მაია ჯიმშელეიშვილის ახალი წამოწყება

ფიროსმანი – გზავნილი საქართველოდან

გინახავთ ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული ფიროსმანის მებადური? ან მისივე გოგონა საჰაერო ბუშტით, ან ცნობილი მეეზოვე? დიდი ალბათობით, არ გინახავთ, მაგრამ ხომ საინტერესოდ ჟღერს?

იდეა, ‒ შეექმნა ნაძვის ხის საავტორო სათამაშოები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე გაიყიდება, მაია ჯიმშელეიშვილს ახალი წლის, ნაძვის ხისა და მისი მოსართავების სიყვარულმა უკარნახა. პროექტი, საავტორო ესკიზებით, უკვე მზადაა. პირველი კოლექციისთვის კი ფიროსმანის თემა შეარჩია ‒ როგორც სიმბოლური გზავნილი საქართველოდან.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მოგზაურობით დაიწყო: პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მოგზაურობას მოჰქონდა იდეები, შთაგონება, სიახლის სურვილი, ცვლილების გამბედაობა. მოგზაურობა იყო ის გზაც, რომელიც ამ ამბის მთავარმა გმირმა თავად გაიარა ‒ დაზგური გრაფიკიდან დიდ ფერწერულ ტილოებამდე, ტილოებიდან ‒ სახლის აქსესუარების მაღაზია „ამბიენსამდე“ და მაღაზიიდან ‒ ნაძვის ხის საავტორო სათამაშოების იდეამდე, რომელზეც, პირველად ხმამაღლა, Forbes Woman-თან ჰყვება.

მაია ჯიმშელეიშვილი პროფესიით მხატვარია. ის ადგილობრივი სახელოვნებო სივრცეების გარდა, საერთაშორისო ფესტივალებისა და არტბაზრობების რეგულარული მონაწილეცაა. მაიას ფერწერული ტილოები კერძო კოლექციებში თბილისში, მონაკოში, სენტ პოლში, ნიუ-იორკსა და ტალინშია დაცული.

მისი საავტორო სივრცე „ამბიენსი“ უკვე მეთორმეტე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. მოგზაურობისას გაჩენილი იდეა ესპანურ, ფრანგულ, ბელგიურ, გერმანულ, ჰოლანდიურ და იტალიურ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობით გაგრძელდა. ასორტიმენტის გაფართოების გათვალისწინებით, მაღაზია სექტემბრიდან ახალ, უფრო მასშტაბურ სივრცეში გადავიდა. მაია გვიყვება, რომ არასდროს შეუხედავს აქაურობისთვის, როგორც, უბრალოდ, ბიზნესისთვის, ‒ გატაცება იყო, რომელსაც დიდი აზარტით უდგებოდა.

ამბობს, რომ სირთულე და გამოწვევა ბევრი იყო და დღესაც ბევრია. ახალი წლის პერიოდში „ამბიენსი“ ზღაპრების ილუსტრაციას ემსგავსება, ჯადოსნური სივრცე ოცნებისა და სადღესაწაულო სურვილების ჩაფიქრების სურვილს აჩენს. მაგრამ ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. და კიდევ საქმის დიდი სიყვარული. ახალი წლის სიყვარულიც.  ხვანაირად ყველაფერი სტანდარტული იქნებოდა.

როგორ და როდის გაჩნდა „ამბიენსის“ გახსნის იდეა?

მთელი ცხოვრება ჩემი სუსტი წერტილი იყო სახლის ლამაზი აქსესუარები და მოგზაურობისას ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მსგავს ნივთებს. 2007 წელს, როცა ამ ტიპის მაღაზიის გახსნის იდეა დამებადა, თბილისში დიდი არჩევანი არ იყო სახლის იმ აქსესუარების მხრივ, რაც უცხოეთში ასე მხიბლავდა. სულ რაღაც ჩამომქონდა. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა გამეხსნა პატარა მაღაზია, სადაც შევძლებდი სხვებისთვისაც შემეთავაზებინა ის, რაც თვითონ ძალიან მომწონდა. ევროპაში სხვადასხვა გამოფენაზე დავიწყე სიარული და იქ მქონდა საშუალება სათითაოდ ამერჩია ყველაფერი, რაც მომწონდა და მინდოდა საკუთარ მაღაზიაში მენახა. ჩვენთან ნივთების უმრავლესობა თითო-თითოა. მაგალითად, ჭაღს, რომელიც ძვირფასი, ლამაზი და განსხვავებულია, ათს და ოცს ვერ ჩამოიტან, ის უნდა იყოს ერთი ან ორი, ინდივიდუალურ არჩევანს უსვამდეს ხაზს.

