სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო. გადაწყვეტილების თანახმად რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირებდა და 8.5%-ს შეადგენს.

ინფლაციას როგორც კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. თუმცა მაშინ როდესაც მიწოდების ფაქტორები ინფლაციაზე უკვე სწრაფად აისახა, ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლება ინფლაციაზე გარკვეული დროის შემდეგ აისახება. ვინაიდან მოთხოვნის კლება ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი და განაკვეთის შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ სესხების საპროცენტო განაკვეთს უნდა გადაეცეს და ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას გამოიწვიოს.

შემცირების მიუხედავად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი დროებითი ფაქტორების გამო ინფლაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.