ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის (1957-2006) ნამუშევრები Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. Sotheby’s ბრიტანეთში დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, რომლის მომსახურება საკოლექციო ნამუშევრების გაყიდვას მოიცავს. მერაბ აბრამიშვილის 1998 წელს შექმნილი „ედემის ბაღი“ 50,400 ფუნტად ($67,337 დოლარი) გაიყიდა. რაც შეეხება „კუმაონის კაციჭამიას“, ნახატი 44,100 ფუნტად ($58,920 დოლარი) გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ნამუშევარი კერძო კოლექციას ეკუთვნოდა.
მერაბ აბრამიშვილი თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლის დასრულების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მხატვრის შემუშავებული ტექნიკა მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენს. ნამუშევრებში ნებისმიერი გამოსახულება იძენს სიმბოლოს ღირებულებას, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლობასა და აბსტრაქციას. მისი შემოქმედება საერთაშორისოდაა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც მერაბ აბრამიშვილის ტილოები Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. აბრამიშვილის ნამუშევრები ხშირად ევროპის მასშტაბით ჩატარებულ მრავალ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ნახატების გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. ნამუშევრების უმეტესობა კი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციონერების მფლობელობაშია.
შეგახსენებთ, რომ Sotheby’s-ის აუქციონი სახელწოდებით „რუსული სურათები“ 1 დეკემბერს ჩატარდა, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევრებთან ერთად, მე-18-19 საუკუნეების ტილოები იყო წარმოდგენილი.