თავიდან აქცენტი ინტერიერის აქსესუარებზე გვქონდა, მერე ამას დაემატა განათებები, ახალ სივრცეში კი, სადაც სექტემბრიდან გადმოვედით, – ავეჯიც.

სახლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ? ფიქრობთ, რომ ის გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ნივთები, რომლებსაც იძენს, ადამიანის თვითგამოხატვის ერთგვარი ფორმაა?

რა თქმა უნდა, სახლი, სივრცე, სადაც ცხოვრობ, შენი განწყობაა, შენი ხასიათი. სარკეა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ სიმყუდროვეს, განსხვავებულობას სწორედ ეს მცირე დეტალები ქმნის, ადამიანის ხასიათს ხაზს სწორედ ის უსვამს.

თქვენ მხატვარი ხართ, მანამდე სხვა ბიზნესი არ გქონიათ. უკავშირდებოდა „ამბიენსის“ გახსნა ფინანსურ და იდეურ კავშირს?

კი, დიდი რისკი იყო. მე გამოცდილება არ მქონია, სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ბიზნესის მართვა და მსგავსი საკითხები სრულიად უცხო იყო ჩემთვის. ეს საქმე, შეიძლება ითქვას, გავაკეთე მხოლოდ გულით, ინტუიტიურ დონეზე. ძალიან დიდი ენერგია, დიდი სიყვარული ჩავდე და, ალბათ, ამ შემთხვევაში ამან გაამართლა. რისკები, ცხადია, დიდი იყო. ჩემი ქმარი დამიდგა გვერდით, მაღაზიას თავიდან მუდმივად სჭირდებოდა ინვესტიცია განვითარებისთვის, ამიტომ ყველანაირ მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ, მაგალითად, სამხატვრო აკადემიაში, სადაც თქვენ სწავლობდით და სადაც ადამიანები ხელოვნებას ქმნიან, ბიზნესის ელემენტებიც ისწავლებოდეს?

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პროფესია, საქმე, რაც უნდა აირჩიოს ადამიანმა, საბოლოო ჯამში, უნდა გაყიდოს. ეს უნდა იყოს მისი შემოსავლის წყარო. შესაბამისად, დღეს დარწმუნებული ვარ ბიზნესის საფუძვლების სწავლების აუცილებლობაში და ამას დავამატებდი ფსიქოლოგიას, რომელიც ყველა ნაბიჯზე გჭირდება და რისკებსაც ამცირებს.  მე არ მქონდა შესაბამისი ცოდნა, უბრალოდ, საქმეს მივყევი და ახლა იმხელა გამოცდილება მაქვს, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს რეალურ კონკურენციას გავუწევ თუნდაც, მომხმარებელთან ურთიერთობაში, ახალი პროექტების დაგეგმვაში, მაღაზიის მართვაში, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდა.

როგორ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ უცნობ სფეროში მოხვდით, ალღოც კარგი აღმოგაჩნდათ?

ვფიქრობ, რომ კი. ზოგადად, კარგი ინტუიცია მაქვს, რომელიც ხშირად ამართლებს. რისკის გაწევაც შემიძლია იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი იდეის ძალიან მჯერა. თუ ასეა, ყოველთვის მივყვები მას და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს იდეა რეალობად იქცეს. ვფიქრობ, პლუსია ისიც, რომ დიდი მოთმინება მაქვს. შემიძლია მიზნისკენ ნელი ნაბიჯით დიდხანს ვიარო.

გარშემომყოფები რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ იმ საქმეს, რომელიც წამოიწყეთ?

