მომხმარებელი და ბიზნესი ერთ ტალღაზე | ინტერვიუ თათია კარიაულთან

თიბისი დაზღვევა საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზარზე 2018 წლიდან პირველობას ინარჩუნებს, როგორც ანაზღაურებული თანხის მოცულობით, ასევე საცალო გაყიდვების მიმართულებითაც. წარმატების საფუძველი კი მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესმოდელია, რომელსაც კომპანია უწყვეტად ავითარებს და სულ უფრო მეტად დახვეწილ, მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს დაზღვეულებს.

კამპანია – „დაზღვევა გასაგებ ენაზე“ სწორედ ამ ბიზნესმოდელისა და პოტენციურ სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა განაცხადს აკეთებს ამ კამპანიით თიბისი დაზღვევა, როგორც ბრენდი, კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია კარიაული გვესაუბრება.

ფოტო: სერა ძნელაძე

თიბისი დაზღვევა უკვე სამი წელია, რაც საუკეთესო ავტოდაზღვევაა ბაზარზე, რისი მამოძრავებელიც მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელია. კონკრეტულად, რას გულისხმობს აღნიშნული კამპანია?

ემპათია – ეს ერთი სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას მომხმარებლის მიმართ. წარმატების მიუხედავად, მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ დაზღვევასთან დაკავშირებული გამოცდილება და დაზღვეულებს გავუმარტივოთ ცხოვრება.

დიდ წარმატებას ყოველთვის ახლავს დიდი პასუხისმგებლობა და – პირიქით – დიდი პასუხისმგებლობა განსაზღვრავს მნიშვნელოვან წარმატებას. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ლიდერი კომპანია, მთავარ დანიშნულებად მივიჩნევთ, რომ მთლიანად ინდუსტრიას ვუბიძგოთ განვითარებისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ ჩვენს მომხმარებლებს, დაზღვევასთან დაკავშირებულ მათ საჭიროებებსა და სირთულეებს. ზოგადად, ვაკვირდებით ბიზნეს სტრუქტურების სამომხმარებლო გამოცდილებას და სწორედ მის საფუძველზე ვცვლით, ვაუმჯობესებთ და ვაახლებთ მომსახურებას. ეს დაუსრულებელი პროცესია და ამასთან თიბისი დაზღვევის მთავარი ორიენტირიც. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც მივყვებით და რაც გვეხმარება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას.

ახალი კამპანია „ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე“ მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას. რა მაჩვენებლებზე დაყრდნობით გაჩნდა ინიციატივა და რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით კამპანიის ფარგლებში?

მთავარი ინსაითი ჩვენი მომხმარებლებისგან წამოვიდა. ადამიანებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრენდს ესმოდეს მათი, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ვიცოდეთ – როდის და რატომ სჭირდებათ ადამიანებს კონკრეტული პროდუქტი, რა სირთულეებს აწყდებიან თუნდაც შეძენისას, მოხმარებისას და ა.შ.

ჩვენ ეს საკითხები ვთარგმნეთ სტრატეგიულ მიმართულებად, რომელიც გამოვხატეთ სამი სიტყვით – „ერთ ტალღაზე ყოფნა“ და შემდეგ მისი არსის გაცნობიერების საფუძველზე დავიწყეთ მუშაობა სარეკლამო სააგენტო Windfors-თან ერთად.

მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ განსაკუთრებით რთული ნაწილი დაზღვევის გაფორმებისას არის იურიდიული დოკუმენტი, ანუ კონტრაქტი. ადამიანებს უჭირდათ მისი წაკითხვა/აღქმა და ამიტომ თავს არიდებდნენ მის დაწვრილებით გაცნობას, რაც შემდეგ ხშირად ხდებოდა არასწორი მოლოდინის ჩამოყალიბებისა და ნეგატიური გამოცდილების წინაპირობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლებს ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე შევთავაზოთ და ყველაზე რთული დოკუმენტიც კი მარტივად აღსაქმელი გავხადოთ, რაც გულისხმობს მეტ სიცხადეს ავტოდაზღვევის შეთავაზებულ პირობებში.

კამპანიის ფარგლებში ვიმუშავეთ სხვადასხვა დარგის წამყვან ექსპერტებთან, მათ შორის ნეირომეცნიერ ნინო მარგველაშვილთან, ფილოლოგ რუსუდან მარგიშვილსა და ტიპოგრაფ აკაკი რაზმაძესთან ერთად.

