ფატი გოკიელი გახლდათ ღრმად განსწავლული პიროვნება, რომელიც ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ლათინურ ენებს. მისი მეუღლე იყო ცნობილი ქართველი რეჟისორი დოდო ანთაძე. თუ რატომ გაქრა ფატი გოკიელის სახელი ქართული სამართალმცოდნეობის ფურცლებიდან, ამაზე პასუხს გაიგებთ წარმოდგენილ სტატიაში.
„ფატი გოკიელს, გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მისი თანამედროვენი იცნობდნენ როგორც ლიტერატურათმცოდნეს, უმაღლესი სკოლების პედაგოგს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით, მხატვრული თარგმანების ავტორს; ცოტამ თუ იცის, რომ იგი, როგორც ინტელექტუალი, ცნობიერების სხვა, ლიტერატურათმცოდნეობისაგან განსხვავებულ სფეროში – იურისპრუდენციაში, ჩამოყალიბდა.“ – თედო ნინიძე
თანამედროვე საქართველო, როგორც ახალგაზრდა სახელმწიფო, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევების დაძლევის, ძიებისა და გარდაქმნის პროცესი ერთი მხრივ, ძალიან მტკივნეული და ემოციურია, ხოლო მეორე მხრივ, უზომოდ საინტერესო და ამაღელვებელი, რადგან უშუალო მომსწრენი და მონაწილეები ვართ, დრომოჭმული ფასეულობების გადაფასების, წინააღმდეგობებით სავსე საკითხებთან ჭიდილის, კარგის შეთვისებისა და უვარგისის მივიწყების ხანგრძლივი პროცესების.
უკანასკნელ პერიოდში, თითქოს, სადღაც, დიდი ხნის დაგუბებული და მივიწყებული ხმა გაისმა – ხმა ქართველი ქალისა. ხმა, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და რომელსაც თითქოს ზედაპირულად, ფასადურად აფასებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველ ქალებს თანამედროვე საქართველოში, ჯერ კიდევ გვიწევს მტკიცება ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა, რომ ჩვენც, ისევე როგორც ყველას, გვაქვს უფლებები და ვართ სრულფასოვანი, თანასწორი და თავისუფალი მოქალაქეები, რაც გამოიხატება ყველა სურვილში, ნაბიჯსა და მოქმედებაში, მიზანსა თუ ოცნებაში, ქცევასა თუ ფიქრში, წარმატებასა თუ მარცხში; ყველაფერში, რაც მთელი სხეულით გვაგრძნობინებს თავისუფლებას.
საიდან დაიწყო და როგორ მოვედით აქამდე? ვის ეკუთნოდა ის მქუხარე ხმები, რომლებიც ისტორიამ შემოგვინახა და რატომ ვართ ასე მტკიცედ დარწმუნებული, რომ თუ მოვინდომებთ, ნამდვილად შეგვიძლია, ჩვენი ხმა ცხრა მთას იქით, მწვერვალებს მიღმაც გავაგონოთ სამყაროს.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის და გასაბჭოების შემდეგ, იმ დროს, როდესაც საღი აზრი იდევნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმჟამინდელ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, საიდანაც იურისტის მანტიით უნდა გამოსულიყო. ეს ქალი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის გამორჩეულად სათაყვანებელი მოსწავლე ფატი გოკიელი გახლდათ.
მასშტაბური რეპრესიების პირობებში, გამალებული ბრძოლა გაჩაღდა უფროსი თაობის ქართველი მეცნიერების წინააღმდეგ – თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ეწყობოდა საუნივერსიტეტო „სასამართლოები“, სადაც პატიული დავალებით განიხილავდნენ გამოჩენილ მეცნიერთა „საქმეებს“. ანალოგიური პროცესის მოწყობა სურდათ პროფესორ ანდრონიკაშვილისთვისაც. როგორც ყველაზე წარჩინებულ სტუდენტს, სადოქტორო ხარისხის დაცვის პროცესში, უნივერსიტეტის იმჟამინდელმა პრორექტორმა – კონსტანტინე სულაქველიძემ, საკუთარი მასწავლებლისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლა დაავალა. ცხადია, ფატი გოკიელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარი არათუ ანდრონიკაშვილის მიღწევებზე, არამედ პირიქით, მის უარყოფით მხარეებზე უნდა ყოფილიყო, რის საფუძველზეც პროფესორს უნივერსიტეტთან გამოთხოვება მოუწევდა.