მაღაზიას რომ ვხსნიდი, მთელი რემონტის პერიოდში მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. ამ დიდი მუცლით იმდენად ჩართული ვიყავი პროცესში, რომ მეზობლები, ვინც გარშემო გვაკვირდებოდა, შემოდიოდნენ და კითხულობდნენ, ის გოგო როგორაა, ყუთებში რომ დაძვრებაო. არავის არ ჰქონდა მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა გახსნილიყო, ერთ ჩვეულებრივ მაღაზიას ელოდნენ. ზოგადად, საწყის ეტაპზე იყო დამოკიდებულება „ერთობა“. ახლა უკვე სერიოზულად აღიქვამენ ჩემს საქმიანობას, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა საამისოდ. ჩემი მიზანი არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ის, რომ ვინმესთვის რამე დამემტკიცებინა. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ჩემია და ისე გამოდის, რომ ამართლებს ეს. არც ის გამხდარა განცდების საფუძველი, თუ ვინმე სერიოზულად არ აღიქვამდა ჩემს საქმეს. რაც გასაკეთებელი იყო, ვაკეთებდი და წინ მივდიოდი. პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც.

მაღაზიის სახელწოდება როგორ შეარჩიეთ?

„ამბიენსი“ მყუდრო გარემოს ნიშნავს. შესაბამისად, სახელწოდება ზუსტად შეესაბამება იდეას, რომ ამ ნივთებმა სიმყუდროვე უნდა შექმნან ჩვენს სივრცეში.

გამოწვევები გიყვართ?

ტონუსში რომ ვარ, მიყვარს. არაერთი რთული სიტუაცია გვქონია: ძალიან იღლები, ახალი კოლექცია რომ მოდის, – განსაკუთრებით. ახალი წლის წინა პერიოდში სრული ქაოსია, სტრესია, მაგრამ ბოლოს მაინც ძალიან კმაყოფილი ხარ. ზოგადად, ახალი წლის პერიოდში ყველაზე დიდი დატვირთვით ვმუშაობთ, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს დღესასწაული, იმ პერიოდს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. ყოველთვის ვცდილობ განსაკუთრებული, ჯადოსნური გარემო შევქმნა. ხშირად შემოდიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება არც არაფერი შეიძინონ, მაგრამ გარემო იმდენად მოსწონთ, საოცრად დადებითი ემოციით იმუხტებიან. ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, სწორედ ეს განწყობა და გარემო განაპირობებს ამ მაღაზიის პოპულარობას.

ბალანსის დაცვა რთულია საქმესა და ოჯახს შორის?

თუ ახლობლები მხარს გიჭერენ და გგულშემატკივრობენ, – არა. სამი შვილი მყავს. უფროსი, 20 წლის, ნიუ-იორკში სწავლობს არქიტექტურის ფაკულტეტზე, შუათანა 14 წლისაა და პატარა გოგო – 11-ის. ყოფილა, რომ მეგობრები დამხმარებიან მაღაზიაში ექსპოზიციის მოწყობაში ახალი კოლექციის მიღების დროს. ჩემს მეუღლეს, შვილებს მიუღიათ მონაწილეობა. ეს დიდი სტიმულია.

მკვეთრადაა გამიჯნული ერთმანეთისგან ხატვა და თქვენი საავტორო „ამბიენსი“?

არა, „ამბიენსი“ არასდროს ყოფილა ჩემთვის უბრალოდ საქმე. მასაც უდიდესი ემოციით, შთაგონებით ვუდგები. ჩემთვის ეს სივრცეც თვითგამოხატვის საშუალებაა. ალბათ ამიტომაც შედგა წარმატებულ ბიზნესად. ძალიან უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.

მომავალს გეგმავთ ხოლმე?

ყოველთვის მაქვს რაღაც გეგმა ან ფურცელზე, ან თავში. ერთადერთი, რასაც ვერ ვგეგმავ, ხატვაა. იმისთვის, რომ ვხატო, ყოველთვის რაღაც აღმაფრენა, შთაგონება მჭირდება.

და რა არის ის, რაც უკვე დაგეგმილია?

უკვე ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს ერთი იდეა, რომელზეც თქვენთან პირველად ვყვები. როგორც აღვნიშნე, ჩემი სისუსტეა საახალწლო სათამაშოები და ყველაფერი, რაც ახალ წელს უკავშირდება.

