ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, კუბატბეკ ბორონოვი, თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ხმების გაყალბების ბრალდების საპასუხოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა კვირის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. კომისიამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად მიიღო.

Photo Credits to Vyacheslav Oseledko/AFP

ბორონოვმა და პარლამენტის სპიკერმა, დასტან ჯუმაბეკოვმა, საკანონმდებლო ორგანოს შეხვედრაზე გადადგომის წერილი წარადგინეს.

სამშაბათს გამართულ საგანგებო სხდომაზე პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჯაფაროვი, ოპოზიციური პარტიის „მეკენჩილის“ დამფუძნებელი, დანიშნა.  ჯაფაროვი ორშაბათის საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნით ციხიდან გაათავისუფლეს.

სოორონბაი ჯეენბეკოვი კვლავ იკავებს პრეზიდენტის პოსტს, თუმცა ამბობს, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს და ძალაუფლება ძლიერ ლიდერს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ალა-ტუს მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. უსაფრთხოების სამსახურმა მიტინგის დასარბევად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ყუმბარები, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი 19 წლის მომიტინგე და დაშავდა 590 ადამიანი.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყირგიზეთში არა ერთხელ გამართულა აჯანყება და პოლიტიკური არეულობა. 2005 და 2010 წლებში ყირგიზმა მომიტინგეებმა ორი პრეზიდენტი გააძევეს კაბინეტიდან. ბოლო ათწლეულის შემდეგ, რომელიც შედარებით სტაბილურობით ხასიათდება, არსებულმა კორუფციამ და კლანების ძალაუფლებამ ყირგიზი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.