიციზმის ელემენტებით – ინტერვიუ ელენე კაპანაძესთან

იდენტობა, გენდერი, სტერეოტიპები, კოლექტიური მეხსიერება, მისტიციზმი, კლიშე და პირადი ისტორიები – Why Not Gallery-ს გამოფენა ახალი თაობის ქალ ხელოვანებს წარმოაჩენს, რომლებიც ახალ სიტყვას ამბობენ ქართულ სახელოვნებო სივრცეში. ოღონდ ისე, რომ მათ თითოეულ ნამუშევარში იდუმალება იმალება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია, ერთგვარი პარალელი, სიურეალიზმის მიმდინარეობაზე.

აქვეა იუმორის ელემენტები, რაც ხელოვნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და რაც მთავარია, ხელოვანი ქალები ტრადიციულ მედიუმს აბსოლუტურად ახლებურად წარმოაჩენენ.

გამოფენას “All Your Favorite Bitches and Witches” ჰქვია, რატომ ეს სახელი?

ელენე კაპანაძე: ეს გამოფენა ნელ-ნელა შეიკრა. თავიდან საერთოდ არ იყო ჩაფიქრებული როგორც ქალების ჯგუფური გამოფენა, უბრალოდ ვუზიარებდით ერთმანეთს ნამუშევრებს, რომლებიც ძალიან მოგვწონდა და ნელ-ნელა გამოიკვეთა საერთო ხაზები, რის გარშემოც შევკარით ექსპოზიცია. ხშირად ხდება, რომ უფრო ქალ ხელოვანებთან ვმუშაობთ, მაგრამ ეს რაციონალური გადაწყვეტილება არ არის, ალბათ ამ ეტაპზე უბრალოდ უფრო ახლოს ის, რასაც ქალი ხელოვანები აკეთებენ. აქ წარმოდგენილ თითოეულ ხელოვანს დიდი ხანია ვაკვირდებით და ძალიან მოგვწონს მათი შემოქმედება. შეიძლება შოუ გადატვირთული არის, მაგრამ გვინდოდა არავინ გამოგვრჩენოდა.

როდესაც მივხვდით, რომ ეს გამოფენა ქალების შოუ იქნებოდა, თან ძლიერი და თვითკმარი ქალების, დავიწყეთ ფიქრი იმ სტერეოტიპებზე, რაც ასეთი ქალების მიმართ არსებობს. სათაურის ამ ფორმატში დაწერა თავისთავად ერთგვარი ხუმრობაა და თან გაცხადება, რომ ეს იარლიყები აღარ ტკენს და ამცირებს ქალს.

და ზოგადად, როგორი უნდა იყოს ხელოვნების როლი პროტესტში? სტერეოტიპების ნგრევაში?

ხელოვნებას აქვს საშუალება დაიტიოს ის აზრი და პოზიცია, რომელსაც ხშირად პოლიტიკა და ისტორია უგულებელყოფს. ხელოვნებას შეუძლია გაგრძნობინოს ის ადამიანური ფაქტორი, რომელიც მშრალი ფაქტებისა და სტატისტიკის მიღმა რჩება. ამიტომ ვფიქრობ, ხელოვნების მეშვეობით გამოთქმული პროტესტი და დაფიქსირებული კრიტიკული პოზიცია ყოველთვის უაღრესად ძლიერი და საინტერესოა.

გვჭირდება ამისთვის რაციონალიზმისგან გათავისუფლება?

რაციონალიზმისგან განთავისუფლება ხანდახან აუცილებელია, რომ უკეთესად გავიცნოთ საკუთარი თავი; გავიგოთ რა არის ჩვენს გონებაში ძალიან ღრმად დალექილი და ამას ადეკვატური ანალიზი გავუკეთოთ. თუმცა, როდესაც სიურრეალისტები ამ პრაქტიკებით დაინტერესდნენ, ეს, პირველ რიგში, ომით გამოწვეულ უდიდეს ტრავმასა და სტრესზე იყო პასუხი, მათთვის რაციონალურობის შედეგი იყო ის დესტრუქცია, რაც პირველმა მსოფლიო ომმა მოუტანა ევროპას.

სად ჩანს ყველაზე მეტად არტისტული თავისუფლება ამ გამოფენაში?

