Marazzi TG Showroom – გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის სინთეზი | ინტერვიუ თათია მიშველაძესთან

დღეს ლოკალურ ბაზარზე იშვიათად ვაწყდებით ჰარმონიას, როდესაც მომხმარებლის იმედები ყველა მიმართულებით მართლდება.

თუმცა, ასეთი გამონაკლისის შემთხვევას როცა აღვნიშნავთ, მაშინ ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ კომპანიის მენეჯმენტის და გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი, მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარული.

„მარაცი ჯგუფის“ პროდუქცია ‒ ეს არის გამორჩეული დიზაინის და ხარისხის სინთეზი. „მარაცი“ გლობალური ლიდერია ამ სფეროში და ერთგვარი მოდის მეტრი. მისი უზარმაზარი პოტენციალი, დიზაინერების, ინჟინრების, ტექნოლოგებისა და მარკეტოლოგების ნაშრომი თვალნათლივ აისახება მის პროდუქციაზე, რომლის დიაპაზონიც, ფაქტიურად, ამოუწურავია.

საქართველოში Marazzi TG Showroom-ის კომერციული დირექტორი თათია მიშველაძეა, რომლისთვისაც ამ ბიზნესში ყოფნა მრავალ გამოწვევას უკავშირდება.

რა დატვირთვა აქვს თქვენთვის პროდუქტის დიზაინსა და ესთეტიკას?

დიზაინი და ესთეტიკური მხარე მხოლოდ ნაწილია ნებისმიერი პროდუქტის. იმისათვის, რომ მივიღოთ საუკეთესო პროდუქტი, აუცილებელია დიზაინის თანხვედრა მის ხარისხთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სისუფთავე, უსაფრთხოება, გამძლეობა, მდგრადობა, წარმოების პროცესში გარემოზე ზრუნვა. ცუდი დიზაინი ვერ შექმნის კარგ პროდუქტს ისევე, როგორც კარგი დიზაინი ცუდ პროდუქტს ვერ მოერგება.

თუ პროდუქტი უხარისხოა, გამოყენებისას იცვლის ვიზუალურ და ტექნიკურ მახასიათებლებს, ეს ნიშნავს, რომ დიზაინი ჩავარდნილია. ხარისხიანი პროდუქტი უნდა დაეხმაროს მომხმარებელს, რომ შეიქმნას მეტი კომფორტი, უსაფრთხო გარემო და ღირებულება.

ღირებულება ცოტა აბსტრაქტული ცნებაა, რადგანაც შეიძლება გავიგოთ როგორც ემოციური დატვირთვით, ასევე ფუნქციონალური თუ ფინანსური. აღსანიშნავია, ასევე დროის ღირებულება, რადგანაც ფინანსური და დროის ღირებულების თანაფარდობა უნდა იყოს თანხვედრაში ერთმანეთთან. როდესაც ხარისხიან ნივთში ვიხდით მეტს, ვიდრე მის მსგავს უხარისხოში, ჩვენ ვზოგავთ ჩვენს ჯანმრთელობას, ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, ვახორციელებთ გრძელვადიან ინვესტიციას (არ გვიწევს ბევრი იაფფასიანის ყიდვა და ცვლა) და ამავე დროს, ვიღებთ დახვეწილ დიზაინს, რომელიც ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს და გვიქმნის ემოციურ ღირებულებას.

Photo Credits to Ana Boko

საიდან გაჩნდა მარაცის მონობრენდული შოურუმის გახსნის იდეა?

ეს იდეა ერთი ხელის მოსმით არ მოსულა. ეს არის მრავალი კომპონენტის სინთეზი, სადაც, პირველ რიგში, ხაზგასასმელია კლიენტის მოთხოვნა, რომ მიიღოს ლიდერი ბრენდის ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტი სწორად და ეფექტურად. აგრეთვე, ეს იდეა მოიტანა დრომ, მომხმარებლის ნდობამ. როდესაც ჩნდება სურვილი, რომ შენი ინოვაციური ხედვა, პროფესიონალიზმი სხვას გაუზიარო და გადასცე უფრო მასშტაბურად, ვიდრე ეს ხდება კორპორატიული შესყიდვის დონეზე, შესაბამისად იბადება კითხვა, თუ როგორ და რანაირად და ეს გზა აღმოჩნდა – შოურუმის გაკეთება.