შედეგად, კონტრაქტის ენა გამარტივდა – როგორც სტრუქტურულად, ასევე ენობრივად და სტილისტურად. დაზღვევის კონტრაქტის ვიზუალი ადამიანის თვალსა და, ზოგადად, მის სენსორულ აღქმას მოვარგეთ და ამისთვის მასში დიზაინის ელემენტებიც კი ჩავრთეთ. რაც მთავარია, შეიქმნა სპეციალური ფონტი, რომელიც მორგებულია კონტრაქტების სპეციფიკას და დოკუმენტი კიდევ უფრო მარტივად იკითხება. ჩვენი ფონტი იმიტომაა ყველაზე გასაგები, რომ მასში ფიგურები უფრო მეტადაა გახსნილი, გაიზარდა ასო-ნიშნების ზედა და ქვედა ნაწილები და შედეგად სიტყვის ფორმები ვიზუალურადაც უფრო მორგებული გახდა მკითხველზე.

ფოტო: სერა ძნელაძე

თიბისი დაზღვევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ბრენდი, როგორ უწყობს ხელს ამ კამპანიით მომსახურების სფეროს სერვისის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით?

პრობლემის არსი, რომელიც ჩვენი მომხმარებლის დახმარებით გავაცნობიერეთ, არ ეხება მხოლოდ ავტოდაზღვევის კონტრაქტს და, ზოგადად, ნებისმიერ დარგში ხელშეკრულებების წაკითხვა/აღქმის სირთულეს გამოხატავს.

სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში შემუშავებული ყველაზე გასაგები ფონტი გვინდა, ყველას გავუზიაროთ, იქნება ეს კომპანია თუ ინდივიდი. შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი contractica.ge, საიდანაც ფონტის გადმოწერას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ამ ნაბიჯით არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესება გვსურს, არამედ გვინდა, რომ, ზოგადად, ბიზნესი სახელშეკრულებო მიმართულებით გასაგებ ენაზე ესაუბრებოდეს ხალხს. რატომ უნდა იყოს ისედაც რთული იურიდიული დოკუმენტი კიდევ უფრო რთული, ან რატომ უნდა შეიცავდეს ქართული ენისთვის არაბუნებრივ კონსტრუქციებს?

ბაზარზე ლიდერის სტატუსი ჩვენთვის იმის წინაპირობაცაა, რომ სხვა კომპანიებსაც ვუბიძგოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოდიფიკაციით გაუმარტივონ მომხმარებელს ბიზნესთან ურთიერთობა.

რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის მომხმარებელთან ერთად განვითარება და როგორ ფორმირდება თიბისი დაზღვევის საკომუნიკაციო სტრატეგია როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლის მოლოდინის, მოთხოვნებისა თუ საჭიროებების შესაბამისად?

ბრენდის მთავარი დანიშნულება ღირებულებების შექმნაა. თუ მომხმარებელთან ერთად არ ვითარდები, გაგიჭირდება მისი საჭიროებების გაგება/გათავისება და იმ მთავარი იდეის ირგვლივ გაერთიანება, რის მიღწევასაც ისახავ მიზნად, როგორც კომპანია და ბრენდი. დღეს ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, ბრენდისთვის ცვლილებები – ახალ რეალობასთან ადაპტირება, რაც თავისთავად გულისხმობს განვითარებას, სიცოცხლის ტოლფასია.

თიბისი დაზღვევა თავიდანვე იმ იდეის გარშემო შეიქმნა, რომ ადამიანებისთვის საქართველოში არსებული სადაზღვევო გამოცდილება გაემარტივებინა. ჩვენ ექსპერიმენტებისა და შეცდომების აღიარება და მიღება დნმში გვაქვს. ეს გვეხმარება ვიყოთ უფრო გამბედავები.

ფოტო: TBC დაზღვევა

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია დაუსრულებელი პროცესია, სადაც მუდმივად რაღაც ახალს სწავლობ და უკვე არსებულს აუმჯობესებ. ჩვენი ბრენდისთვის „დაზღვევა გასაგებ ენაზე“ კამპანიის „შეცდომები მოსულა“ კულტურის ლოგიკური გაგრძელებაა და იმ ღირებულებებსაც აერთიანებს, რასაც თიბისი ჯგუფი ამბობს მოძრაობით – #წერექართულად. ეს ყველაფერი კი სწორედ იმ დიდი იდეის ნაწილია, რაც ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს და როგორც ბიზნეს საკომუნიკაციო სტრატეგიას, ასევე დაზღვეულებთან ურთიერთობას განაპირობებს.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.