კორონავირუსის ვაქცინა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ვირუსის წინააღმდეგ იმ ვაქცინას გამოიყენებს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს. საქართველო თანამშრომლობს „კოვაქს“ პლატფორმასთან, რომელიც „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ ნაწილია : „ეს იქნება ოქსფორდის, Moderna of Pfizer–ის ვაქცინა ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკვე შეუკვეთა ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის 20%-ისთვისაა გათვლილი. ეს დაახლოებით 700,000 ადამიანს მოიცავს. აღნიშნული ვაქცინა თითოეულ ინდივიდს  2-3 კვირის შუალედით ორჯერადად გაუკეთდება – 1,400,000 დოზაა საჭირო. „კოვაქს“ პლატფორმის ვაქცინებისთვის მთავრობას $17 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ოთხი მილიონი დოლარი წინასწარი შენატანის სახით უკვე გადაიხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბევრად მეტი ადამიანია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ამბობს. აღნიშნული განპირობებულია იმ პაციენტებით, რომლებსაც ასიმპტომური კორონავირუსი აქვთ ან ვირუსის მსუბუქი ფორმის გამო სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ. ვითარება დეკემბერში განსაკუთრებით მწვავე იქნება. შესაბამისად, NCDC სხვადასხვა კომპანიებთან პირდაპირი კავშირით ცდილობს ვაქცინა გარკვეული ჯგუფებისთვის დეკემბრის ბოლოდან ხელმისაწვდომი გახადოს.

COVID-19-ის ვაქცინა 2021 წლის გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამყრელიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად მოხდება სამედიცინო პერსონალის, მოხუცებისა და რისკის ჯგუფებში მყოფი პირების ვაქცინაცია.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დღეს საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა.

No Comments Yet

Comments are closed