გალერეა უფიცის ონლაინ გამოფენა: ფრედერიკო ზაკურის „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციები

იტალიელი პოეტისა და პოლიტიკოსის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გალერეა უფიცი ონლაინ გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენაზე ფედერიკო ზუკარის მიერ ესპანეთში 1586-1588 წლებში შესრულებული „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციებია წარმოდგენილი. გამოფენის სახელი დანტეს „ინფერნოს“ უკანასკნელი ხაზია – „A riveder le stelle“ (რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები).

დომენიკო დი მიჩელინოს 1465 წლის ფრესკა: დანტე ალიგიერი ”ღვთაებრივი კომედიით” ხელში.

როგორც ცნობილია, ილუსტრაციები  გალერეა უფიცის კოლექციას  1738 წელს შეემატა და მხოლოდ ორჯერ, 1865 წელს, დანტეს დაბადების 600 წლის აღსანიშნავად და 1993 წელს    დანტესთან დაკავშირებულ გამოფენაზე იხილა საზოგადოებამ.

ზუკარის ნამუშევრების ხილვა დანტესა თუ ხელოვნების მოყვარულებს 2021 წელს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ნახატები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული – თითოეულ ნახატს „ღვთაებრივი კომედიიდან“ თითო სტროფი შეესაბამება, რომელიც ნახატის აღწერაშიც იქნება დამატებული (ოფიციალურ საიტზე სტროფების იტალიური ვერსია უკვე ატვირთულია, თუმცა ინგლისური  ვერსიისთვის მნახველებს ცოტა ხნით დაცდა მოუწევთ).