რა იყო პირველი ნაბიჯები თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

ეს იყო კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით აქტიური მუშაობა მსხვილ დეველოპერებთან, ჰოტელიერებთან და ჰორეკასთან თანამშრომლობით; იყო არაერთი დიდი თუ მცირე პროექტი თავისი მკაცრი გრაფიკით, არანორმალურად ბევრი სამუშაოთი და კიდევ სხვა მრავალი კომპონენტით. ცხადია, არ იყო იოლი მომხმარებლის დარწმუნება, რომ ხარისხიან პროდუქტში გადახდილი თანხა არის არა უბრალოდ ზედმეტი ხარჯი, არამედ გამძლეობაში, ეკოლოგიურ სისუფთავეში, ენერგოეფექტურობაში, დიზაინში და ამ
დიზაინის ხანგრძლივად შენარჩუნებაში გადახდილი თანხა.

სირთულეები?

ჩემი აზრით, სირთულეები და დაბრკოლებები ზრდის ნაყოფიერებას და უფრო მეტი შემართებით და მეტად გააზრებულად დგამს თითოეული ჩვენგანი შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს.

გამოწვევაა, რომ იყო მსოფლიო ლიდერი ბრენდის დისტრიბუტორი და ფლაგმანი შოურუმი ქვეყანაში, ეს არაა ადვილი. ბრენდს აქვს ძალზე მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები. ამ მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო იყო სწორი პოზიციონირება, სწორი არჩევანის გაკეთება მასალებზე და დიზაინზე, ლოგისტიკა, გუნდი და მენეჯმენტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განვითარება, ცოდნის დონის მუდმივი ამაღლება, გუნდის და სერვისის ფორმულირება მაღალი სტანდარდების შესაბამისად, რომ ბრენდის განუზომელი შესაძლებლობები სწორად მიიტანონ მომხმარებლამდე და შოურუმში მოსულმა ადამიანმა თავი იგრძნოს არა სტანდარტულ მაღაზიაში, არამედ სახლში, სიმყუდროვეში, სადაც მას მუდმივად ელიან, სადაც ის სულ სასურველი სტუმარია, სადაც მას ეხმარებიან და სწორ მიმართულებას აძლევენ საკუთარი სურვილების რეალიზებისათვის – ეს ყველაფერი ერთი კომპლექსური გამოწვევის მცირე ნაწილია. ამ ბარიერების გადალახვა მოკლე დროში მოხდა და მოხდა ჯეროვნად.

თანამედროვე ტექნოლოგიები თუ პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საშუალებას, რომ არცერთი მცირე თუ დიდი დეტალი არ გამოგვრჩეს და საქმე შესრულდეს დროულად და სრულყოფილად.

მოტივაცია არის მრავალნაირი და ყოველთვის საინტერესო – ეს არის თითოეული რეალიზებული მცირე თუ დიდი პროექტი, რომელსაც აქვს თავისი ინდივიდუალურობა, დამახასიათებელი შტრიხები, არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს. ვინაიდან ჩვენი მასალების დიაპაზონი იმდენად ფართოა, რომ ეს იძლევა საშუალებას, ყველა პროექტს ჰქონდეს თავისი განმასხვავებელი ხელწერა.