საინტერესოა, რას ფიქრობდა პროფესორი მაშინ, როდესაც ლუარსაბ ანდრონიკაშვილის მოსწავლეს პედაგოგის წინააღმდეგ წასვლა მოსთხოვა? ნუთუ, ქალად ყოფნა გაამარტივებდა ამგვარი ბრალდების წამოყენებას? რატომ შეირჩა სამიზნედ ფატმან გოკიელი და არა სხვა? იმიტომ ხომ არა, რომ ქალის დათანხმება უფრო მარტივ საქმედ მოეჩვენა პროფესორს?! ქალისა, რომელიც აუცილებლად პირველი იქნებოდა იმ დროის საქართველოში (1927 წელს), სამართლის დოქტორის ხარისხის დაცვის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
სამწუხაროდ, არ დასცალდა. სხვაგვარი დასასრული გასაკვირიც კი იქნებოდა! ფატმან გოკიელმა უარი თქვა არა მარტო სადოქტორო ხარისხის დაცვაზე, არამედ პროფესიაზე და არჩევანი საკუთარი სინდისისა და ღირსების სასარგებლოდ გააკეთა. იურისტისა და სამართლის მეცნიერის მომავალი, ერთი, საკმაოდ ძლიერი ხელის მოსმით გაანადგურა, რადგან სხვა გზა და არჩევანი არც ჰქონია.
ცხადია, ფატმან გოკიელმა უარი განაცხადა პარტიული დავალების შესრულებაზე. საპასუხოდ მას, ნების საწინააღმდეგოდ უნივერსიტეტი, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა, დაატოვებინეს და იფიქრეს, რომ მასში ბრძოლის და თვითდამკვიდრების ყოველგვარი სურვილიც ჩაკლეს. თუმცა, ამაოდ! გაივლის წლები და მას აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე დაუდასტურებს „არსებობას არა მარტო ბედი ქართლისა, არამედ “ბედი ქართველი ქალისა“…
1947 წელს ფატი გოკიელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური წოდება და ხარისხი მიენიჭა. ქალი, რომელსაც იურიდიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ მიეცა, მაინც აღმოჩნდა იქ, სადაც საკუთარი ინტელექტისა და გონიერების წყალობით, წარმატების უმაღლეს მწვერვალზე ავიდა – ფატი გოკიელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა!
გაივლის წლები და ხმა ქართველი ქალისა ისეთივე მქუხარე იქნება, როგორც დღე, როდესაც ფატი გოკიელს უნივერსიტეტის კარები უმოწყალოდ დაუხურეს. განა იცოდნენ, რომ ამ დღის წყალობით ფატისაგან უფრო ძლიერი და შეუპოვარი ქალი იძერწებოდა? განა ესმოდათ, რომ ფატი გახდებოდა მაგალითი მათთვისაც, ვისაც ბრძოლის ჟინი ჯერ კიდევ არ გაღვივებოდათ, მაგრამ ახლა? ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ახლა შუა გზაზე მიყვანილი საქმის მიტოვების არც მორალური უფლება და არც წრფელი სურვილი არ გაგვაჩნია ქალებს, რომელთა ბედიც საუკუნეების წინ იძერწებოდა ამ ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, მაგრამ დასასრული ჯერ კიდევ არ ამოტვიფრულა. დასასრულამდე ჯერ კიდევ გრძელი და ქარტეხილებით სავსე გზა გასავლელია.
მბობენ, რომ ამ გზის ბოლოს, ქართველი ქალები ღიმილით იმეორებენ სიტყვებს, რომ არსებობს „ბედი ქართლისა და „ბედი ქართველი ქალისა“, მისი წარმოთქმისას, კი ისეთივე სიამაყე დალიცლიცებთ სახეზე, როგორც ფატი გოკიელს, მაშინ როდესაც წართმეული იურისტის მანტიის სანაცვლოდ, კვლავ დაწერილსა და დამსახურებულს – ფილოლოგიის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, დისერტაციას იცავდა.
ავტორი: მარიამ პირველი