დისტანციური სწავლება სკოლებში და ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველ მოსწავლეებს გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში აკადემიური მოსწრებით არ შეაფასებენ. მისივე თქმით, საქართველო მზად არის ახალ გამოწვევებს შეხვდეს. აკადემიური მოსწრების ნაცვლად შესაძლებელია მოსწავლეებს დასკვნითი პროექტის მომზადება ან სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწიოთ, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმა მოქნილობით გამოირჩევა, ორიენტირებულია თემებზე და არა კონკრეტულ ტექსტებზე.

ეკატერინე დგებუაძემ კიდევ ერთ მნიშნველოვან ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება. პირველი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს. მოლაპარაკებები პირველ არხთან მიმდინარეობს, სატელევიზიო გაკვეთილებს კი ყველა საფეხურის მოსწავლეს შესთავაზებენ. უფრო მეტ დეტალს ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე გავიგებთ.

რაც შეეხება, ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და მასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ცვლილებებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღანელის სოფო გორგოძის განცხადებით, არსებული ბარიერის დაწევა არცერთ საგანში არ იგეგმება, მაგრამ თუ ეროვნული გმოცდები დაგეგმილ ვადაში ჩატარდება, საგამოცდო ტესტები მეორე სემესტრში გასავლელი ფაქტობრივი მასალით არ დაიტვირთება.

„ორიენტირებული ვიქნებით აბიტურიენტის აზროვნებაზე და ნაკლებად ფაქტობრივ მასალაზე, წელს ამას განსაკუთრებით მივაქცევთ ყურადღებას.“- განაცხადა სოფო გორგოძემ საქმიანი დილის ეთერში.