მოტივაცია არის თითოეული დაინტერესებული მომხმარებელი თუ არქიტექტორი, თითოეული ახალი პროექტი. როცა სიახლეს ქმნი ნულიდან, უკვე წარმოსახვაში ხატავ და აწყობ ყველაფერს, უხამებ ფერებსა თუ ზომებს და ა.შ. და მერე მოტივირებული ხარ, რომ ამ ყველაფრის რეალიზება მოახდინო. მოტივაციაა ასევე, როდესაც პროექტის მონიტორინგზე,
შოურუმში, ოფიციალურ შეხვედრაზე თუ შემთხვევით ქუჩაში შემხვედრი მომხმარებელი, რომელიც დღემდე კმაყოფილია გაწეული მომსახურებით და მასალით.

Photo Credits to Ana Boko

თქვენი საქმიანობა – როგორც სტერეოტიპის მსხვრევა…

კი, ეს ნამდვილად არის ერთგვარი სტერეოტიპის მსხვრევა, როცა ქალი დგას მსგავსი პროფილის კომპანიის სათავეში. მე არასოდეს ვუფრთხოდი გამოწვევებს და ბარიერებს, ისინი გარკვეულ სტიმულს მაძლევენ ხოლმე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდე ახლოს მიზანთან. ამავე დროს, როცა საკუთარი საქმე მოგწონს, გიყვარს და სულს და გულს ჩადებ, მიაგნებ გასაღებს, თუ როგორ აიყვანო ეს ხელოვნების დონეზე. ინოვაციური მიდგომები, მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, გუნდის თანადგომა და კიდევ მრავალი სხვა კომპონენტი ქმნის ამ ყველაფერს. არასოდეს ვყოფილვარ ორიენტირებული, რომ მხოლოდ დაკისრებული მოვალეობა შემესრულებინა და ამით შემოფარგლულიყო ჩემი საქმიანობა. ყოველთვის იყო გაცილებით მეტი მხარდაჭერა კლიენტებისადმი, გაცილებით მეტი და სიღრმისეული კონსულტაცია და მათი მხრიდან ეს ადეკვატურად ფასდება მუდამ, ფასდება პირველ რიგში ნდობით, პატივისცემით, ერთგულებით, სიყვარულით.

როდესაც ვქმნით და ვხედავთ შედეგს და ამ შედეგით მომხმარებელი კმაყოფილია, ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება.

გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა რჩვებს მისცემდით თქვენს მომხმარებელს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლო მომავალში საკუთარ ინტერიერში კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების გამოყენებას გეგმავენ?

არჩევანი უნდა გაკეთდეს ფასის და ხარისხის თანაფარდობით და არა მხოლოდ ფასზე ორიენტაციით, ეს არის ამოსავალი წერტილი. აგრეთვე, პროდუქტის სწორი მახასიათებლები, მისი ეკოლოგიური სისუფთავე, მისი გამძლეობა ტექნოლოგიურ და დიზაინერულ შტრიხებთან ერთად მიიღონ მხედველობაში და ისე გააკეთონ არჩევანი.

ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ მომხმარებელს არ აქვს სწორი ინფორმაცია მიღებული და შესაძლოა, არჩევანი შეაჩეროს შეუსაბამო მასალაზე. ამ დროს ჩვენ ვალდებული ვართ, მას ჯეროვანი კონსულტაცია გავუწიოთ და დავეხმაროთ, რომ სწორ გზაზე დადგეს.

სამომავლო გეგმები

როდესაც არის საინტერესო და კლიენტისთვის თუ კომპანიისთვის კარგი ტანდემი, რასაც ჰქვია ინოვაციურობა, მაღალი ხარისხის და დიზაინის პროდუქცია და მათი სწორად მიტანა მომხმარებლამდე, ეს ბუნებრივია ქმნის წინაპირობას, რომ გავფართოვდეთ და გავიზარდოთ, რაც შექმნის უფრო მეტად ჯანსაღ გარემოს, უფრო მეტ დასაქმებულს, უფრო მეტად ლამაზ და თვალშისაცემ, ხარისხიან პროექტს და უფრო მეტ კმაყოფილ საზოგადოებას.

No Comments Yet

Comments are closed