კატალინ ნოვაკი უნგრეთის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა

უნგრეთის პარლამენტმა მმართველი პოლიტიკური პარტია „ფიდესის“ დეპუტატი, კატალინ ნოვაკი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. შედეგად, ის სახელმწიფოს ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. უნდა ითქვას, რომ კატალინ ნოვაკი მოკავშირეა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, რომლის ნაციონალისტური დღის წესრიგი ევროკავშირის მხრიდან მკაცრ კრიტიკას იმსახურებს.

ფოტო: Hungary Today

44 წლის ნოვაკი აქამდე საოჯახო პოლიტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის პრეზიდენტად დანიშვნას მხარი პარლამენტის 137-მა წევრმა დაუჭირა. ოპოზიციის კანდიდატმა პიტერ რონამ კი 51 ხმა მიიღო. კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას ნოვაკმა განაცხადა, რომ ის დაიცავს კონსტიტუციას, რომელიც შემუშავებულია და დამტკიცებულია „ფიდესის“ პარტიის მიერ. ეს კიდევ უფრო აღვივებს ეჭვს, რომ ორბანის კონსერვატიული დღის წესრიგი მეტად გამყარდება. თუმცა ნოვაკის თქმით, ის „მარიონეტობას“ არ აპირებს.

პრეზიდენტის თანამდებობაზე კატალინ ნოვაკი იანოშ ადერს ჩაანაცვლებს, რომელიც ორბანის პარტია „ფიდესის“ თანადამფუძნებელი და პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერია. ის აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. როგორც ცნობილია, უნგრეთის პირველი პრეზიდენტი ქალი მოვალეობის შესრულებას 10 მაისიდან შეუდგება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელსაც კატალინ ნოვაკი მხარდაჭერას უცხადებს, ბოლო წლებში დამოუკიდებელი მედიის დარბევისა და ლგბტქ+ ადამიანების უფლებების შეზღუდვის გამო ევროკავშირისგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.