ვფიქრობ ის, თუ რამდენად საინტერესოდ მუშაობს გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ხელოვანი მოცემულ მედიუმში, როგორ ექსპერიმენტს ატარებს და პოულობს საკუთარ ვიზუალურ ენას, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად თავისუფალი და თავდაჯერებულები არიან ისინი.

რა სტერეოტიპები და სტიგმები გვხვდება ქალების მიმართ საქართველოში?

ეს სტერეოტიპები დანარჩენი სამყაროსთვისაც ნაცნობია, რაც დასავლეთმა, ჩვენთან შედარებით, მეტად დასძლია, მაგრამ მაინც, უამრავი სტიგმა არსებობს ქალების წინააღმდეგ. თუმცა ეს სტერეოტიპები ყოველდღიურად ინგრევა და ჩვენ ამ მხრივ ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ – შეიძლება ითქვას პატრიარქალური სამყაროს ნგრევის მოწმეები ვართ.

როგორ უნდა გავაქროთ/ვებრძოლოთ წარსულის ამ გადმონაშთს?

აუცილებლად განათლების საშუალებით. ღრმა ანალიზი სჭირდება იმას, თუ რა მემკვიდრეობა გვხვდა წილად და სწორი დასკვნების გამოტანა არის საჭირო.

ქართველ ხელოვან ქალებზე რას გვეტყვით, სად ჩანს ყველაზე მეტად მათი სიძლიერე?

ვფიქრობ, ბევრად აქტიურები არიან კრეატიულად. არ ეშინიათ ექსპერიმენტების, ძალიან არიან დაინტერესებული ახალი ინფორმაცია მიიღონ და განავითარონ საკუთარი შემოქმედება.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალები ყოველთვის აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს მათთვის სასურველი ფორმით?

ზოგადად, აუცილებელი მგონია ყველამ გაიაზროს, რომ დამოუკიდებელი ინდივიდია და აუცილებელია, რომ საკუთარი აზრი გააჩნდეს. მაგრამ შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებით უნდა წავახალისოთ ქალები, რადგან მათ მიმართ ისტორიულად სხვა მოლოდინები იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ინდივიდუალობის პრობლემა ერთნაირად დგას დღეს საქართველოში, ქალებშიც და კაცებშიც.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

მხარდაჭერით, თანაგრძნობით და ერთმანეთის შექებით. განსაკუთრებით ვიზუალური ხელოვნების სივრცეში, საქართველოში ქალი მოთამაშეები დომინირებენ და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და ერთმანეთი წავახალისოთ, რადგან ყველა ერთი საქმისთვის ვშრომობთ – ჩვენ ყველას გვინდა რომ განვავითაროთ ეს სფერო.

“All Your Favorite Bitches and Witches-ის” მონაწილე ხელოვანები, მათი ნამუშევრები და და განსაკუთრებული მესიჯები, რომლებიც ამ გამოფენის საშუალებით გაჟღერდა.

ანი გურაშვილი

მისტიურობისა და ფამილარობის უნიკალური შერწყმა ნახატების ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ეს ყოველთვის ლაბირინთივით დამაბნეველია. ამბივალენტური მინიშნებებით აწყობილ ნარატივებში, ნაცნობი და ორდინალური საგნები მისტიურ განზომილებაში გადადიან და სრულიად ჯადოსნურ სანახაობად იქცევიან. ფერწერული ტილოები, ისევე როგორც ჩემი შემოქმედება, ინსპირირებულია ქალი სიურრეალისტი ხელოვანებით, როგორიცაა დოროთეა თენინგი და ლეონორ ფინი. წარმოდგენილი სერია ფინის კატების სიყვარულის პირდაპირი რეფერენსია.

ანი ჩადუნელი

ჩემი შემოქმედება ძირითადად წარმოსახვით, დისტოპიურ სამყაროებს იკვლევს. სხვადასხვა მედიუმში ვმუშაობ და ხშირად ვიყენებ ნაცნობ მასალებსა და მეთოდებს, ტრადიციულ სიმბოლოებსა და აღმნიშვნელებს, როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული კულტურებიდან და შემდეგ მათ დღევანდელ კონტექსტში ვათავსებ.

გამოფენაზე წარმოდგენილი ობიექტები ერთი შეხედვით მოსაწყენი, ყოველდღიური საგნებია – მაგიდის სარკე, სავარცხელი და ზარდახშა. თუმცა, ეს ნივთები დახუნძლულია სიმბოლიზმით და ინტერპრეტაციებით – თუნდაც ზღაპრებში მაგიური ძალების მქონე, ან 60-იან წლებში “Pin Up” გოგონების სექსისტური კულტურის აღმნიშვნელები. ეს ნივთები თიხაში შესრულებული უმალ აბსურდულ ხასიათს იძენენ – ერთი შეხედვით უტილიტარული ნივთები, სრულიად უფუნქციოა, რადგან თითქოს მყარი, სინამდვილეში სასწაულად ფაქიზებია. ობიექტების ეს სუბვერსიული ხასიათი საუკუნოვან შიშებსა და ობსესიებს აჟღერებს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი.

თამარ ბოჭორიშვილი

მომწონს, როდესაც ყველაფერი რეალურსა და აბსურდულს, ლამაზსა და შემზარავს შორის ზღვარზეა. ძირითადად კოლაჟის და ასემბლაჟის ტექნიკაში ვმუშაობ, იქნება ეს მცირე ზომის პოლიმერული თიხის ობიექტები, თუ ფანქრითა და აკვარელით დახატული ნახატები.

ობიექტები, რომელიც თან გროტესკულია, ყოველთვის ატარებს იუმორის ელემენტებს და ხშირად საკმაოდ მწვავე და კრიტიკულ თემებს ეხება, როგორიცაა გენდერული პრობლემები პატრიარქალურ სამყაროში. წარმოდგენილი ქანდაკებაც თითქოს ქალის და კაცის ურთიერთობის დრამასა და შეუსაბამობაზეა – პატარა კოსმონავტი კაცუნა, მიდის გამოიკვლიოს ქალი, როგორც ამოუცნობი ობიექტი, თითქოს კოსმიურ ექსპედიციაში მიემგზავრება.

წარმოდგენილი ნახატები კი კოცონის და წვის რიტუალს, რომელიც ბრუტალურ და აგრესიულ აქტად შეიძლება ჩაითვალოს, ახლებურად წარმოაჩენს. აქ თითქოს იგრძნობა იმედი, რომ ნამწვავებიდან ახალი და უფრო პოზიტიური დასაწყისი შედგება.

ანა გზირიშვილი

პრინტების სერიას „ბეი ბაზარში“ ჰქვია. ის კომპიუტერის ცენტრალიზებული გამოსახულებების (CGI) სერიაა, რომელიც წარმოგვიდგენს „ბეის“, ჩემი გმირის გასეირნებას ნავთლუღის ბაზარში. ნამუშევრის ფარგლებში ერთმანეთში არეულია რეალური და ციფრული მოცემულობები, ფიზიკური და ვირტუალური სივრცეები, ატომები, ფიზიკური და უსქესო, ვირტუალური სხეულები. CGI გმირი “ბეი” ჩემი მიმდინარე კვლევისა და პროექტის ნაწილია, რომელიც ეთმობა ვირტუალური სივრცეების ფიზიკურ რეალობაზე გავლენების კვლევას.

„ბეის“ მოგზაურობა ნავთლუღის ბაზარში, ბოსტნეულის, ყველისა და თევზეულის დახლებს შორის, ერთგვარი ტრავმული გამოცდილებაა, რომელიც ქალებისთვის საკმაოდ ნაცნობი განცდაა ასეთ ხალხმრავალ ადგილებში – დაუპატიჟებელი ყურადღება და უხამსი მოშტერება. „ბეისთვის“ განმათავისუფლებელია ციფრულ ფორმაში არსებობა მსგავს სივრცეებში, ამგვარად, მას შეუძლია იყოს ნებისმიერი ფორმის, შესაძლოა ანთროპომორფული, ნებისმიერი ფერის და სქესის არსება. „ბეის“ თავად შეუძლია თავისი გამოსახულების არჩევა.

ნამუშევარი ასევე რეფლექსირებს შრომის ბაზრის პრობლემებზე, სადაც ახალგაზრდა ქალები ხშირად არიან ექსპლუატირებული და უგულვებელყოფილი.

