ქართველი მეცნიერი, ქეთევან კუპატაძე NATO-ს ფოკუსში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2015 წლიდან ყოველ 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მიზანი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ქალთა და გოგონათა ჩართულობის გაზრდა და მათი მხარდაჭერაა.

NATO აცხადებს, რომ ხელს უწყობს ქალების ჩართულობას მეცნიერების სფეროში და სჯერა, რომ ეს არის ერთგვარი ინვესტიცია უფრო დიდ და მრავალფეროვან იდეებში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მომავლის ჩამოყალიბებას.

ზემოხსენებულ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ საზოგადოებას ის სამი მეცნიერი ქალი გააცნო, რომლებმაც NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტებში მიიღეს ან იღებენ მონაწილეობას.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან კუპატაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. მას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების, ასევე აღნიშნულ სფეროში კვლევების 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. კუპატაძემ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს სხვა ქალებსა თუ გოგონებს, საკუთარი კარიერა ამ სფეროს დაუკავშირონ. მათ წასახალისებლად და შთაგონებისთვის ქეთევან კუპატაძეს არაერთი სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული. ის ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას ლექციებისთვის განკუთვნილი სივრცეებს მიღმა.

აღსანიშნავია, რომ ქეთევან კუპატაძის დედაც მეცნიერი იყო. მას ამ სფეროს მიმართ ინტერესი სწორედ დედის გავლენით გაუჩნდა. „ყოველი ახალი კვლევის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე, რადგან სიახლის გაუთავებელი ძიება ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა“.

NATO-ს განცხადებით, პროფესორ კუპატაძეს, როგორც SPS-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანადირექტორს, გამოცდილება დიდ სარგებელს მოუტანს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ინტერაქტიური, მრავალენოვანი პლატფორმა, რომლის მიზანიც ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების გავრცელების რეალურ დროში მართვა და მოსახლეობის დაცვაა.

„SPS პროგრამა მართლაც განსაკუთრებულია, ვინაიდან ის გვაძლევს საშუალებას, მონაწილეობა მივიღოთ ახალ კვლევებში და ახალი მიმართულებები შევისწავლოთ“. – აცხადებს ქეთევან კუპატაძე.

დოქტორი იკრამ გოუილის თქმით, მას მოტივაციას აძლევენ მეცნიერი ქალები, რომლებიც არაჩვეულებრივი უნარებით გამოირჩევიან. „თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რადგან გარშემორტყმული ვარ ისეთი მეცნიერი ქალებით, რომლებიც ჩემთვის მხარდაჭერისა და შთაგონების გასაოცარ წყაროს წარმოადგენენ“ – აცხადებს გოუილი.

იკრამ გოუილი ნეირომეცნიერებაში დოქტორის ხარისხს ფლობს. მას აქვს თითქმის ორწლიანი გამოცდილება როგორც უნივერსიტეტში მუშაობის, ასევე კვლევების მიმართულებით. ის ამჟამად ტუნისში მდებარე ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობს. იგი მონაწილეობას იღებს SPS-ის პროექტში “EnZIL”, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიის შექმნას გარემოს ე.წ. ქიმიური ომის აგენტებისგან (CWA) გასაწმენდად.

დომინიკა კაპკოვა სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. როგორც აცხადებს, მას სტიმულს თავისი ხელმძღვანელი მეცნიერი ქალი აძლევს. „წარმატებულ მეცნიერ ქალებსა და მისაბაძ ადამიანებს შეუძლიათ, ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებზე, რომლებიც სამეცნიერო კარიერაზე ფიქრობენ, დადებითი გავლენა მოახდინონ“ – აცხადებს კაპკოვა.

დომინიკა კაპკოვამ სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მდებარე პაველ იოზეფ შაფარიკის სახელობის უნივერსიტეტში ქიმიისა და ფიზიკური ქიმიის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარ თავში მეცნიერების მიმართ თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა აღმოაჩინა. მან მონაწილეობა მიიღო SPS-ის პროექტში, რომელიც ელემენტების კომპონენტებისთვის, მათი საიმედოობის, სიმძლავრისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი მასალების გამოკვლევას ემსახურებოდა. კაპკოვა კარიერის შემდეგ ეტაპზე ზემოხსენებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეგმავს უნარების განვითარებას ლითიუმ-იონური და პოსტ-ლითიუმ-იონური ელემენტების მიმართულებით.

„იმისთვის, რომ გახდე მეცნიერი სავსე უნდა იყო ვნებით, შემოქმედების უნარით, ინოვაციებითა და ცოდნით. კარგი მენტორები და კოლეგები ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეინარჩუნო მოტივაცია და დილით გაღვიძებასა და სამუშაოს მოუთმენლად ელოდე“- ამბობს დომინიკა კაპკოვა.

SPS-პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო სამეცნიერო თანამშრომლობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასალახად. იგი აერთიანებს მეცნიერებს, ექსპერტებს და ოფიციალურ პირებს NATO-ს წევრი ქვეყნებიდან და ორგანიზაციის პარტნიორი სახელმწიფოებიდან. SPS-ის პროექტების ფარგლებში გაიცემა სტიპენდიები, ასევე პროგრამის დახმარებით ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ მენტორებთან ერთად კარიერის ადრეულ ეტაპზევე მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან კვლევებში.