ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ 2022 წლის „ოსკარების“ ნომინანტების სია გაასაჯაროვა. ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი გახდა პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ ჯილდოზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ორჯერ წარადგინეს. მასთან ერთად ამავე კატეგორიაში ნომინირებულები არიან რიუსუკე ჰამაგუჩი, კენეტ ბრანა, პოლ ტომას ანდერსონი და სტივენ სპილბერგი.
ჯეინ კემპიონი „ოსკარების“ ნომინანტებს შორის პირველად 1994 წელს, ფილმისთვის „პიანინო“ დასახელდა. მაშინ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიის გამარჯვებული სტივენ სპილბერგი გახდა. მან ოსკარი ფილმისთვის „შინდლერის სია“ დაიმსახურა. რაც შეეხება წლევანდელ დაჯილდოებას, კემპიონმა ნომინაცია კინოსურათისთვის, სახელწოდებით „ძაღლის ძალა“ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჯეინ კემპიონი 2022 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულია კატეგორიაში „მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი“. მისმა კინოსურათმა „ძაღლის ძალა“ ეს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა“ მიიღო.
„ოსკარების“ ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მხოლოდ შვიდი ქალია ნომინირებული. მათ შორის, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება დღემდე მხოლოდ ორმა მათგანმა შეძლო. 2010 წელს ოსკარი ფილმისთვის „ქარიშხლის მბრძანებელი“ ქეთრინ ბიგელოუს გადაეცა, 2021 წელს კი ეს ჯილდო კინოსურათისთვის „ნომადლენდი“ ქლოი ჭაომ დაიმსახურა.
„ოსკარების“ რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს, ლოს-ანჯელესში მდებარე დოლბის თეატრში გაიმართება.