სალომე დუმბაძე

დახატულ ინტერიერებს უცნაური აურა დაჰყვება; ცარიელი ოფისები ან ბინები ცარიელ ლანდშაფტებს გადაჰყურებს. ტილოზე მთავარ ადგილს ობიექტები იკავებს, რომელიც ფემინურობასთან ასოცირდება და გამოფენაშიც ხშირად გვხვდება – ესენია, მაგალითად, შანდალი, სარკე და მათში არეკლილი სხეულის ნაწილები. თითქოს რაღაც მისტიური რიტუალი უნდა ჩატარდეს და მაყურებელი ამის მომსწრე ხდება. ეს ობიექტები, სილამაზის ინდუსტრიის ერთგვარ კლიშედ ქცეული აღმნიშვნელები, ჩემს ნახატზე თითქოს ახალ განზომილებას იძენენ და მათში „ფატალური ქალის“ არქეტიპის ირონიზაციაც კი შეიძლება დაინახოთ. მე მიყვარს სიმბოლოებით და მნიშვნელობებით თამაში – დამთვალიერებელმა რომ საკუთარი ასოციაციებით ამოიცნოს ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ თან ორაზროვნად ღიას ვტოვებ, იქნებ არც არაფერია ამოსაცნობი.

ქეუ მეფარიშვილი

ყოველთვის ვცდილობ სათქმელი სხვადასხვა ფორმაში გადმოვიტანო, იქნება ეს ნეონის ნიშანი, თიხის გიგანტური ენა თუ მავთულხლართებისგან გაკეთებული ობიექტები. რასაც ვქმნი, ერთგვარი რეფლექსიაა უშუალოდ გარემოსა და სხვადასხვა საკითხების გარშემო.

ნამუშევრებში საკუთარი თმა გამოვიყენე და სხვადასხვა სიმბოლოები ამოვქარგე, რომელიც შემდეგ ჩემივე გაკეთებულ თიხის ჩარჩოებში ჩავსვი. სიმბოლიზმი თმის გარშემო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც გამოფენაზე, ასევე იმ მიმდინარეობებზე, რაზეც ექსპოზიცია რეფლექსირებს. დღესდღეობით თმა პირდაპირ დაკავშირებულია სილამაზის სტანდარტებთან, როგორც მისი ქონა, ასევე მისი არქონა. მაგრამ ტრადიციულად და სხვადასხვა კულტურებსა და ფენებში, თმას სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა; იგი იყო სიძლიერის სიმბოლო, ენერგიის წყარო ან საშიში იარაღი. ინსპირაციაც თმის გადაგდებასთან დაკავშირებული ცრურწმენებიდან წამოვიდა.

ანნა ჯიბლაძე

ნამუშევრები სერია “Wi-Fi Telepathy”-დან არის. სერიაში ინტერნეტი და რწმენის სისტემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, გავლებულია პარალელები თანამედროვე სამყაროში ნაწილობრივ კიჩად ქცეულ აღმოსავლურ რელიგიებსა და ინტერნეტ სამყაროს შორის, რომელიც დღესდღეობით, ბევრ ასპექტში ახალ რელიგიად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სერიის წამყვანი ფიგურა ძაღლის სხეულის და ქალის სახის მქონე ქმნილებაა. მისტიური ქალი ტრადიციულ ეგზოტიკურ არქეტიპებს აცოცხლებს – სფინქსები და ქალღმერთები სქელი ნაწნავებით ერთგვარი ავტოპორტრეტებია, დახუნძლული სიმბოლოებითა და მნიშვნელობებით.

ანასტასია ახვლედიანი

ჩემი ნამუშევარი, პირველ რიგში, მასშტაბზე თამაშობს და ამავდროულად, გაუცხოების ტექნიკას ვიყენებ. კომპოზიციები ყველასათვის კარგად ნაცნობი საბჭოთა ღია ბარათებიდან და საოჯახო ალბომებიდანაა აღებული, მაგრამ როდესაც მათ ზომაში ცვლი, თითქოს სრულიად ახალ მნიშვნელობას ანიჭებ ძალიან ნაცნობ ტროპებს.

თამარ ნადირაძე

ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემმა პროფესიამ – წიგნის ილუსტრატორი ვარ და ხშირად, სწორედ გროტესკული და აბსურდული, მსოფლიო თუ ქართული მითებითა და ლეგენდებითაა ინსპირირებული რასაც ვქმნი. ეს თან პირად გამოცდილებებსაც ერწყმის. სიმბოლოებითა და მინიშნებებით სავსე ნახატები ასახავენ ისტორიებს, თუ რას ნიშნავს ცხოვრობდე დღევანდელ საქართველოში და იყო ქალი ხელოვანი დღეს.

წარმოდგენილი სერია ინსპირირებულია ქალღმერთ დალისა და მონადირის მითით.

 

ფოტოები: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

No Comments Yet

Comments are closed