სტრასბურგის ვერდიქტი – ოსების ქმედებებს რუსები „ეფექტიანად აკონტროლებდნენ“

12-წლიანი მოლოდინის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრესრელიზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 21 იანვარს გამოქვეყნდა.

საქართველომ ევროპულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პირველადი საჩივარი 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და დროებითი ღონისძიების მიღება მოითხოვა. ხოლო ოფიციალური, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 700-მდე მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის: ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებათა დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განნაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.

სტრასბურგის სასამართლომ გამიჯნა ცხინვალის რეგიონში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ.

საქმის შესწავლის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტოს) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, თუმცა რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა „ეფექტიან კონტროლს“ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში.

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება). აქედან გამომდინარე: „მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა ყველა შემთხვევაში არ იყო ნათლად გამოვლენილი, ის ფაქტი, რომ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედრო ტყვეები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოხვდნენ, ნიშნავს რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მოქმედებებზე ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი“- წერია სასამართლო ვერდიქტში.

სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მრავალი დოკუმენტისა და მტკიცებულების საფუძველზე დაასკვნა, რომ 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში იძულებით მოთავსებული 160 ქართველი სამოქალაქო პირი (უმეტესობა ასაკოვანი და ქალი), საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დააკავეს. ამ დროისათვის კი ისინი რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედიოდნენ. მოპასუხე მთავრობის (რუსეთის) არგუმენტი, რომ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა სარდაფებში მათივე უსაფრთხოების მიზნით გამოამწყვდიეს (ოსების მხრიდან შურისძიების საფრთხის გამო) დაკავების საფუძვლად არ იქნა მიღებული.

სტრასბურგის სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხიმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.