სოფია კვინიკაძის კორეული ესკიზები

სოფია კვინიკაძე 24 წლის ქართველი სტუდენტია ქუთაისიდან. კორეული ენითა და კულტურით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. სოფიამ კავკასიის რეგიონში კორეული ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ორწლიანი სტიპენდია მოიპოვა. ამჟამად ის სამხრეთ კორეაში იმყოფება და ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეული ენის ფილოლოგიას სწავლობს. სოფია არის სატელევიზიო მოდელი, მუშაობს რადიოში, სკოლასა და ბაღში ასწავლის ინგლისურ ენას, აქტიურად მისდევს სპორტს, დაკავებულია ბოქსით, არის რუსული და ინგლისური ენების თარჯიმანი, წერს სამაგისტრო ნაშრომს…

სოფია, თქვენი სანუკვარი ოცნება უკვე აისრულეთ და, თანაც, წარმატებით. უკვე დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილებაც შეიძინეთ სწავლასა თუ კარიერაში. ძნელი არ არის ცხოვრებაში ბალანსის პოვნა? რა არის ამ ყველაფრის კეთების უმთავრესი მოტივაცია?

მართლაც, ბევრი საქმე მაქვს და საკმაოდ დაკავებული ვარ, თუმცა, დრო ისე მაქვს გადანაწილებული, რომ სადმე ქუჩაში არ გავითიშო. ყოფილა რამდენიმე კვირა, როცა ყველაფერი ერთად დამყრია თავზე და დილაადრიან გასული გვიან ღამით შემოვსულვარ სახლში. ზოგჯერ უბრალოდ ვჯდები და ვფიქრობ, რამ გამაძლებინა მთელი დღე ფეხზე, ასეთ რეჟიმში. ჩემი „საიდუმლო“ ისაა, რომ უსაზღვროდ ენერგიული ადამიანი ვარ. ყველაზე ხშირად მეგობრებისგან ეს ფრაზები მესმის: „შენ რა, ისევ ფეხზე ხარ?“, „არ დაიღალე?“, „დაგვასვენე“, „როგორ არ იღლები?“. დაღლილობას ვგრძნობ მხოლოდ მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ. უმეტესად კი ბოლო ვარ, ვინც ჯდება და პირველი, ვინც დგება. ყველაფრის კეთებისთვის ძალასა და ენერგიას ვპოულობ საკუთარ „შიშებში“ – მეშინია არასტაბილურობის, იმის, რომ უყურადღებობის ან მცირე სიზარმაცის გამო ხელიდან გავუშვებ კარგ შესაძლებლობას, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო გზებს გამიხსნის სამომავლოდ. ხშირად ესა თუ ის შემოთავაზება თავიდან არასაინტერესო ჩანს, გინდება, ხელი ჩაიქნიო და გასაუბრებაზეც არ გახვიდე, რადგან ისედაც „ათასი საქმე გაქვს“, მაგრამ გავსულვარ და მერე მიფიქრია, ამაზე უარი რომ მეთქვა, აი, თურმე, რამხელა რამეს დავკარგავდი-მეთქი.

წარმატების მიღწევის გზაზე უამრავი ადამიანისთვის დიდი დაბრკოლება სიზარმაცე და საკუთარი თავის რწმენის არქონაა, გაგვიზიარე შთაგონების შენეული მეთოდები და გზები, რითაც სწავლისა და თვითშემეცნების პროცესში ყოველდღიურ სტრესს უმკლავდები…

შეიძლება ვინმესთვის თავდაჯერებული, წარმატებული და უშიშარი გოგო ვჩანდე, მაგრამ ასე არ არის. ყოველ ახალ გამოწვევას მუხლების კანკალით ვხვდები. იმდენად ვნერვიულობ-ხოლმე, რომ ყველა მე მეჩხუბება. მცირე პრეზენტაცია იქნება თუ შედარებით დიდი კონკურსი, მეშინია და ამაში უბრალო შიშს არ ვგულისხმობ. ზოგჯერ ხელები მიკანკალებს, მაგრამ, ალბათ, „ჩემეული“ მეთოდი სწორედ იმაშია, რომ მიუხედავად ასეთი ემოციურობისა და ნერვიულობისა, ღრმად მწამს, რომ სხვა თუ აკეთებს, იმავეს მეც შევძლებ. სასწრაფოდ ვიწყებ კეთებას და ეს შიშიც მალევე სადღაც უკვალოდ ქრება.

ინტერნეტსივრცეში, ვლოგების დამსახურებით, დიდი აუდიტორია და მოსიყვარულე გულშემატკივრები გყავთ… მათ ყოველდღიურად უზიარებთ კორეის შესახებ საინტერესო და სახალისო ისტორიებს. ბევრს აინტერესებს, როგორ უვლიან თავს კორეელები, რა განსხვავებული რუტინა და სილამაზის ტრადიციები აქვთ კორეელ ქალებს, რაც ქართველებისთვის უცნობია?

კორეელი ქალები ძალიან ზრუნავენ სახის კანზე და, არა მხოლოდ ქალები -მამაკაცებიც. ასაკისა და სამსახურებრივი პოზიციის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობენ, კარგ ფორმაში იყვნენ. დაუბანელი თავით ან მაკიაჟის გარეშე აქ ვინმეს ვერასდროს ნახავთ. თუ კი მაინც არის მსგავსი შემთხვევა და მოუწესრიგებელი უწევთ გარეთ გამოსვლა, ქუჩებში ატარებენ სახის ნიღაბსა და ქუდს. აქვე ერთ საინტერესო ისტორიას მოვყვები, ჩემს მეგობართან წამომცდა, გუშინ მაკიაჟის მოშორება დამავიწყდა ისე დავწექი-მეთქი, მან კი ისე ხმამაღლა დაიყვირა, ეგ როგორ შეიძლება, სახის კანი დაგიჭკნებაო, რომ – შემეშინდა,  მაშინ მივხვდი რა სერიოზულად უყურებენ თავის მოვლის საკითხს კორეელები.

დავუბრუნდეთ თქვენს ბავშვობას. ქუთაისში ბებომ და დედამ გაგზარდათ, როგორი იყო მათთან გატარებული დრო? იმერული ტრადიციებით აღზრდამ რა დადებითი მოგცათ უცხო კულტურის ადამიანებთან ურთიერთობისას? ან, თუ არის რაიმე ისეთი, რის გამოც თავს დაჩაგრულად გრძნობდით კორეელი თანატოლების გვერდით…

ჩემი ბავშვობა იყო ზღაპრული! მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სულ საზღვარგარეთ იყვნენ და ბევრი სირთულეც შეგვხვდა, ლაღი და ხალისიანი ოჯახი მყავს – სულ ხუმრობენ, ყველა უბედურებას სიცილში და ოხუნჯობაში ატარებდნენ. ადრე დაოჯახების გამო, მშობლებმა უმაღლესი განათლება ვერ მიიღეს, ამიტომაც ქვეყნის დატოვება და ოჯახის შესანარჩუნებლად მძიმე შრომა მოუწიათ. ბებოს სულ დარდად ჰქონდა ეს ყველაფერი გულზე, ამიტომ პატარაობიდანვე მინერგავდა განათლების ფასს და ძალიან მიწყობდა ხელს, რათა კარგად მესწავლა. „მე გარემოს შეგიქმნი, ბებია, როგორც დედაშენს შევუქმენი, ზუსტად ისე, მარა შენს მაგივრად მე ვერ ვიმეცადინებ და დედაშენი სადაც არის გადაკარგული, კი ხედავო“, – ასე მითხრა ერთხელ და იმის მერე „იმეცადინეს“ თქმა არ დამჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ ბებომ მშობლების გარეშე, მარტომ გამზარდა, არასდროს ვყოფილვარ გადაჭარბებულ სიმკაცრესა და კონტროლში. მქონდა სრული თავისუფლება სახლიდან გასვლისა და შემოსვლის, გადაწყვეტილებების მიღებისა და არჩევანის გაკეთების. ამ ყველაფრისთვის ბებოსა და დედის უსაზღვროდ მადლიერი ვარ. კორეელებიც ძალიან „იმერულები“ არიან, არ უყვართ „გაფრუნცკული“ ადამიანები, ცუდი აურით. დადებითი, მომღიმარი, ენერგიული, მხიარული ადამიანები უყვართ. თუ ასეთი ხარ, ყველას უყვარხარ, ყველა გეფერება.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაკავებული ხართ, ალბათ, მაინც გრჩებათ დრო ნოსტალგიისთვის, ყველაზე მეტად რა გენატრებათ საქართველოდან? რას ისურვებდით, რომ აქ, კორეაშიც, გქონდეთ?

ზოგჯერ ვფიქრობ, კორეა წამოვიღო სახლში, თუ სახლი წავიღო კორეაში. რთული გასაგები იქნება ბევრისთვის, მაგრამ კორეა ჩემი მეორე სახლია, აქაურობა ძალიან მიყვარს და არც მათი დატოვება არ მინდა. მაგრამ, მიუხედავად რთული განშორებისა, ჩემი სახლი აქ არ არის, ბავშვობა, მოგონებები, ოჯახი, მეგობრები ჩემს სამშობლოშია. ისინი მენატრებიან ყველაზე მეტად. გადატვირთული რეჟიმის პლუსი, ალბათ, სწორედ ეს არის – ფიქრის დრო და ენერგია ნაკლებად გრჩება.

ბუნებრივია, ორწლიანი თანაცხოვრების მანძილზე, ბევრ კორეულ ჩვეულებას მიიღებდით და ცოტათი დაემსგავსებოდით კიდეც მათ. კორეელები თუ გამოხატავენ ინტერესს ჩვენი კულტურისა და წეს-ჩვეულებების მიმართ? კონკრეტულად რით არის ქართველი სტუდენტი განსაკუთრებული მათ თვალში? რა მოსწონთ ან რას აკრიტიკებენ ქართულ ტრადიციებში?

კორეელები საქართველოს ჯერ კარგად არ იცნობენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ახალ ტურისტულ წერტილად იქცა და უფრო და უფრო მეტს იტყობენ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩემი აქ ჩამოსვლიდან დღევანდელ დღემდე სიტუაციას თუ შევადარებთ, საკმაოდ ვგრძნობ სხვაობას. პირველი ერთი წელი ისე ვიცხოვრე, მეგონა, აქ ჩემი ქვეყანა არავინ იცოდა და ახლა უკვე საქართველოს რომ იტყვი, ხალხი აქა-იქ ცნობს სახელს და ეს ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს კორეაში ჩვენი ქვეყნის შესახებ და ამაში მეც დიდი წვლილი მინდა შევიტანო.

მომავალი როგორ გესახებათ? საქართველოში დაბრუნებას განიხილავთ თუ ცხოვრებას კორეაში ამჯობინებთ? უკვე აირჩიეთ ის სფერო, სადაც თავს ყველაზე წარმატებულად და რეალიზებულად იგრძნობთ?

ჯერ-ჯერობით კორეაში ვაპირებ დარჩენას. ჩემი პროფესიით რომ დავბრუნდე იდეებიც ბევრი მაქვს, მაგრამ, მინდა ნიადაგი უფრო ძლიერად შევამზადო და ჩემს სამომავლო გეგმებში დასაბანდებელი თანხები შევაგროვო, თბილისში სახლიც შევიძინო. ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით, რა თქმა უნდა, ამიტომ კიდევ რამდენიმე წელი მაინც დამჭირდება აქ მუშაობა მხოლოდ ამ მიზეზით რომ ვიანგარიშო. თუმცა, მხოლოდ ეს მიზეზი არ არის, პირადი „გაუმაძღრობაც“ ფიგურირებს. მინდა კიდევ ბევრი რამ ვნახო, გამოვიკვლიო, შევისწავლო და გამოვცადო. მგონია, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.