მემანქანის 30 ვაკანსია და 28,000 ქალის განაცხადი

ფოტო: Getty Images

ესპანური სარკინიგზო კომპანიის, Renfe-ს ინფორმაციით, რომელმაც საუდის არაბეთში მატარებლის მემანქანის პოზიციაზე ქალებისთვის 30 ვაკანსია გამოაცხადა, დაახლოებით 28,000 განაცხადი მიიღო. როგორც ცნობილია, შერჩეული კანდიდატები ერთწლიანი სწავლების შემდეგ ჩქაროსნულ მატარებლებს ქალაქ მექასა და მედინას შორის მართავენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონსერვატიულ, მუსლიმურ სახელმწიფოში აღნიშნულ პოზიციაზე ვაკანსია ქალებისთვის გამოაცხადეს. ათწლეულების განმავლობაში, საუდის არაბეთს ქალების დასაქმების თვალსაზრისით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ სახელმწიფოში ისინი ძირითადად საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში იყვნენ დასაქმებულნი.

ბოლო წლებში, საუდის არაბეთის მთავრობამ პრინც მუჰამედ ბინ სალმანის გეგმის ფარგლებში, რომლის მიზანიც ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაა, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ცნობისთვის, გასული ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის სამუშაო ძალაში ქალთა წილი თითქმის გაორმაგდა და 33% შეადგინა. ისინი ახლა ისეთ სამუშაოებს უძღვებიან, რომლებსაც ადრე მხოლოდ მამაკაცები და მიგრანტი მუშები ასრულებდნენ. ამის მიუხედავად, საუდის არაბეთში ქალებში უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ მაღალია.

ცნობისთვის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ძალისხმევით საუდის არაბეთში ქალებზე მამაკაცების მეურვეობის კანონიც შემსუბუქდა, რაც მათ თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას აძლევს. ამის მიუხედავად, ქალებს კაცების თანხმობა სჭირდებათ, რომ დაქორწინდნენ, დატოვონ ციხე და მიიღონ სამედიცინო დახმარება.

უფლებადამცველების განცხადებით, საუდის არაბეთში ქალები კვლავ დისკრიმინაციას განიცდიან ქორწინებასთან, განქორწინებასთან, ოჯახთან და შვილებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.