დღეიდან ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ქვეყნის მმართველი პარტიის ხმის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანამდებობა 34 წლის სანა მარინმა დაიკავა. მისმა წინამორბედმა, ანტი რინემ პოზიცია გასულ კვირას დატოვა.
სანა მარინი მესამე ქალი პრემიერ-მინისტრია ფინეთის ისტორიაში. ის ხუთი პარტიისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დანარჩენი ოთხი პარტიის ლიდერიც ქალია:
- მემარცხენე ალიანსი – ლი ანდერსონი
- მწვანე ლიგა – მარია ოისალო
- ცენტრალური პარტია – კატრი კულმუნი
- შვედეთის სახალხო პარტია – ანა-მაია ჰენრიკსონი
„ჩვენ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რათა მთავრობისადმი ნდობა აღვადგინოთ. არასდროს მიფიქრია ჩემს ასაკსა და სქესზე – მე ვფიქრობ იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც პოლიტიკაში მოვხვდი და მოვიპოვე ამომრჩევლების ნდობა.“ – განაცხადა სანა მარინმა.
მარინი პრემიერ-მინისტრად არჩევამდე ტრანსპორტის მინისტრის პოზიციას იკავებდა, 27 წლის ასაკში კი ქალაქ ტამპერეს საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ.
ფინეთში ამჟამად რთული პერიოდია: ქვეყანაში ფოსტალიონები 11 ნოემბრიდან გაიფიცნენ, შედეგად ქვეყანამ 500 მილიონი ევროს ზარალი მიიღო.