ამდენი წლის განმავლობაში ყოველთვის ჩამომქონდა განსაკუთრებული, საკოლექციო და ექსკლუზიური სათამაშოები. ერთ მშვენიერ დღეს დამებადა იდეა, შემექმნა ჩემი ახალი ბრენდი და მეწარმოებინა ნაძვის ხის სათამაშოები. მაქვს ძალიან ბევრი ესკიზი. ეს უნდა იყოს საკოლექციო, საცალო სათამაშოები; ნაწარმი, რომელიც ხელოვნების რანგში იქნება აყვანილი, აბსოლუტურად შემოქმედებითი პროცესია. წელს „ამბიენსში“ უკვე გვექნება წარმოდგენილი ფიროსმანის თემატიკაზე შექმნილი სათამაშოები, ხელნაკეთი ფიგურები, რომლებიც პოლონეთშია დამზადებული. ჩვენი ერთ-ერთი მომწოდებელია ეს პოლონური ბრენდი და, შესაბამისად, ზუსტად ვიცი რა ხარისხსაც მთვაზობენ.

რატომ აირჩიეთ ფიროსმანის თემატიკა პირველი კოლექციისთვის?

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ფიროსმანი, რომელიც ყველას უყვარს, ამ კონტექსტში სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები უამრავ რამეზეა დატანილი, ვფიქრობ, რომ სათამაშოები ასევე ძალიან საინტერესო იქნება. გარდა ამისა, ჩემი სათამაშოები, ძირითადად, უცხოურ ბაზარზე მაქვს გათვლილი, ეს იქნება საკოლექციო, ძვირადღირებული დეკორაციები, რომლისთვისაც ქართული ბაზარი, ვფიქრობ, ამ ეტაპზე მზად არაა. ამ სათამაშოების ექსპორტზე გატანა ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფიროსმანიც – როგორც პირველი კოლექციის სიმბოლო – ვფიქრობ, ეფექტური გზავნილი იქნება ჩვენგან და გარკვეულ როლს აუცილებლად ითამაშებს ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. პირადად ჩემთვისაც ნიკო ფიროსმანი, მისი მხატვრობა და ისტორია განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელია. იმის გამო, რომ თვითნასწავლია და, უბრალოდ, საკუთარ გრძნობებს მიჰყვებოდა, ჩემ მიერ განვლილ გზასთან ერთგვარ პარალელს ვავლებ და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პირად სენტიმენტებს მის მიმართ.

ბრენდს სახელი უკვე შეურჩიეთ?

დიახ, „სტელარი.“ „სტელარ“ – ვარსკვლავურს, განსხვავებულს, გამორჩეულს ნიშნავს. ძალიან მინდა ეს იყოს ძლიერი ბრენდი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებს გაუწევს კონკურენციას ამ მიმართულებით. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მომავალ წელს უკვე გავიტან კოლექციას ევროპაში საახალწლო სათამაშოების გამოფენაზე.

დიდი კონკურენციაა ამ სფეროში?

ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი რამ ვიცი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს და გამოცდილებაც მაქვს. მსოფლიოში ნაძვის ხის სათამაშოების მწარმოებელი რომელი ბრენდებიც მომწონს, მათგან 90%-თან ვთანამშრომლობ, ჩემს მაღაზიაში იყიდება მათი სათამაშოები. თუმცა, ის, რასაც გავაკეთებ, მინდა ამ ყველაფრისგან კიდევ განსხვავებული იყოს. საწყის ეტაპზე სათამაშოების სხვადასხვა დეტალი რამდენიმე ქვეყანაში დამზადდება და საბოლოო პროდუქტი აქ შეიკვრება. სამომავლოდ კი ვფიქრობ, რომ საქართველოში ავაშენებთ საწარმოს, რომელიც ადგილზე შექმნის ქართულ პროდუქტს და საზღვარგარეთ გაიტანს. საამისოდ კი, ცხადია, პირველ რიგში, კადრების მომზადება მოგვიწევს. შუშა, რომლითაც საახალწლო სათამაშოები მზადდება, სრულიად განსხვავებულია. მის დამუშავებას სპეციალური ტექნოლოგია და, შესაბამისად, სათანადო ცოდნა სჭირდება. თუმცა, იმედი გვაქვს, მივაგნებთ საჭირო ადამიანებს, რომლებიც სიხარულით შეისწავლიან ამ ახალ ხელობას.

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო